კარლ ჰარცელი ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო აკრტიკებს

„19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გზაზე პროგრესის მისაღწევად. არ ვიტყვი, რომ ეს არის ამის ერთადერთი გზა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი საიმედო ასეთი გზა,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება კარლ ჰარცელმა ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტის „მომავლის გზა საქართველოსთვის“ პირობების შესრულების მონიტორინგის შედეგების წარადგენამდე გააკეთა.

მსურს ვთქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გზაზე პროგრესის მისაღწევად. არ ვიტყვი, რომ ეს არის ამის ერთადერთი გზა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი საიმედო ასეთი გზა და თუ არჩევანი მასზე არ გაკეთდება, მაშინ ისმის კითხვა, „რომელი გზაა?“ – აღნიშნა ელჩმა.

„ღია საზოგადოების ფონდმა“, რომელიც კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის ქვეთავზე მუშაობდა, განაცხადა, რომ მმართველი პარტია უარს ამბობს ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, „დახურულ კარს მიღმა“ მიმდინარეობს. 

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში უარესდება

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში მეოთხე წელია უარესდება და 2021 წელს 10 ქულიდან 5.12 ქულამდე დაეცა.

საქართველოს 2021 წლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო ათწლეულში. 2020 წელს ქვეყანას 5.31 ქულა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ 91-ე ადგილი შეინარჩუნა 167 ქვეყანას შორის და კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიაში რჩება.

ხუთი კონკრეტული კომპონენტიდან, საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (3.57 ქულა) მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს; 3.75 ქულა – პოლიტიკური კულტურის კომპონენტში; 5.29 ქულა – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში; 5.56 ქულა – პოლიტიკური მონაწილეობის კომპონენტში და 7.42 ქულა – საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კომპონენტში.

ანგარიში 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებსაც მიმოიხილავს და საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ფინანსური და სხვა უპირატესობით სარგებლობდა, რაც საარჩევნო კონკურენციას და გამჭვირვალობას ხელს უშლიდა.

ამჟამად, საქართველო ერთერთია აღმოსავლეთ ევროპის ოთხი „ჰიბრიდული რეჟიმიდან“ და იგი ამ კატეგორიას სომხეთთან და უკრაინასთან იყოფს – ორივე ქვეყანა კვლავ უსწრებს საქართველოს 2021 წლის გლობალურ რეიტინგში და 89-ე და 86-ე ადგილებს იკავებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს უკრაინის დატოვებისკენ არ მოუწოდებს

12 თებერვალს გავრცელებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და მოქალაქეებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს, თუმცა ქვეყნის დატოვების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს “ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას” სთავაზობს.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩო და საკონსულოები “საგანგებო რეჟიმში” მუშაობენ. საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, “გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო”.

12 თებერვალს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის “დაუყოვნებლივ” დატოვებისკენ მოუწოდა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.

იმავე დღეს ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და მუშაობას აგრძელებს.

სამთავრობო ცვლილებები – ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა

9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ოთარ შამუგია იქნება.

„მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განვახორციელეთ. ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ლევანი წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ბოლო 5 წელი სამინისტროსა და ქვეყანას ერთგულად ემსახურა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ის განათლებით ეკონომისტია. ძალიან კარგი ცოდნა აქვს და ახლა უკვე გამოცდილება აქვს დაგროვილი. მჯერა, წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება. ლევანი ამავდროულად ვიცე-პრემიერია და რა თქმა უნდა, ეს თანამდებობაც შეუნარჩუნდება.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.