აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის“ გამო 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 4 ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს – ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები შეერთებულ შტატებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.
მისივე თქმით, დასახელებულმა მოსამართლეებმა, „ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.
„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. Ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
განცხადებიდან მალევე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება განმარტა.
მისი თქმით: „სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებით მათ უგულვებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოეხდინათ მოსმართლეთა დანიშვნებით მანიპულაცია. აღნიშნული კორუფციული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ“.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“ და რომ „სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას“.
6 აპრილს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოში სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს.
ლევან მურუსიძე მის მიმართ წაყენებულ კორუფციის ბრალდებებს სხდომის დასაწყისშივე გამოეხმაურა და განაცხადა: „კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა“. მურუსიძის თქმით, ეს მიზანი იყო აშშ-ის საელჩოს სურვილი „გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა “, რასაც ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ სხვადასხვა გზით, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. მან აშშ-ის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობის მაგალითად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში არამარტო ჩხიკვაძე, არამედ მისი მხარდამჭერი მოსამართლეებიც გახდნენ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი.
„მთავარი ის კი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქციას აშშ დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს, სხვათა შორის, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება“, – აღნიშნა მანვე.
ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელმაც განაცხადა: „რა გააკეთა ამ კაცმა განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ? რატომ იმსახურებდა ამას, მაგას ვერავინ იტყვის. მე რატომ არ ვარ, ვთქვათ, სანქცირებული ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?“. მან საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან „დაუყოვნებლივი“ შეხვედრაც მოითხოვა და თქვა, რომ ის და მურუსიძე მთავრობის მეთაურს საელჩოს თანამშრომლების მათთან კონტაქტის მტკიცებულებებს წარუდგენენ.
მის მიმართ სანქციების დაწესებას ირაკლი შენგელიაც გამოეხმაურა. მან კოლეგების მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს მტკიცებულებები სანქციების დასასაბუთებლად, ,,გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც ,,სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას“. მან ხაზგასმით განაცხადა: ,,მეც და ჩემი სხვა კოლეგები… ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას… ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით,“ „არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით“.
არასამთავრობოები „მხარს უჭერენ“ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე გადაწყვეტილებას
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40-ზე მე ადგიობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 მოქმედი და 1 ყოფილი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „მხარს უჭერს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას“.
„გავლენიანი მოსამართლეების მიმართ სანქციების გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მწვავეა მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და კლანურობის პრობლემები. ამ პროცესებით რეპუტაციული ზიანი ადგება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეებს კი ეზღუდებათ სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უფლება“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების თქმით, ისინი უკვე წლებია ქართული მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანის მმართველობას მიიჩნევს. „კლანი ალიანსშია ხელისუფლებასთან და პოლიტიკური ინტერესების მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებას იღებს არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მის საზიანოდ, ვიწრო პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად. სანქცირებული მოსამართლეები სწორედ ამ ჯგუფს წარმოადგენენ“.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქცია მოსამართლეების სანქცირებაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირება შეაფასა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქართველ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესების უკან „კორუფციული პროცესები“ დგას, რაშიც „განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი, [ენტონი ბლინკენი] გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“. „[ეს] არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე“, – ხაზი გაუსვა მან.
„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოს ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ „არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“.
ამის შემდეგ, მან „უცხოელი აგენტების ხელით“, ზოგადად, სასამართლო სისტემის „სტიგმატიზების“ მცდელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „მაღალ დონეზეც აწიეს ეს ყველაფერი“. „ტერმინები გამოიყენება, მათ შორის, კლანი, ახალი ტერმინი შემოიტანეს – კორპორატივიზმი და ა.შ. ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა, საბჭოური მეთოდებით ცდილობენ დაბრენდონ სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „აქაც არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მოხდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართა, მას შემდეგ, რაც გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ განაცხადა. წერილში დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ „სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა“.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას“, – წერს ილია დარჩიაშვილი და დასძენს, რომ „სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“.
მოსამართლეების დასანქცირება ოპოზიციის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.
„აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ“ – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ოთხი პირის დასანქცირების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყოს გათავისუფლებული,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ექს-პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!“
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს
10 აპრილს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა ყოფილიყო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები..