თბილისში ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად მასშტაბური აქციები გაიმართა

20 და 24 ივნისს თბილისში ევროკავშირშის საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად მასშტაბური აქციები გაიმართა. 20 ივნისის აქციას Netgazeti-ის ინფორმაციით 140-160 ათასი ადამიანი ესწრებოდა. 

აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები თბილისის 10 უნივერსიტეტიდან, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. მანიფესტაციას ძირითადად საზოგადოებისთვის ცნობილი პირები უძღვებოდნენ და გამომსვლელებს შორის არ ყოფილან პოლიტიკური ფიგურები. 

აქციაზე შეკრებილებს 20 ივნისს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა – ანა ფოტიგამ, რასა იუკნივიჩიანემ, მარკეტა გრეგოროვამ და ანდრიუს კუბილიუსმა. 

აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაშუქდა და მას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონიც. 

პრო-ევროპული დემონსტრაცია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. „ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა“, – განაცხადა გუშინდელი აქციის შეფასებისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე, თუნდაც გუშინ იყო გამოსული… [და] ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%“.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ასევე გაიმეორა, რომ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ნაციონალური მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები იყვნენ, თუმცა მისულთა შორის მისი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც მხარს მმართველ პარტიას უჭერენ.

„გუშინ, რუსთაველზე იდგა არა ოპოზიციის რესურსი, არამედ საქართველოს რესურსი, ქვეყნის, ერის, სახელმწიფოს რესურსი, იმ ადამიანების რომლებიც ძალიან მტკიცედ, ყოველგვარი კითხვების გარეშე დგანან იმ პოზიციაზე რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო და წარმატებული. ეს ყველაფერი მიიღწევა ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციით… ახლა, თუ ხელისუფლება არ არის ყრუ და ბრმა, ეს უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს ძალიან ბევრი რამ, რასაც ეს ხალხი ამბობს“. – თქვა პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდრმა დავით უსუფაშვილმა.

24 ივნისის აქციაზე Netgazeti-ის ინფორმაციით 60-80 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის პარლამენტში მისი ფრაქციის თავმჯდომარემ – დავით არახამიამ. 2

4 ივნისის აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიამ” ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნაც წაუყენა და 3 ივლისამდე ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგადაც „ეროვნული თანხმობის საფუძველზე შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიკრიბება კომპრომისის საფუძველზე“.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა. 2022 წლის დეკემბრამდე ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში კი საქართველო ავტომატურად გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

3 ივლისს თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩატარდება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ორგანიზაცია „სირცხვილიას” წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 ივლისამდე აქციის ორგანიზატორები რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს შეკრებენ, 3 ივლისს კი თბილისში „აზვირთდებიან“ და პარლამენტის შენობის წინ დარჩებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანამ არ დაიშლებიან, სანამ „ოლიგარქია არ დაიშლება“.

„3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთის ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, – აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

3 ივლისის აქციის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 20 ივნისს „იყო ევროპის იდეის გარშემო აქცია, როგორც კი გადაიყვანეს ეს ყველაფერი პოლიტიკური მოთხოვნებში, ნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა. ამდენიც შეიძლება არ დარჩეს [3 ივლისის აქციაზე], 10 ათასი ადამიანია მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ“.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს “თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით” არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ “თუნდაც სანახევროდ შეავსონ” თავისუფლების მოედანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.