პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში
(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)
ნაწილი IX – მიგნებები
პოპულისტური სამყარო და ლიბერალური მსოფლიო წესრიგი
21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში აშკარაა პოპულისტური ძალების გააქტიურება და ყოველივე ეს იმ ქვეყანათა მაგალითზეც დადასტურდა, რომლებიც აღნიშნულ ნაშრომში იყვნენ წარმოდგენილნი. ამასთანავე, ისიც ფაქტია, რომ ამ ძალების უმრავლესობა ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ მიდის და შესაძლოა ითქვას, რომ უპირისპირდება, ზოგადად, ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ათობით წლის განმავლობაში იწრთობოდა და ყალიბდებოდა მსოფლიოს მოწყობის დომინანტ და, ერთი შეხედვით, უალტერნატივო სტრუქტურად. თუმცა პოპულისტური ძალების გააქტიურებასთან ერთად გაღვივდა სკეპტიციზმის განცდაც აღნიშნულ შეხედულებასთან მიმართებით და, მრავალი კრიტიკოსისა და ექსპერტის აზრით, ეს, შესაძლოა, ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრულსაც მოასწავებდეს. აღსრულდება თუ არა ყოველივე ეს, რა არის უკეთესი, ლიბერალური მსოფლიო წესრიგი თუ ის ალტერნატივები, რომლებსაც მისი მოწინააღმდეგენი სთავაზობენ კაცობრიობას, ინდივიდუალურად თითოეული ამ საკითხით და, ზოგადად, პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანის განსასჯელია. თუმცა ერთი ფაქტია, დაახლოებით 20 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლიბერალური მოწყობა უალტერნატივო ჩანდა და ზოგი მისით განპირობებულ „ისტორიის დასასრულსა და უკანასკნელ ადამიანზე“ საუბრობდა, რაც სწორედ ლიბერალური მოწყობის მსოფლიოს მასშტაბით სრულ დომინირებას გულისხმობდა, ფარედ ზაქარიამ იწინასწარმეტყველა „არალიბერალური დემოკრატიის“ აღზევება (Zakaria, 1997), რომელიც ლიბერალური წესრიგის ერთგვარ ალტერნატივად წარმოჩნდებოდა და საფრთხეს შეუქმნიდა მას, რაც აღსრულდა კიდეც, დღეს „არალიბერალური დემოკრატია“ მართვის სწორედ ის ფორმაა, რომლითაც ხელმძღვანელობს პოპულისტთა უმრავლესობა.
ამგვარად, ნაშრომის აღნიშნულ ნაწილში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ზემოაღნიშნული ქვეყნების შემთხვევაში ინდივიდუალურ დონეზე წარმოჩნდა, შემოთავაზებულია ერთგვარი ერთობლივი ანალიზი, თუ რატომ წარმოადგენენ პოპულისტური ძალები მთავარ საფრთხეს ლიბერალური პრინციპებისა და მსოფლიო მოწყობისთვის, როგორ ხელყოფენ ისინი სახელმწიფოს მოწყობის ლიბერალურ პრინციპებს, ლიბერალურ ღირებულებებს და კონკრეტულად რა გარემოებები ამძაფრებს მათგან მომავალ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს.
პირველ რიგში, პოპულისტური ძალები საფრთხეს უქმნიან ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რადგან მათი ნაწილი ხელყოფს იმ ინსტიტუციებსა და სახელმწიფო მოწყობის წესს, რომელიც ლიბერალურ მოწყობას ახასიათებს, რაც გამოიხატა ისეთი ქვეყნების შემთხვევაში, როგორიცაა უნგრეთი და პოლონეთი, ვინაიდან სწორედ ამ ქვეყნებში უპყრიათ ხელთ პოპულისტებს ხელისუფლება, მათ შესწევთ უნარი და აქვთ ბერკეტები იმისა, რომ ხელყონ ზემოაღნიშნული ინსტიტუციები. კონკრეტულად ეს გამოიხატა ხელისუფლების შტოების დამოუკიდებელი და დაბალანსებული ფუნქციონირების წესის ხელყოფაში, რაც კონსტიტუციონალიზმის, ლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას გულისხმობს. ე.წ. „Power Checks Power” პრინციპის მიხედვით. დაუშვებელია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ერთი ძალისთვის დაქვემდებარება, ვინაიდან ეს მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებელი მოქმედებას საფრთხეს შეუქმნის. პოლონეთის და უნგრეთის პოპულისტური სისტემების შემთხვევაში სწორედ აღნიშნული პრინციპის დარღვევის ნიშნები გამოვლინდა, რაც, კონკრეტულად, პოპულისტი ლიდერების მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად სასამართლო ხელისუფლების თავისუფლების შეზღუდვასა და მის იმ მმართველ ძალაზე დამოკიდებულების ზრდაში გამოიხატა, რომელიც ფლობს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასაც. უნგრეთში ეს საკონსტიტუციო სასამართლოს (უმაღლესი ინსტანცია ქვეყნის დონეზე) მიერ კონსტიტუციაში მიღებული კანონების გადახედვის და, საჭიროებისამებრ, მათ წინააღმდეგ წასვლის უფლების ჩამორთმევაში გამოიხატა, ხოლო პოლონეთში ეს მოხდა სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნის საკითხში კანონმდებლებისა და მინისტრების (აღმასრულებელი ხელისუფლების) უფლებამოსილების გაზრდით, რაც მოსამართლეების მათზე დამოკიდებულების ზრდასა და თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. პოლონეთის შემთხვევაში შეიზღუდა სახალხო დამცველისა და პროკურორის თავისუფლებაც და ისინი ხელისუფლებაზე უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულნი, რაც ამ უკანასკნელს უქმნის ბერკეტს, გავლენა იქონიოს მათზე, ეს კიდევ ერთი ნიშანია ლიბერალური პრინციპების ხელყოფის.
გარდა ამისა, ლიბერალური პრინციპებს ეწინააღმდეგება პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვაც, რაც ორივე ქვეყნის მაგალითზე გამოიკვეთა. უნგრეთის შემთხვევაში მედიათავისუფლების ხელყოფა იმ მედიასაშუალებების დახურვით იყო განპირობებული, რომლებიც ხელისუფლების იდეებს არ იზიარებენ. ამის გამოვლინებაა 2016 წელს უნგრეთის მთავარი ოპოზიციური გაზეთის, „ნეპსზაბადსაგის“ გამოცემის მოულოდნელი შეწყვეტა, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, პოლიტიკურ ნიადაგზე დახურეს. პოლონეთში კი მედიათავისუფლება შედარებით უფრო შეიზღუდა უმაღლესი მედიამოხელეების დანიშვნის პრეროგატივის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემით.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, რომლის შეზღუდვაც ასევე ეწინააღმდეგება ლიბერალურ პრინციპებს, უნგრეთში ორბანმა არასამთავრობოების შეზღუდვა უცხოეთიდან შემოსულ შემოწირულობებზე 25%-იანი გადასახადის დაწესებით შეძლო, რაც, მისი თქმით, მიზანმიმართულია იმ არასამთავრობოების წინააღმდეგ, რომლებიც სოროსსა და მის ანტი-უნგრულ, პრო-მიგრანტულ იდეებთან არიან დაკავშირებულნი, თუმცა ეს რეგულაცია ზღუდავს იმ არასამთავრობოებსაც, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, მაგრამ, შესაძლოა, სოროსსა და მიგრანტების საკითხთან არაფერი ჰქონდეთ საერთო. რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყნის პოპულისტი ლიდერების აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გადანაწილება უნდა კონტროლდებოდეს პრეზიდენტისა და სენატის (პოლონეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის) მიერ, რაც არასამთავრობო სექტორის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებზე დამოკიდებულებას ზრდის, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის იდეები მიუღებელია ზემოაღნიშნული ძალებისთვის, მისთვის დაფინანსების მოპოვების შანსები იკლებს.
მეორე მხრივ, გარდა ლიბერალური მოწყობის წესის და მექანიზმების წინააღმდეგ ცვლილებების განხორციელებისა პოპულისტური ძალები მეტწილად ხასიათდებიან აღნიშნული იდეოლოგიის (ლიბერალიზმის) ღირებულებების ხელყოფითაც, ვინაიდან ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს ლიბერალური ღირებულებების გარეშე, ყურადღებას იქცევს პოპულიზმის ლიბერალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ეს ნაწილიც. მაგალითად, ევროპელი პოპულისტების უმრავლესობისთვის მიუღებელია გლობალიზაცია, რაც ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების წინააღმდეგ არის მიმართული და ლიბერალური გადმოსახედით თავისუფალი ინდივიდის ამ კონკრეტული უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ლიბერალური ღირებულებებისადმი წინააღმდეგობრიობა ყველაზე ნათლად გამოიხატება პოპულისტური ძალების დამოკიდებულებაში უმცირესობებისადმი, მეტწილად ეს ეთნიკურ, რელიგიურ და სქესობრივ უმცირესობებს ეხება. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად სწორედ ანტი-მიგრანტულ გამოსვლებში გამოიხატება, რაც ნაშრომში განხილული ქვეყნებიდან ყველაზე აშკარა უნგრეთსა და პოლონეთში იყო, ეთნიკური უმცირესობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად ვლინდება ქართველ პოპულისტებს შორისაც, რომლებიც ძირითადად ისლამის მიმდევარი უცხოელების საქართველოში დამკვიდრებას აპროტესტებენ, განსაკუთრებით ეს საკითხი აქტუალურია ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „ქართული მარში“ და „ეროვნული ერთობა“.
რაც შეეხება სქესობრივ უმცირესობებს, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფების წინააღმდეგ არის მიმართულად ფაქტობრივად ყველა მემარჯვენე პოპულისტური ძალა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ოჯახის ტრადიციული მოწყობის სიწმინდეს, ამ უკანასკნელის შელახვის გზად კი – სქესობრივი უმცირესობების უფლებების აღიარებას მიიჩნევენ, აღნიშნულს ნათლად ადასტურებს ის მუხლი უნგრეთის კონსტიტუციიდან, რომელიც ოჯახზე საუბრისას სწორედ ტრადიციული გენდერული როლების უპირატესობას უსვამს ხაზს. ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე ნათელი გამოხატულება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობაა, რომელიც პირდაპირ ძალისმიერი მეთოდებით ზღუდავს განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამოვლინებას.
აღსანიშავია კიდევ ერთი გარემოებაც, რომელიც ლიბერალური მსოფლიო წესრიგის რღვევის საკითხში, იმ ადამიანებში, რომლებიც მოწყობის აღნიშნულ ფორმას უჭერენ მხარს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად იწვევს შეშფოთებას. საუბარია იმაზე, რომ „არალიბერალური დემოკრატია“ ყველაზე დიდი ძალებით მკვიდრდება და კონცენტრირდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ლიბერალური პრინციპებით და აშენებდნენ ლიბერალურ დემოკრატიას, საუბარი კვლავინდებურად პოლონეთსა და უნგრეთზეა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ მოწყობას ლიბერალურ პრინციპებს უკავშირებდნენ, ყურადსაღებია, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. შესაძლოა, ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მხარდაჭერებს დიდ საფრთხედ არ წარმოედგინოთ ისეთ ქვეყნებში პოპულიზმის და ანტი-ლიბერალური იდეების გაძლიერება, როგორიც პოსტ-საბჭოთა სივრცის განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა და საქართველოა, თუმცა მაშინ, როდესაც საუბარია ანტი-ლიბერალური პოპულიზმის გააქტიურებაზე და აღნიშნულ ქვეყნებთან შედარებით უფრო დიდი სიმძაფრით დამკვიდრებაზე ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც ევროკავშირის წევრნი, პოლონეთი და უნგრეთი არიან, ზოგადად, საფრთხე, რომელიც ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს ემუქრება, უფრო და უფრო ნათელი ხდება.
თუმცა ნაშრომში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაჩნდება აზრი, რომ ის ძალები, რომლებიც პოპულისტურ სპექტრში შესაძლოა, განხილულ იქნან, არის შესაძლებლობა, რომ რეალურად არ წარმოადგენდნენ საფრთხეს ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის, ის, ვინც ამ აზრს იზიარებს, დიდი ალბათობით, დაასახელებს სომხეთის მაგალითს, ნაშრომში პოპულისტურ სპექტრში განხილული ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა რეალურად მართლაც არ უქმნის დიდ საფრთხეს ლიბერალურ პრინციპებს იმ ძალებთან შედარებით, რომლებიც სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყვნენ განხილულნი და მისი პოპულისტური იდეები, შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებისკენ არის მიმართული. თუმცა სომხეთის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ორი გარემოება: ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივად მუდმივად რუსულ ორბიტაზეა და მას არ ჰქონია დასავლეთისკენ მოძრაობის რეალური გამოცდილება, შესაბამისად, აქ არ არის დამკვიდრებული ლიბერალური პრინციპები და ხედვები იმ დოზით, რომ მათ წინააღმდეგ წასვლის საფუძველი ჰქონდეს რომელიმე პოპულისტური ძალას.
მეორე მხრივ კი, ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სოციალური პრობლემები და ფაქტობრივად მუდმივი ომის რეჟიმში ყოფნა, განსხვავებით სხვა სახელმწიფოებისგან, რომლებიც პოპულისტურ კონტექსტში იყვნენ განხილულნი, აქ ძირითადი განხილვის თემა არ არის მიგრანტთა საკითხი, სქესობრივი უმცირესობები, გლობალიზაცია, რომელმაც შესაძლოა ხელყოს ქვეყნის იდენტობა და ეროვნულობა, მთავრობის ძირითად პრობლემასაც ძირითადად სწორედ იმ გამოწვევებთან ბრძოლა წარმოადგენს, რომლებზედაც ზემოთ იყო საუბარი, შესაბამისად ის ფაქტი, რომ სომხეთის შემთხვევაში აქტუალური თითქმის არ არის პოპულისტური ძალებისგან მომავალი საფრთხე, რომელიც ლიბერალური წესრიგისადმია მიმართული, განპირობებულია არა სომეხი პოპულისტების ხასიათით, არამედ ქვეყნის პოლიტიკური რეალობით.
ამგვარად, ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის, პრინციპებისა და ღირებულებებისთვის პოპულიზმის ტალღა, რომელმაც მოიცვა მსოფლიო და მათ შორის ამ ნაშრომში განხილული სახელმწიფოებიც, ნამდვილად არის საფრთხე და გამოწვევა. ეს გამოიხატება პოპულისტური ძალების მიერ ხელისუფლების შტოების დაბალანსებული ურთიერთქმედების პრინციპის, პრესისა და არასამთავრობო სექტორის თავისუფლების ხელყოფაში, ასევე ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვასა და სხვადასხვა ტიპის უმცირესობის წინააღმდეგ გამოსვლაში. ყურადსაღებია, რომ „ანტილიბერალური დემოკრატია“ მკვიდრდება ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აშენებდნენ ლიბერალურ დემოკრატიას, რისი დასტურიცაა უნგრეთი და პოლონეთი. და ის ფაქტი, რომ ესა თუ ის პოპულისტური ძალა ნაკლებად საფრთხისშემცველია ლიბერალური პრინციპებისადმი თავის ქვეყანაში, განპირობებული შეიძლება იყოს ამ ქვეყნის პოლიტიკური რეალობით და იმ გარემოებით, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ლიბერალური პრინციპები იმ დონეზე არ არის დამკვიდრებული, რომ გამოიწვიოს სერიოზული წინააღმდეგობრიობა.
პოპულისტური ძალების გააქტიურებისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრა
პოპულისტური ძალების გააქტიურება ევროპაში ხშირად განიხილება რუსეთის ინტერესების კონტექსტშიც. ამის მრავალი მოტივი არსებობს. ნაშრომის ეს ნაწილი ზემოაღნიშნული ქვეყნების პოპულისტური ძალების საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ უკვე გადმოცემული ინფორმაციის საერთო ანალიზის გზით აღწერს, თუ რატომ შედის პოპულისტური ძალების გაძლიერება რუსეთის ინტერესებში. ეს შეეხება ზოგიერთი პოპულისტური ძალის აშკარა მხარდაჭერასა და ლოიალობას ოფიციალური მოსკოვისადმი, გარდა ამისა, შესაძლოა, კონკრეტული პოპულისტური ძალები ღიად მხარს არ უჭერდნენ რუსეთს, თუმცა გამოირჩეოდნენ ევროსკეპტიციზმით, რაც ისევ და ისევ რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთისთვის ასევე მომგებიანია პოპულისტური ძალების იდეოლოგიური დაპირისპირება ლიბერალიზმთან, რომელიც ხშირად ასოცირდება ამერიკასთან, ქვეყანასთან, რომელიც რუსეთის გავლენის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელია და სწორედ ამიტომ, ლიბერალური მსოფლიო წესრიგისა და პრინციპების უარყოფა გლობალურ დონეზე ამერიკის პოზიციების შესუსტებასა და, შესაბამისად, რუსეთისთვის ხელფეხის გახსნასთან არის დაკავშირებული, ყოველივე ეს კიდევ უფრო აქტუალურია ევროპის კონტექსტში.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პოპულისტური ძალები ხშირად გამოირჩევიან აშკარა პრო-რუსული ორიენტაციით. რა თქმა უნდა, ამის ყველაზე ნათელი და მკაფიო მაგალითი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, უნგრეთის, პრეზიდენტი ვიქტორ ორბანია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გულითადი მხარდამჭერი, პარტნიორი და ერთგვარი დასაყრდენია ევროპაში, რა თქმა უნდა, ამ და სხვა გარემოებათა გამო ვიქტორ ორბანი დასავლეთისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. მისი კავშირი რუსეთთან არ გამოიხატება მხოლოდ სახალხოდ წარმოთქმულ განცხადებებში, არამედ აისახება ისეთ სფეროებზეც, როგორიცაა ენერგეტიკული თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე, რომლის ნაწილიც არის რუსული ფულით 10 მილიარდიანი (ევრო) ატომური ელექტროსადგურის შენება უნგრეთში (Paks II) და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ის გრძელვადიანი კონტრაქტები, რომლებიც უნგრეთსა და რუსეთს აკავშირებს. გარდა ამისა, უნგრეთი ხელს უწყობს საკუთარ მოქალაქეებში რუსული კულტურის დამკვიდრებასაც, რაც გამოიხატება რუსული წერა-კითხვისა და კულტურის გამავრცელებელი ცენტრების გახსნაში ადგილობრივი უნივერსიტეტების ბაზებზე, ამასთანავე უნგრეთის სახელმწიფოს მიერ 9 მილიონი დოლარის გამოყოფაში რუსული ეკლესიის რესტავრაციის მიზნით ქალაქ ჰევიცში. რუსეთისადმი ლოიალურობით გამოირჩა მოლდოვის პოპულისტი პრეზიდენტი იგორ დოდონიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მისთვის მისაბაძი პოლიტიკური ფიგურაა, იგი წავიდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ და, სანაცვლოდ, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამასთანავე მან ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს ყირიმის კონფლიქტში. როგორც აღინიშნა, რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან ორი ქართული არც თუ ისე პოპულარული პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსა“ და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა. პრო-რუსული სენტიმენტებით გამორჩეული ძალები არსებობენ უკრაინაშიც, ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ ევგენი მურაიევი და ვადიმ რაბინოვიჩი, პოლიტიკური პარტია -”For Life”-ს ლიდერები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ პროვოცირებულ ომს სამოქალაქო ომად ხატავენ.
მეორე მხრივ, კონკრეტული პოპულისტური ძალები ღიად არ უჭერდენ მხარს რუსეთს, მაგრამ გამოთქვამდენ სკეპტიციზმს ევროკავშირისადმი, რაც არანაკლებ შედის რუსეთის ინტერესებში. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ქვეყნებში გაღვივდება ევროსკეპტიკური განცდები და ამ ქვეყანათა საზოგადოებები ზურგს აქცევენ დასავლეთს, რუსეთს უფრო მეტი შანსი ექნება აღნიშნულ სახელმწიფოებში საკუთარი გავლენის გავრცობის, ვინაიდან დასავლეთი ბარიერის სახით აღარ წარმოუდგება. აღნიშნულის ნათელი გამოვლინებაა უკრაინული პოპულისტური ძალებიც, მაგალითად ვიქტორ იუშენკოს ყოფილი მომხრეების ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინამ არ უნდა დაუჭიროს მხარი დასავლეთს, ვინაიდან, მათი აზრით, ამ უკანასკნელმა 2014 წელს უკრაინას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს არ აღმოუჩინა სათანადო დახმარება. ევროსკეპტიციზმი ახასიათებთ ქართული პოპულისტური პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც, რომლებიც არ გამოირჩევიან ღია ანტი-დასავლური რეტორიკით, თუმცა მიაჩნიათ, რომ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირება, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, ილუზიაა და რომ საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვამ, შესაძლოა, ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება და პატარა ქვეყნისთვის სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. აღნიშნულ იდეას, რა თქმა უნდა, იზიარებდნენ და იზიარებენ კრემლშიც. ამის დასტურია 2018 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ზუსტად 10 წლის თავზე აგრესორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებაც, სადაც მან ფაქტობრივად სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ზემოაღნიშნული აზრი საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. (Osborn, 2018)
ამასთანავე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც საკითხის იდეოლოგიურ მხარესთან არის დაკავშირებული. პოპულისტების დიდი ნაწილი უარყოფს ლიბერალურ ღირებულებებსა და ღიად უპირისპირდება მათ, ვინაიდან ლიბერალური პრინციპები საკუთარი ეროვნული ღირებულებებისთვის საფრთხედ აქვთ წარმოჩენილი და ამ აზრს იზიარებს მათი მხარდამჭერების უმრავლესობაც. ეს გარემოებაც, რომელიც, ერთი შეხედვით, წმინდა იდეოლოგიურ მხარეს წარმოადგენს, ირიბ კავშირშია რუსეთის შესაძლებლობებთან განავრცოს თავისი გავლენა. ამის ახსნა შემდეგში მდგომარეობს: ლიბერალური ღირებულებები, პრინციპები და მართვის ფორმა ხშირად პირდაპირ არის დაკავშურებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელთან, იმ ძალასთან, რომელიც რუსეთის ფედერაციას არ აძლევს საშუალებას, თავისუფლად იქონიოს ზეგავლენა მსოფლიოს დიდ ნაწილზე, განსაკუთრებით კი ევროპაზე. ლიბერალური პრინციპებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად პირდაპირ უკავშირდება ამერიკისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთანაც, რაც, ლოგიკურია, გულისხმობს ამა თუ იმ რეგიონში აღნიშნული ქვეყნისადმი მხარდაჭერის შემცირებას. ბუნებრივია, ეს ხელ-ფეხს უხსნის რუსულ მანქანას და აძლევს საშუალებას განავრცოს თავისი გავლენა შესაბამის ტერიტორიებზე.
ამგვარად, პოპულისტური ძალების გააქტიურება, მიუხედავად იმისა, თუ თავად რა იდეებს ემსახურებიან ეს ძალები და რა დამოკიდებულება აქვთ რუსეთისადმი, დადებითად აისახება ამ ქვეყნის ინტერესებზე. პოპულისტების ნაწილი ღიად უჭერს მას მხარს, ზოგიერთი პოპულისტი, მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ ემხრობა რუსეთს, გამოხატავს ევროსკეპტიციზმს, რაც ნამდვილად შედის რუსეთის ინტერესებში და ამასთანავე, პოპულისტური ძალების ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ გამოსვლა და, ზოგადად, ლიბერალიზმის გმობა უარყოფითად აისახება ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟსა და მხარდაჭერაზეც, ვინაიდან, ბევრის აზრით, ლიბერალიზმის უკან სწორედ ა.შ.შ. დგას, ის გარემოება, რომ ა.შ.შ. რეპუტაცია შესაძლოა, შეირყეს, ისევ და ისევ რუსეთს აძლევს ხელს, რადგან ამერიკის გავლენის შემცირება უთავისუფლებს გზას პრო-რუსულ განწყობებსა და იდეებს.
პოპულიზმის უარყოფითი გავლენის აღკვეთის გზები
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაშრომი მიზნად არ ისახავს იმის განსაზღვრას, თუ ვისი ღირებულებებია ჭეშმარიტი და მისაღები, იმ ადამიანების, რომელთა ღირებულებებსა და პრინციპებსაც თავად პოპულისტები უჭერენ მხარს თუ მათი მოწინააღმდეგეების, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალური შეხედულებების საფუძველზე კრიტიკული შეფასების შედეგად თავადვე უნდა განსაზღვროს, ერთი რამ ფაქტია, რომ პოპულისტები ხშირად სწორედ იმ მგრძნობიარე თემებზე აპელირებით იპოვებენ მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლებიც მასებისთვის ასეთი ახლო და მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში კი პოპულისტების აღნიშნულ თემებზე ყურადღების გამახვილება, შესაძლოა, საერთოდაც არ იყოს გულწრფელი და განპირობებული იყოს მხოლოდ ძალაუფლებისადმი სწრაფვის მოტივით, სწორედ აღნიშნული გარემოებაა პოპულიზმის მთავარი ნეგატიური მხარე, პოპულისტებმა ხშირ შემთხვევაში იციან, რისი გაგონება სურს მასას (განსაკუთრებით ეს მოწყვლად ჯგუფებს ეხება), შესაბამის თემებზე აპელირებით ხშირად სრულიად აბსურდული და რეალობას მოწყვეტილი სოციალური და სხვა ტიპის დაპირებებით ისინი ახერხებენ დიდი მხარდაჭერის მოპოვებას, რომლითაც განიმტკიცებენ ძალაუფლებას. ხშირად ხალხის მასა, რომელიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს თავისი უფლებებისა და ღირებულებების დამცველად, მესიად მოიაზრებს, აღნიშნული პოპულისტური ძალისადმი მხარდაჭერის გამოხატვისა და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების შედეგად კვლავინდებურად ხელმოცარული და გაწბილებული რჩება, ვინაიდან პოპულისტების მიერ გაცემული დაპირებები რეალური სოციო-ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული და მიზნად მხოლოდ ადვილად მართვადი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა, ხელმოცარულობასთან ერთად, შედეგად, აღნიშნული მასები განიცდიან აწ უკვე ხელისუფლებაში მოსული პოპულისტური ძალების თვითნებობასა და ერთპიროვნულ, უსამართლო და საზიანო ქმედებების უარყოფით გავლენას.
ამგვარად, სასურველია, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც აღკვეთს ამ ტენდენციას. მოკლედ რომ ითქვას, სანამ კონკრეტული დეტალები და სხვადასხვა სექტორისადმი წარმოდგენილი რეკომენდაციები იქნება განხილული, პოპულიზმის ნეგატიური გავლენის პრევენცირეიბის წინაპირობაა ძლიერი, აქტიური და განათლებული სამოქალაქო საზოგადოება, მედია, არასამთავრობო სექტორი, ძლიერი ოპოზიცია და ის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთაც სისტემის შიგნითვე სძალუძთ ერთპიროვნული, ხშირად პოპულისტური ძალის შესაძლო თავნებობის აღკვეთა და მისი დაბალანსება. ყურადსაღებია პლურალისტური გარემოს მნიშვნელობა და ანტი-პროპაგანდისტული მექანიზმების არსებობაც, რომლებიც გაანეიტრალებს იმ საგარეო საინფორმაციო შემოტევის საფრთხეს, რომელიც პოპულიზმის ნეგატიური გამოვლინების წისქვილზე ასხავს წყალს.
ვინაიდან ძალაუფლების წყარო, შესაბამისად პოპულისტების მთავარი სამიზნე სწორედ ხალხია, საჭიროა, იგი არ იყოს წარმოდგენილი მხოლოდ როგორც მოსახლეობა და ქმნიდეს იმ ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არ წამოეგება პრიმიტიულ არარეალურ დაპირებებს და გადაწყვეტილებას მიიღებს რაციონალურად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესში კი ყველა რგოლს, სამთავრობოსაც და არასამთავრობოსაც თავისი ფუნქცია აკისრია.
რეკომენდაციები მთავრობას – სახელმწიფოს მის ხელში ამ ეტაპზე არსებული მნიშვნელოვანი ბერკეტით, განათლების კონტროლით, შესწევს ძალა, დიდი წვლილი შეიტანოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებად ქცევის პროცესში, სასწავლო დაწესებულებებში სამოქალაქო განათლების პოპულარიზებისა და სათანადო დონეზე აყვანის გზით შესაძლებელია ახალგაზრდებში ცნობიერების იმ დონეზე ამაღლება, რომ ისინი ჩასწვდნენ სახელმწიფოსა და სოციუმის ფუნქციონირების პრინციპებს, საკუთარი უფლებების, თავისუფლებებისა და მოვალეობებისა არსს, აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერებისა და თვითშეგნების დონე, აღნიშნული ცოდნის საფუძველზე არ წამოეგონ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ფარსს, უსაფუძვლო და არარეალურ დაპირებებს და, შესაბამისად, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, სასურველია, სახელმწიფომ ხელი არ შეუშალოს იმ ინსტიტუტების თავისუფალ ფუნქციონირებასაც, რომლებსაც შესწევთ ძალა თავისი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების შენების საქმეში, კონკრეტულად ეს ეხება არასამთავრობო სექტორსა და მედიას, რომელთაც აქვთ უნარი, დაანახონ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხი განსხვავებული რაკურსით და მისცენ კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და შეხედულებების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
ამასთანავე, როგორც ნაშრომში აღინიშნა, პოპულისტური ძალების მთავარი სამიზნე ხშირად იმ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რომლებიც ხელისუფლების ქმედებას აბალანსებენ და აღკვეთენ ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი ძალის თვითნებობას (სასამართლო, სახალხო დამცველის აპარატი, პროკურატურა…), სასურველია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას, რათა არსებობდეს ამ მიმართულებით პრევენცირების ეფექტიანი მექანიზმი.
აგრეთვე, ნაშრომში ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ პოპულისტური მოძრაობები ხშირ შემთხვევაში ან პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფოსთან, ან ირიბად უწყობს ხელს მისთვის სასურველი პოლიტიკის გატარებას, აღნიშნული მოტივით პოპულისტური ძალების მხარდასაჭერად აქტიურად მოქმედებს რუსული პროპაგანდაც, რეკომენდებულია სახელმწიფოს მხრიდან იმ პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მხილება და მათი ნეგატიური გავლენის აღვეთა ისე, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ამის ისტორიული მაგალითი წარმოჩენილი იყო ნაშრომში აშშ-ის ხელისუფლების მიერ მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში იმ მედიასაშუალებების დაშტამპვის სახით, რომლებიც ნაცისტური პროპაგანდის გავრცელებაში იყვნენ მხილებულნი.
რეკომენდაციები მედიას – როგორც აღინიშნა, მედიას შეუძლია, გავლენა იქონიოს მოსახლეობის ცნობიერებაზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, სასურველია დამოუკიდებელი და მიუკერძებელი მედია ეცადოს იყოს ობიექტური და არ დაკავდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესების გატარებით. ამასთანავე, რადგან რუსული პროპაგანდა სათავისოდ ცდილობს პოპულისტური ძალების გააქტიურების გამოყენებას, სასურველია, თუ ამ პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი მედიასაშუალებები უფრო კარგად გააცნობიერებენ საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას და არ დაუთმობენ პოზიციებს ანტი-სახელმწიფოებრივ პროპაგანდას იმ საინფორმაციო ომში, რომელიც დღეს მიმდინარე ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, სასურველია, ადგილობრივი მედია მეტად ეცადოს აღნიშნული პროპაგანდისტული საშუალებების მხილებასა და გამოაშკარავებას.
რეკომენდაციები არასამთავრობო სექტორს – რაც შეხება არასამთავრობო სექტორს, არც მათი როლია უმნიშვნელო პოპულიზმის ნეგატიური გამოვლინების აღკვეთის საქმეში, არასამთავრობო სექტორს სხვადასხვა გზით, განსხვავებული ტიპის აქტივობით, სამოქალაქო აქტივიზმისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზების გზით შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს საზოგადოების ცნობიერებაზე და სამოქალაქო თვითშეგნებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. დღეს ქვეყანაში ფორმალური განათლების ინსტიტუტებში (უფრო მეტად ეს საშუალო განათლებას ეხება) არც თუ ისე დიდია სამოქალაქო განათლების როლი, არადა სამოქალაქო განათლების სათანადო დონეზე აყვანა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა, სწორედ ამიტომ არასამთავრობო სექტორს აღნიშნული მიმართულებით არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით შეუძლია, აანაზღაუროს ის დანაკლისი, რომელიც არსებობს ფორმალური განათლების ინსტიტუტებში სამოქალაქო განათლების კუთხით და ამასთანავე მესამე სექტორს შესწევს ძალა ამ კუთხით გავლენა იქონიოს იმ ადამიანებზეც, რომელთაც ფორმალური განათლების ინსტიტუტებთან პირდაპირი შეხება აღარ აქვთ.
გარდა ამისა, მესამე სექტორს შესწევს ძალა ერთგვარი დამბალანსებლის როლიც შეასრულოს, მის აქტიურობას მართებს ძალა შებოჭოს კონკრეტული ძალების ერთპიროვნული ქმედებები, რაც ხშირად სწორედ პოპულისტურ მოძრაობებისთვის არის დამახასიათებელი მაშინ, როდესაც ისინი ძალაუფლებას იგდებენ ხელთ.