მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მრავალეროვნული სახმედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მრავალეროვნულ სწავლებაში, რომელიც 29 აგვისტო-9 სექტემბრის პედიოდში იმართება, საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2 400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. სწავლება მოიცავს სიმულაციურ, სიტუაციურ ვარჯიშებს, მათ შორის, საცეცხლე სავარჯიშოებსა და კომბინირებულ მექანიზებულ მანევრებს.
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვმია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი და ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა. ასევე, წელს სწავლებაში პირველად მონაწილეობენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა კრიტიკული ტელეკომპანიების – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ პარტია ქართული ოცნების საჩივარი და კამპანია „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში განთავსების გამო „მთავარი არხი“ 118 688.67 ლარით (წლიური შემოსავლის 1%) დააჯარიმა, დანარჩენ ორ ტელევიზიას კი – წერილობითი გაფრთხილება გამოუცხადა.
კომისიამ „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველისთვის“ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება და „მთავარი არხის“ დაჯარიმება იმით ახსნა, რომ პირველ ორ მათგანს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იდენტური დარღვევა არ ჰქონიათ, „მთავარმა არხმა“ კი – ამ პერიოდში კანონი უკვე მეორედ დაარღვია. ამასთან, კომისიის განმარტებით, „მთავარი არხი“ 2019-2021 წლებში, იმავე დარღვევისთვის ჯამში 4-ჯერ გაამტყუნეს.
კომისიამ ტელევიზიების მიერ ეთერში გაშვებული ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და განმარტა, რომ მისი არასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაშვება კანონდარღვევაა. „წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე“.
ამდენად, კომისიის შეფასებით, ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციაა, რომელიც პირთა განუსაზღვრელი წრისათვის არის გამიზნული და „ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას“.
დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს „მთავარი არხი“. ტელეკომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ისინი კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს. მით უმეტეს, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რომ ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმონ“, – აღნიშნა მან.
„ტელეკომპანია პირველის“ კომერციული დირექტორის, ნანა აბურჯანიძის თქმით, თავიდანვე ეჭვი არც ჰქონდათ, რომ ყველაფერი „წინასწარვე იყო განსაზღვრული და დადგმული“. „გვაქვს მორიგი გაწბილება მარეგულირებელი კომისიის მიმართ“.
მედიის ადვოკატირების კოალიციაში 23 აგვისტოს განაცხადეს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „დაუსაბუთებელი“ და „პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს“, რაც „მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში“.
სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 აგვისტოს, ყირიმის პლატფორმის სამიტზე ვიდეოფორმატში ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ყირიმი უკრაინაა! ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი“. – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„…ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია უკრაინაში თებერვალში არ დაწყებულა და ყირიმი მართლაც იყო საწყისი გამოწვევა. ეს ძალიან კარგად გვახსენებს, იმას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უპასუხო გამოწვევები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპასუხო აგრესია, მხოლოდ მეტ აგრესიას და მეტ არასტაბილურობას იწვევს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოსთვის „კარგადაა ცნობილი და ხელახლა გაიხსნა მრავალი ჭრილობა, რადგან, კრემლის აგრესია მისი მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც საქართველომ 1921, 1992 და 2008 წლებში განიცადა“.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა და ოკუპაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა ფასი გადაიხადეს და იხდიან თქვენი ჯარისკაცები და მთლიანად თქვენი მოსახლეობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მანვე დაამატა, რომ „ჩვენ მოწმენი ვიქნებით, რომ ჩვენი ერები დაიბრუნებენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში“.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, Slava Ukraini!“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.