სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო მოხსენებისას ხელისუფლება გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური მთავრობის, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, მართლმადიდებელი ეკლესიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა დაახლოებით 40-წუთიანი მოხსენება უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო და ბუჩაში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერთი დუმილით პატივი მიაგო. 

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 1991 წლის 31 მარტს, დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის თარიღის „ისტორიულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ქართველმა ერმა ამ რეფერენდუმით „საკუთრი მომავალი გადაწყვიტა“. შესავალი ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. მანვე ქვეყნის ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსზეც გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, თუ სად იდგნენ გუშინ, როდესაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდგნენ და თუ სად დგანან ახლა, ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს ჩამოშორდნენ. გაიხსენა რა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის პირველ ეტაპზე გადადგმული მთელი რიგი დადებითი ნაბიჯები, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ უმრავლესობას უთხრა – „დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება“.

„სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, – განაცხადა მან.

ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ იმის გამოც უსაყვედურა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც „ჩიხშია შესული“, „არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას“. ამავე კონტექსტში, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა. „თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს“, – უთხრა მან „ქართული ოცნების“ წევრებს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სწორედ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და რიტორიკის შედეგია, რომ „2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“. ხაზი გაუსვა რა, ქართველმა ხალხმა „არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა“, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს ჰკითხა – „რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?“.

„ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა – არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და ამის საილუსტრაციოდ 2020 წლის ივნისის ანტისაოკუპაციო, 2022 წლის მარტის პროევროპული და 2023 წლის 7-9 მარტის „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაასახელა.

„რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის წამომადგენლების ევროპელი პარტნიორებისადმი ბრალდებებს, თითქოს ისინი საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვენ. 

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ „ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას და დასძინა – „ამდენად, რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ „მეორე ფრონტის“ თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი „ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა“. „ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს“, – ხაზი გაუსვა მან.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი „ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა“. „ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს“, – ხაზი გაუსვა მან.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, „დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის არც თუ ჩვეულებრივი გამოსვლა“. „ამ ტრიბუნას ბევრჯერ უნახავს სხვადასხვა ტიპის გამოსვლა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა… გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი [და] ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში“, – თქვა დავით უსუფაშვილმა და დასძინა – „ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით, მაგრამ არაუშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო“.

სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო ნორვეგიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 28 მარტს ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდრესენი დაიბარეს და ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემაზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე ნორვეგიის ელჩის კომენტარზეც გაამახვილა ყურადღება.

„გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, – განაცხადა გუშინ ნორვეგიის ელჩმა, რომელსაც მხედველობაში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ჰქონდა, სადაც მან სააკაშვილი ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შეადარა. ელჩის თქმით, ლინდებრეკეს სახელობის პრიზს ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ ასახავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ნორვეგიის საელჩო თბილისში სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა და რომ ამის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

„რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებიის ერთ-ერთ მონაწილეს 7-11-წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა, რომ 7-9 მარტს, თბილისში, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე „პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების“ ბრალდებით სისხლის სამართლებრივი წესით 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაშავდნენ სამართალდამცველები. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-11-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი 30 მარტს უკვე ოფიციალურად წარუდგინა. სასამართლომ მას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, გრიგორიადისი 29 მარტს, გვიან ღამით, მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მეგობრის საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა. მისივე განმარტებით, ბრალდებულის დაკავება „მოულოდნელი“ იყო, რადგანაც მანამდე მას პოლიციიდან არც უწყება მისვლია და საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე არ დაუბერებიათ.

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შესახებ განცხადებაში ისიც მიუთითა, რომ იგი წარსულში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და სისხლის სამართლის წესითაც იყო პასუხისგებაში მიცემული. 30 მარტს პროსახელისუფლებო ტელევიზია „პოს ტვ-მ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგორიადისი წარსულში მამის მიმართ ძალადობისთვის იყო ნასამართლევი და რომ იგი ელენე ხოშტარიას პარტიის, „დროას“ წევრია.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია. როგორც ის წერს, დაკავებული პირი არც „დროას“ წევრია და არც იცნობს მას, მაგრამ მის უფლებებს „ყველანაირად დაიცავენ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.