პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში

(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)

 ნაწილი 0 – შესავალი

აბსტრაქტი

ნაშრომის თემად პოპულიზმის აღება განპირობებულია მისი გლობალური აქტუალურობით. რაც შეეხება თემის გეოგრაფიულ ჩარჩოებში მოქცევას, იგი ეხება უშუალოდ პოსტ-სოციალისტურ სივრცეს (კონკრეტულად 8 ქვეყანას – უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა),  ეს განპირობებულია შემდეგი გარემოებით – ვინაიდან ნაშრომის ძირითად სამიზნე ჯგუფს სწორედ საქართველოს მოსახლეობა წარმოადგენს, სასურველია აღნიშნული თემის ირგვლივ განხილული იყოს ის გეოგრაფიული სივრცე, რომელიც მჭიდრო კავშირშია და ყველაზე მეტადაა დაკავშირებული საქართველოსთან ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა უახლესი წარსული, ძირითადი გამოწვევები და ა.შ. ნაშრომი ასახავს, თუ რამდენადაა გაძლიერებული პოპულიზმი, მოსახლოების რა ფენები უჭერენ მხარს შესაბამის ძალებს, რა იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ ეს უკანასკნელნი, როგორია მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რატომ და რა გზებით არიან დაპირისპირებულნი ისინი ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან და რატომაა სასურველი მათი აქტიურობა რუსეთის ხელისუფლებისთვის. ნაშრომში იდეოლოგიურ კონტექსტში არ არის შეფასებული, თუ ვისი ღირებულებებია მორალური, სწორი და მისაღები, მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც პოპულისტურ ძალებს უჭერს მხარს თუ მათი იდეური მოწინააღმდეგეების. ნაშრომი ეყრდნობა მეტწილად სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, თუმცა ინფორმაციის ნაწილი აღებულია ადგილობრივი მედია-საშუალებებიდანაც, ამასთანავე გამოყენებულია კვლევითი ნაშრომები, აკადემიური სტატიები და სახელმძღვანელოები, საერთაშორისო და ადგილობრივი ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და სტატისტიკები. ინდივიდუალურად ქვეყნები წარმოჩენილია იდენტური სტრუქტურით იმ ფაქტობრივი ინფორმაციის სახით, რომელიც აღნიშნული წყაროებიდან იქნა მოპოვებული, ამასთანავე მოცემულია ამ ქვეყნების შედარებაც, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ანალიტიკურ განხილვას, ერთი მხრივ, პოპულიზმისა და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ურთიერთწინააღმდეგობრიობის, მეორე მხრივ – პოპულისტური ძალების გააქტიურებისა და რუსეთის ინტერესების ურთიერთკავშირის შესახებ, ის ასევე ეყრდნობა იმ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ასახულია კონკრეტული ქვეყნების განხილვის შემთხვევაში. შესაბამისად, ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილი რეკომენდაციებიც, რომლებიც ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორისათვისაა განკუთვნილი, ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ ინფორმაციას, გარემოებებსა და საფრთხეებს, რომლებიც ნაშრომშია ასახული.

შესავალი

პოპულიზმის ზუსტ განმარტებაზე მსჯელობა ჯერაც არ შეწყვეტილა, თუმცა, თანხმდებიან, რომ პოპულიზმი დაკავშირებულია პოლიტიკური ქმედების პოპულარული ინსტინქტებისა და სურვილების შესაბამისად წარმართვასთან, მეორე მხრივ, ამ ტიპის პოლიტიკური ქმედების განხორციელების ტენდენცია, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მოიცვა, გამოწვევად იქცა თანამედროვეობისთვის. ის პირდაპირ კავშირშია აზროვნებისა და მოწყობის იმ წესის რღვევასა თუ შერყევასთან, რომელიც აქამდე იყო გაბატონებული განვითარებულ სამყაროში და რომელსაც ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ჰქვია.

დღეს პოპულისტური ძალების გააქტიურება მსოფლიოში საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ისევე როგორც ზოგად კონტექსტში, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესების გადმოსახედითაც, მნიშვნელოვანია იმის კარგად ცოდნა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ იმ ქვეყნებში, რომლებიც მეოცე საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში საქართველოს მსგავსად სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლები იყვნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მათი დიდი ნაწილი დასავლეთისკენ მიმავალ გზას დაადგა. ამ ნაშრომის მიზანია აღნიშნული მიმართულებით დეტალური ინფორმაციის წარმოჩენა, სადაც აღწერილია 8 პოსტ-სოციალისტური ქვეყნის – უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, სომხეთის,  საქართველოს, მოლდოვის, ბელარუსისა და უკრაინის მდგომარეობას პოპულიზმის გადმოსახედით. გარდა ამისა ნაშრომში გამოკვეთილია დამატებით სამი მნიშვნელოვანი ასპექტი:

პირველი შეეხება პოპულიზმის გააქტიურებისგან მომავალ საფრთხეს, რომელიც ლიბერალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული. ნაშრომში არ არის წარმოდგენილი შეფასება იმის შესახებ, თუ ვისი იდეოლოგია და ღირებულებებია მისაღები, ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დამცველების თუ მათ წინააღმდეგ ასპარეზზე გამოსული პოპულისტების მომხრეების.

მეორე ასპექტია პოპულისტური ძალების გააქტიურების ტენდენციისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრა. ნაშრომში გამოყენებულ მასალებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოპულისტური ძალების გააქტიურება პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. ერთ-ერთი მთავარი გლობალური პროცესისა და საქართველოსთვის რუსეთის სახით მთავარი საგარეო გამოწვევის ურთიერთკავშირი ინტერესის საგანია.

ნაშრომი შემდეგი სტრუქტურით არის წარმოდგენილი:

თავდაპირველად ის წარმოადგენს 8 დამოუკიდებელ თავს, რომლებიც ეხება ინდივიდუალურად 8 ქვეყანას (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა), თუმცა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ზოგადი სტრუქტურა  იდენტურია:

  1. შესავალი
  2. ზოგადი პოლიტიკური ფონი პოპულისტური ძალების გადმოსახედით კონკრეტულ ქვეყანაში
  3. პოპულისტური ძალების ძირითადი მხარდამჭერები
  4. პოპულისტების იდეები და მათ მიერ ხალხის მხარდაჭერის მოპოვების გზები
  5. პოპულისტური ძალები ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ
  6. პოპულისტური ძალების საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია (ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთთან)
  7. დასკვნა

 

აღნიშნული სქემის მიხედვით ქვეყნების ინდივიდუალური განხილვის შემდეგ ესეის სახით წარმოდგენილია სამი თავი:

პირველი – „პოპულისტური სამყარო და ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“, რომელიც კიდევ ერთხელ ზემოთ მოცემულ თავებში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე აჯამებს, თუ რატომ და რა გზებით უპირისპირდება პოპულისტური ძალების უმრავლესობა ლიბერალურ პრინციპებსა და მოწყობის წესს.

მეორე – „პოპულისტური ძალების გააქტიურების ტენდენციისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრა“, სადაც ასევე მთელი ნაშრომის განმავლობაში ინდივიდუალურად ქვეყნების განხილვის შედეგად დაგროვებული ინფორმაციის ანალიზის სახით არის წარმოდგენილი კავშირი რუსეთის ინტერესებსა და პოპულისტური ძალების გააქტიურების ტენდენციას შორის.

მესამე – მოცემულია ის რეკომენდაციები მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულია პოპულიზმისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის აღკვეთისკენ.

სარჩევი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.