პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში
(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)
ნაწილი VII -ბელარუსი
ბელარუსი
ბელარუსი ბევრის აზრით ევროპის უკანასკნელი დიქტატორული სახელმწიფოა, ვინაიდან მისი მმართველი, ალექსანდრ ლუკაშენკო, უკვე 24 წელია სახელმწიფოს მართავს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად რეპრესიული პოლიტიკისა, მას მაინც აქვს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერა და „მტკიცე ხელი“ არ არის მხოლოდ ის ბერკეტი, რომლითაც იგი ახერხებს ქვეყნის სათავეში დარჩენას უკვე ფაქტობრივად მესამე ათწლეულია. მისი სისტემა შესაძლოა განხილული იქნას პოპულიზმის სპექტრში. ბელარუსის საკითხის განხილვა სწორედ ლუკაშენკოს მიერ ქვეყნის სათავეში განვლილი ათობით წლის მოკლე აღწერით იწყება,
ლუკაშენკო – „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოპულიზმი გახდა ეფექტური ინსტრუმენტი ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. ამ მხრივ კარგ მაგალითს წარმოადგენს ბელარუსი, სადაც 1994 წელს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, კვლავ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად რჩება ქვეყანაში. მისი ხანგრძლივი მართველობა, გარდა რეპრესიული პოლიტიკისა, ნაწილობრივ დაკავშირებულია ღრმა პოპულიზმთან, რომლის საშუალებითაც ის მასას ეფექტურად აკონტროლებს.
ბელარუსში პოპულიზმის გამოჩენა დაკავშირებულია ლუკაშენკოს არჩევასთან. მისი წარმატების ფორმულა შეიცავდა 3 კომპონენტს: თავდაპირველად მან შექმნა ხალხსა და ლიდერს შორის თბილი დამოკიდებულება, შემდგომ შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები და გარკვეული კომუნიკაციის ფორმები დაამკვიდრა, საბოლოოდ კი ლუკაშენკომ წარმატებით შექმნა სახალხო დამცველის სახე. (Project, 2012)
ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო 1994 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება ბელარუსში. ყველა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი რეიტინგი სტაბილური იყო, ამიტომ ის არ საჭიროებდა ძლიერ პოპულისტურ რეტორიკას. თუმცა 2013 წელს მისი რეიტინგი 42.3 % მდე დაეცა, რამაც მისი მხრიდან პოპულისტური იდეების გაჟღერების გააქტიურება გამოიწვია, 2015 წლის საარჩევნო კამპანიისას ლუკაშენკოს დიდი ძალისხმევის გაღება დასჭირდა, რათა კვლავ ყოფილიყო ბელარუსში ძალაუფლების წყარო. (BelarusFocus, 2016). 2015 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკომ 83.5%-ით იმარჯვა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. (Pomerantsev, 2017)
ლუკაშენკოს ძირითადი პოპულისტური დაპირებები
სოციალური პოლიტიკა
მის ერთ-ერთ დაპირებას „მოსახლეობის ჯიბეების დაზოგვა წარმოადგენდა“, ეს უკანასკნელი კი კომუნალური გადასახადების შემცრებაში გამოიხატებოდა. აღნიშნული მიდგომა დღევანდელი გადმოსახედიდან მოძველებულია, თუმცა ფართო მასებზე გავლენა აქვს, თუ ამასთან ერთად სხვა დამატებით სარგებელიც იქნება შეთავაზებული. კეთილდღეობის სახელმწიფოს შენება ქვეყნის ეკონომიკურ სიმყარეზე მიუთითებს. როდესაც სახელმწიფოში დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი საშუალოზე ნაკლებია, აღნიშნული მოდელის სარგებლის დანერგვა ნაადრევია. თუმცა საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის მარტივი არაა ამის გაანალიზება. ისინი ყოველთვის ზედაპირულად უყურებენ და სიღრმეებში ნაკლებად ჩადიან, შესაბამისად, მარტივად განიცდიან მსგავსი ტიპის დაპირებების გავლენას.
დემოგრაფიული პოლიტიკა
ერთ-ერთი კამპანია იყო „big family programme“, რომელიც ერთგვარ დემოგრაფიულ პოლიტიკას წარმოადგენდა, კერძოდ, 3 ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახს გადაეცემოდა 10000$. აღნიშნული კამპანიით იგი ცდილობდა ხალხის გულის მოგებასა და დემოგრაფიული პრობლემის მარტივად გადაჭრას. (Staryie Dorogie, 2014)
ლუკაშენკო ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ
ზოგადად, ბელარუსის შემთხვევის განხილვა ლიბერალური პრინციპების სპექტრში შესაძლოა სასაცილოც კი იყოს, ვინაიდან ამ ქვეყანას უკვე 24 წელია ერთი პირი მართავს, ბევრი ბელარუსს ევროპის უკანასკნელ დიქტატორულ ქვეყანადაც მიიჩნევს. თუმცა ყურადღების გამახვილება კონკრეტულ ასპექტებზე ანტილიბერალურ კონტექსტში აუცილებელია.
პირველ რიგში ეს ეხება სიტყვის თავისუფლებას, 2006 და 2010 წლებში ათიათასობით ადამიანი აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, ასობით მათგანი დაიჭირეს, დემოკრატიული და ლიბერალური იდეების მატარებელი ოპოზიცია კი ქვეყნიდან განდევნეს. (Pomerantsev, 2017)
მანიფესტაცია ძალით დაშალეს 2017 წელსაც, სადაც 1000-მდე ადამიანიდან 400-ს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს, 57-ს პატიმრობა შეეფარდა (Erickson, 2017).
ბელარუსში დაუშვებელია იმ ინფორმაციის გაჟღერება, რომლის ხალხამდე მიტანაც მთავრობის ინტერესებში არ შედის. მაგალითად, მკვლევართა ნაწილი, რომელთაც სურდათ გამოეკვლიათ 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის გავლენა ბელარუსში ბავშვთა ჯანმრთელობაზე, დააპატიმრეს ან განდევნეს ქვეყნიდან. ცნობისთვის, 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შედეგად რადიაციული ნაკადების 70% ბელარუსს დაატყდა თავს. სახელმწიფო ისევ მალავს, თუ რა გავლენა იქონია რეალურად ამ კატასტროფამ ბავშვთა ჯანმრთელობაზე ქვეყანაში. (Pomerantsev, 2017)
ლუკაშენკო, რუსეთი და დასავლეთი
ბელარუსი გამოკვეთილად პრო-რუსული ორიენტაციის ქვეყანაა. პრო-რუსულია მისი მმართველი ძალაც და შესაძლოა, უფრო მეტად რუსული ორიენტაციის იყოს თავად ხალხიც. მოსახლეობის უმრავლესობა სისტემატურად უყურებს რუსულ ტელევიზიებს და ძნელია იმის დადგენა, თუ რომელ მედიაარხებს ენდობა უფრო მეტად ხალხი, ბელარუსულს თუ რუსულს.
ყურადსაღებია 2014 წლის უკრაინის მოვლენებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაც. მაშინ, როდესაც ლუკაშენკომ ყირიმთან დაკავშირებულ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალური მხარე დაიჭირა, გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ კრემლს უჭერდა მხარს.
ბელარუსი ენერგეტიკული კუთხით დამოკიდებულია რუსეთზე. გარდა ამისა, ქვეყნის მიერ წარმოებული ტექნიკის გასაღების ძირითადი ბაზარიც სწორედ რუსეთია.
ყოველწლიურად ბელარუსი მთელი თავისი GDP-ის 20%-ს რუსეთიდან იღებს. ლუკაშენკომ ბელარუსი აქცია რუსეთის ეკონომიკის ნაწილად, რომელიც მოგებაზე არ მუშაობს. იმისთვის, რომ ლუკაშენკომ განავითაროს დამოუკიდებელი ეკონომიკა, მან უნდა გაატაროს რეფორმები, რომელსაც თავად ძალიან უფრთხის, ვინაიდან მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის მმართველობასა და ძალაუფლებას. ამიტომაც დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობა, მიაბრუნონ ის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, უშედეგოა. (AlJazeera, 2016)
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს განსხვავებული და უფრო მეტად დასავლური სამყაროსთვის დამახასიათებელი ასპექტებიც, რომელთა შესახებაც შეიძლება საუბარი ბელარუსის კონტექსტში. მაგალითად, ქვეყანა ლიდერობს ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ევროკავშირის შენგენის ზონის ვიზის მფლობელების რაოდენობის საკითხში. მოსახლეობის მეხუთედი დასავლეთს სტუმრობს რეგულარულად. საინფორმაციო ტექნელოგიების სექტორი 2016 წელს გაიზარდა 20%-ით (მიუხედავად მშპ-ს 3%-იანი კლებისა). აღსანიშნავია, რომ პოპულარული აპლიკაცია Viber და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაში, World of Tanks-იც, ბელარუსის სახელთანაა დაკავშირებული.
ბელარუსში კაზინოები ყვავიან. მას შემდეგ რაც 2009 წელს რუსეთში აზარტული თამაშები აიკრძალა, ამ მიმართულებით ყველაზე მიმზიდველი ადგილი სწორედ ბელარუსი გახდა. (Pomerantsev, 2017)
დასკვნა
ამგვარად, ბელარუსი არის ქვეყანა, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკო, ქვეყნის პრეზიდენტი, უკვე მესამე ათწლეულია სტაბილურად ფლობს მართვის სადავეებს, რის გამოც მას დიქტატორადაც მიიჩნევენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა და ნაწილობრივ ეს მის პოპულისტურ მიდგომებთანაც არის დაკავშირებული. მისი პოპულისტური იდეები ძირითადად სოციალური დაპირებებით შემოიფარგლებოდა, რაც ნაწილობრივ დემოგრაფიულ პოლიტიკაშიც აისახა. მიუხედავად ამგვარი მასშტაბის მხარდაჭერისა, ხანდახან ის მაინც ატარებს რეპრესიულ პოლიტიკას, რაც სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი კვლევითი საქმიანობის წარმოების შეზღუდვაშიც გამოიხატა. ყოველივე ეს აღიქმება ანტი-ლიბერალურ კონტექსტში. ბელარუსი აშკარა პრო-რუსული ორიენტაციის სახელმწიფოა, მეტიც, მისი მოსახლეობა იმდენად არის რუსეთზე დამოკიდებული, რომ არც ქვეყნის ლიდერს და არც თავად რუსეთს არ სჭირდებათ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობის ხელოვნურად რეგულირება. თუმცა, მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, არსებობს ასპექტები, რომლებიც ქვეყანას აახლოებს დასავლეთთან, ბელარუსს მიღწევები აქვს კომპიუტერულ სფეროშიც.