BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება კეზერაშვილს თაღლითობის გლობალურ ქსელთან აკავშირებს

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ 12 აპრილს სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალდაკვალ“, სადაც დეტალურადაა აღწერილი გლობალური თაღლითური სავაჭრო ქსელის ერთწლიანი გამოძიების შედეგები. გამოძიებამ, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის უკან მდგომი რამდენიმე პირიც დაასახელა, მათ შორის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილიცაა. ჟურნალისტური გამოძიება ერთ წელს გაგრძელდა და თაღლითური სქემის უკან მდგომ პირთა ჩრდილოვანი ქსელი გამოავლინა.

პოლიციისთვის Milton Group-ის სახელით ცნობილი ქსელი (ამ სახელს თაღლითები 2020 წლამდე იყენებდნენ) მოიცავდა 152 ბრენდს, მათ შორის, Solo Capitals-ს, რომლებიც სამიზნედ შერჩეულ მსხვერპლებს თაღლითური ქსელის მეშვეობით ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი ასი ათასობით გირვანქა სტერლინგს სძალავდნენ.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების გამოყენებით Milton Group-ის კომპანიებს შორის კავშირები დაადგინეს. სტატიის თანახმად, ყველგან ხუთი პირის სახელი ჩანდა, რომლებიც მითითებული იყვნენ დირექტორებად ან თავად Milton-ის სავაჭრო პლატფორმებზე ან დამხმარე ტექნოლოგიურ კომპანიებში. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

მათ ეს ხუთი სახელი Panama Papers-შიც მოიძიეს (ოფშორული კომპანიების შესახებ 2016 წელს მასიურად გაჟონილ დოკუმენტებში) და დაადგინეს, რომ ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი – ნახსენებნი იყვნენ როგორც დირექტორები, ან მაღალი თანამდებობის პირები იმ ოფშორულ კომპანიებსა თუ მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფში, რომელიც წინ უსწრებდა ზემოხსენებულ Milton-ის ჯგუფს. ამ კომპანიებიდან ბევრი დავით კეზერაშვილთან იყო დაკავშირებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ამდე არსებულ ქსელთან აკავშირებს, თუმცა აღნიშნულია, რომ მისი სახელი არაერთხელ გაჟღერდა. შედეგად, იგი იდენტიფიცირდება როგორც ქსელში არსებული სათავო კომპანიის დამფუძნებელი, ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი. გამოძიება ასკვნის, რომ „როგორც ჩანს, კულისებს მიღმა, ამ ყველაფრის ცენტრში სწორედ კეზერაშვილია“.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებდა და „არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონდა Milton-ის ბრენდებში“. თუმცა, ავტორები წერენ, რომ Milton-ის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ კეზერაშვილთან, კონფიდენციალურად აღიარეს, რომ მათ იცოდნენ Milton-ის ჯგუფთან მისი კავშირის შესახებ.

ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებულ ბრალდებებს დავით კეზერაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „არასდროს“ ჰქონია კავშირი „BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან“. „აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში“.

კეზერაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „უყურადღებოდ დატოვოს“ ის ზიანი, რასაც გავრცელებული მასალა მას აყენებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის წინააღმდეგ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, მისივე დაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი – „მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა“, – აღნიშნავს კეზერაშვილი და დასძენს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა გავრცელებულ მასალაში მასთან დაკავშირებული „როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე“ დაადასტუროს და „ამას დიდი დრო არ დასჭირდება“.

„ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება“, – ხაზს უსვამს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

18 აპრილს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისი განცხადებით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს. განცხადება კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, სადაც ევროპარლამენტში მისი გამოსვლა იგეგმებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით“.

განცხადებაში ხაზგასმულია ვიზიტისა და ევროპარლამენტში გამოსვლის მნიშვნელობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების კონტექსტში და რომ „ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად შერჩეული იქნება გამოსვლის სათანადო დრო“.

მთავრობის ადმინისტრაცია მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის „მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება“. „ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ.

კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ვერ შედგა

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო 20 აპრილის პლენარულ სხდომაზე უკვე მესამედ არ შედგა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა კენჭისყრის ჩატარებისთვის საჭირო რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს.

კენჭისყრის ჩატარებისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა გუშინდელის მსგავსად, დღესაც რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა დეპუტატმა გაიარა, რაც საკმარისი არ იყო.

პროცედურის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა გაუფრთხილდეს „სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს“ და რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ პრინციპის შესაბამისად მოქმედებს. „ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“, – ხაზი გაუსვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ბრალდებით ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ოპოზიციამ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა გასულ კვირას გააჟღერა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მის შესაქმნელად საჭირო 50 აქვს, მმართველი უმრავლესობის ბოიკოტის გამო ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მმართველი გუნდის მიერ კენჭისყრისთვის საჭირო რეგისტრაციის გავლაზე მესამე უარს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა მოუწოდოს უმრავლესობის წევრებს, რომ „კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს პარლამენტს“. 

„საქართველოს პარლამენტი უკვე მესამე დღეა პარალიზებულია, იმიტომ, რომ უმრავლესობა არის ბოიკოტის რეჟიმში და ხელისუფლება, რომელიც აქამდე უზურპირებული იყო, ახლა სრულად პარალიზებულია, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში“, – აღნიშნა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.