აბსტრაქტი
ნაშრომის თემად პოპულიზმის აღება განპირობებულია მისი გლობალური აქტუალურობით. რაც შეეხება თემის გეოგრაფიულ ჩარჩოებში მოქცევას, იგი ეხება უშუალოდ პოსტ-სოციალისტურ სივრცეს (კონკრეტულად 8 ქვეყანას – უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა), ეს განპირობებულია შემდეგი გარემოებით – ვინაიდან ნაშრომის ძირითად სამიზნე ჯგუფს სწორედ საქართველოს მოსახლეობა წარმოადგენს, სასურველია აღნიშნული თემის ირგვლივ განხილული იყოს ის გეოგრაფიული სივრცე, რომელიც მჭიდრო კავშირშია და ყველაზე მეტადაა დაკავშირებული საქართველოსთან ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა უახლესი წარსული, ძირითადი გამოწვევები და ა.შ. ნაშრომი ასახავს, თუ რამდენადაა გაძლიერებული პოპულიზმი, მოსახლოების რა ფენები უჭერენ მხარს შესაბამის ძალებს, რა იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ ეს უკანასკნელნი, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რატომ და რა გზებით არიან დაპირისპირებულნი ისინი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან და რატომაა სასურველი მათი აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებისთვის. ნაშრომში იდეოლოგიურ კონტექსტში არ არის შეფასებული, თუ ვისი ღირებულებებია მორალური, სწორი და მისაღები, მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც პოპულისტურ ძალებს უჭერს მხარს თუ მათი იდეური მოწინააღმდეგეების. ნაშრომი ეყრდნობა მეტწილად სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, თუმცა ინფორმაციის ნაწილი აღებულია ადგილობრივი მედია-საშუალებებიდანაც, ამასთანავე გამოყენებულია კვლევითი ნაშრომები, აკადემიური სტატიები და სახელმძღვანელოები, საერთაშორისო და ადგილობრივი ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და სტატისტიკები. ინდივიდუალურად ქვეყნები წარმოჩენილია იდენტური სტრუქტურით იმ ფაქტობრივი ინფორმაციის სახით, რომელიც აღნიშნული წყაროებიდან იქნა მოპოვებული, ამასთანავე მოცემულია ამ ქვეყნების შედარებაც, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ანალიტიკურ განხილვას, ერთი მხრივ, პოპულიზმისა და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ურთიერთწინააღმდეგობრიობის, მეორე მხრივ – პოპულისტური ძალების გააქტიურებისა და რუსეთის ინტერესების ურთიერთკავშირის შესახებ, ის ასევე ეყრდნობა იმ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ასახულია კონკრეტული ქვეყნების განხილვის შემთხვევაში. შესაბამისად, ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილი რეკომენდაციებიც, რომლებიც ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორისათვისაა განკუთვნილი, ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ ინფორმაციას, გარემოებებსა და საფრთხეებს, რომლებიც ნაშრომშია ასახული.