ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მაისს, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ძირითადი ყურადღება ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახსა და ქრისტიანულ რელიგიაზე გაამახვილა.

მან კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის „განსაკუთრებული“ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემირესა და „ძვირფას მეგობარს“, ვიქტორ ორბანს და თქვა, რომ იგი ამ „რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი“ ლიდერია. მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერი „იცავს საკუთარი მამაცი ერისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია“.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ, სხვა ერების მსგასად, თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები გამოარა და „ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები“. ამ კონტექსტში მან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულასშტაბიან ომზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისივე თქმით, „ყველას გვეხება“ და „რომლის დასასრულიც არ ჩანს“.

„გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა,რომ კაცობრიობის მიზანი და ამოცნა „მშვიდობის უზრუნველყოფაა“. „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად“.

„ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში“, – გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება, თუმცა დასძინა, რომ „ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე“…, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის“. დაიმოწმა, რა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სიტყვები, რომ „თავისუფლებას – ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან“, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გარკვეული ძალები თავისი მიზნების მიღწევას „სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით“ ცდილობენ.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!“, – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ„ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება“.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვა. გვარამიას 2022 წლის 16 მაისს პატიმრობა შეუფარდეს. 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა.

ევროპარლამენტარები გმობენ „ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს“ და აცხადებენ, რომ „კრიტიკული მედიის გაჩუმება არ უნდა ხდებოდეს“, ვინაიდან ის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტია. წერილში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს პრეზიდენტის უფლებამოსილება გვარამიას პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

„საქართველომ დამოუკიდებლობის დღიდან მკაფიოდ განაცხადა თავისი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ეს ევროპული გზა კონსტიტუციაშია ასახული და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქართველი ხალხის თითქმის 90%-ის მხარდაჭერით, რომელმაც თანმიმდევრულად აჩვენა თავისი ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები და ხაზს უსვამენ, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ორი გულისხმობს მეტ ძალისხმევას თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე ისეთი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც იქნება სრულიად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი.

ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს და „დაეხმარება საქართველოს დაუახლოვდეს თავის ეროვნულ მიზანს – ევროკავშირის წევრობას“.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარკეტა გრეგოროვა, პატრიკ ბრეიერი, ფაბიო მასიმო კასტალდო, ანა ფოტიგა, რაფაელ გლუკსმანი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, მიკულას პეკსა და სხვები.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 10.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ 5 მაისს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებ ქრისტინე თაკალანძეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს

ქრისტინე თაკალანძე ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს და მის წინაამღდეგ საქმე რეგიონის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 274-ე მუხლით აღძრეს, რაც 10-15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოკუპირებული რეგიონის ,„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ თაკალანძის დაკავებისა და მისი პირადი ნივთების ჩხრეკის ამსახველ ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანდა, რამდენიმე ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საბანკო და სააფთიაქო ბარათები, ასევე ქართული ქორწინების მოწმობა. კადრებში აგრეთვე ჩანდა ქართული ანბანით ნაწერი ორი წერილი. ერთში დაუზუსტებელი პირი გალიდან ან ზუგდიდიდან გარკვეული მედიკამენტის ჩამოტანას ითხოვდა. მეორე, ნაწილობრივ დამწვარ წერილში კი – ასევე დაუზუსტებელ პირთან ნდობაში შესვლასა და გარკვეული ინფორმაციის მიღებაზე იყო საუბარი.

საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მაშინ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ თაკალანძის „უკანონო დაკავების ფაქტთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. ასევე, გააქტიურეს ევროკავშირის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – თქვეს მაშინ სუს-ში და დასძინეს, რომ „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“.

სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.