IRI-ის კვლევა: საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრვლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.
ამასთან, გამოკითხულების 62% აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30%% კი – მიიჩნევს, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს აღებული. ორივე შემთხვევაში იდენტური მაჩვენებელი იყო წინა, 2022 წლის სექტემბრის კვლევის მიხედვით. გარდა ამისა, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ პრობლემად 36 ეკონომიკას და უმუშევრობას ასახელებს, 19% ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებსა და მაღალ ფასებს, 6%-6% სიღარიბესა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს, 5% კი – შიდა კონფლიქტებს.
კითხვაზე – არჩევნები რომ ამ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას? – პირველ არჩევნად 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 14%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 3%-3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“, 2%-2%-მა კი – „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი“.
რაც შეეხება პარტიების უარყოფით რეიტინგებს, 39%-მა თქვა, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემდა, 34%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 16%-მა „კონსერვატიული მოძრაობა“, 13%-13%-მა კი – „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და „ევროპული საქართველო“.
ყველაზე მოსაწონ საჯარო ფიგურებს შორის პირველ ადგილზე 91%-ით კვლავ მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა. შემდეგ მოდიან: დედაქალაქის მერი, კახა კალაძე – 52%-ით; საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი – 48%-ით; საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი – 43%-ით; 36%-36%-ით ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და პატიმრობაში მყოფი ასევე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი; 35%-35%-ით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად რესპონდენტების 63% ევროკავშირს მიიჩნევს, 47% აშშ-ს, 27% უკრაინას, 18% თურქეთს, 16% კი – აზერბაიჯანს. რაც შეეხება ქვეყნისთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხულების 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8%-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა ირანი, 3%-3%-მა კი – სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი.
ამასთან, გამოკითხულების 34% რუსეთთან დიალოგს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 27% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 26% სრულად, 9% მეტწილად ეწინააღმდეგება, 4%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე. გარდა ამისა, რესპონდენტების 30% ძალიან ნეგატიურად აფასებს საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობების დინამიკას, ძალიან დადებითად კი – მხოლოდ 10%.
გამოკითხულების 89% სრულად ან მეტწილად ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას; 8% საერთოდ არ ემხრობა ან მეტწილად არ ემხრობა; 3%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე. რაც შეეხება ნატოს, ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას სრულად ან მეტწილად რესპონდენტების 80% ემხრობა. 14% საერთოდ ან მეტწილად არ ემხრობა; 6%-მა კი არ იცის ან უარია პასუხზე.
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც ჰკითხეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტის ფონზე უკან გაიხმო. 46%-მა თქვა, რომ ამ კანონპროექტის შესახებ სმენია, 31%-ს მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მათგან, ვისაც მის შესახებ სმენია, 42% ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას. 38%-მა აღნიშნა, რომ მისი მიზანი არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმება იყო. იმავე რაოდენობის აზრით, ამგვარი კანონის მიღება საქართელოს რუსეთთან აკავშირებს. 13%-ის მოსაზრებით, მისი მიღება საქართველოს ეროვნული ინტერესებშია.
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი შეაფასა, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა. საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებებს.
სასამართლომ თავის კომპეტენციად მიიჩნია საქართველოსთვის სამართლიანი კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა კონვენციის 41-ე მუხლით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეწყვეტილი აქვს და არც საქმის განხილვაში მონაწილეობდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ ითანამშრომლა სასამართლოსთან, ამან ბრალდებების შეფასება ვერ შეაფერხა. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ „ევროპის საბჭოში ხელშემკვრელი მხარის წევრობის შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კონვენციის ორგანოებთან თანამშრომლობის მოვალეობისაგან“.
კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა სხვადასხვა ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ, მათ შორის იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, სახლების დაწვა და ძარცვა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, თვითნებური დაკავება, სამხედრო ტყვეების წამება, დაბრუნების ხელის შეშლა და სათანადო გამოძიების ჩაუტარებლობა.
სასამართლომ რუსეთს 129 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2021 წლის 21 იანვარს მიღებულ თავდაპირველი გადაწყვეტილებაში უკვე იყო დადგენილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი რიგი დარღვევები, მათ შორის სამოქალაქო პირების მკვლელობა, სახლების დაწვა და ძარცვა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, თვითნებული დაკავება, წამება, დაბრუნების ხელის შეშლა და ადეკვატური გამოუძიებლობა.
ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ინციდენტის შესახებ მაშინვე შეატყობინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი, რათა უკანონოდ დაკავებული პირები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.
სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.
ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) გამოვა სიტყვით, სადაც ულტრა-კონსერვარიული პოლიტიკოსები შეიკრიბებიან. CPAC-ის მეორე ყოველწლიური კონფერენციის დევიზია – „ერთად ძლიერები ვართ“. პირველი კონფერენცია, რომელიც ასევე ბუდაპეშტში გასულ წელს გაიმართა, ფოკუსირებული იყო ღირებულებებზე – „ღმერთი, სამშობლო და ოჯახი“.
გასული წლის მსგავსად, წელსაც კონფერენციის მთავარი მომხსენებელი უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანია. გამომსვლელებს შორის ასევე არიან: სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იანეზ იანსა; ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი; ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიSი და Heritage Foundation-ის ფონდის პრეზიდენტი, კევინ კობერტსი.
ბუდაპეშტის ფუნდამენტურ უფლებათა ფონდი Twitter-ზე მიესალმა ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას კონფერენციაში და აღნიშნა: „მას მიაჩნია, რომ საქართველო ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებების მქონე კონსერვატიული საზოგადოებაა“.
ორგანიზაციის თქმით, „გენდერული პროპაგანდა არც საქართველოსადმია კეთილგანწყობილი, თუმცა ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას და ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს ლგბტქ პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ ზეწოლას“.
ამ ცნობაზე მკაცრი რეაქცია ჰქონდა ევროპის სოციალისტურ პარტიას (PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“.
„თუ PES-ის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან პრემიერ-მინისტრს სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და ამერიკელ კონსერვატიულ კონფერენციასთან, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, – განაცხადა PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა.
ამასთან, ევროპის სოციალისტური პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელთა წევრობასთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის სტეფან ლოფვენმის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას აპირებდა.
PES-ის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში განიხილავენ.