პოპულისტური ძალების გააქტიურება პოსტ-სოციალისტური სივრცის ქვეყნებში
(უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინა)
ნაწილი V -საქართველო
საქართველო
მსოფლიოში პოპულისტური ძალების გააქტიურებას არც საქართველო ჩამორჩა. დღესდღეისობით ქვეყანაში არის რამდენიმე პარტია და მოძრაობა, რომლებიც ამ კონტექსტში განიხილებიან. ეს თავიც სტანდარტულ ტენდენციას მიჰყვება და, პირველ რიგში, აღწერს, თუ რა ძალისა და გავლენის მატარებელნი არიან დღეს ქართველი პოპულისტები, მათი რა ნაწილია წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და ვინ რჩება ჯერჯერობით უბრალოდ სახალხო მოძრაობად, რომლის ძირითადი ასპარეზი ამ ეტაპზე ძირითადად ქუჩაა.
შემდეგ განხილულია, თუ მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ქართველ პოპულისტებს, რა დამოკიდებულება აქვთ უფროსი თაობის ხალხს მათდამი და ახალგაზრდობის რა ნაწილია აღნიშნული ძალების იდეების გამტარი და გამზიარებელი, მსგავსად პოლონეთის შემთხვევისა, საქართველოზე საუბრისასაც ნაშრომში წარმოდგენილია ქვეყნის რელიგიურობის დონის ანალიზი და კავშირი პოპულისტური ძალების იდეების გავრცელებასთან. ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორ ახერხებენ ეს ძალები ისეთი ღირებულებების საშუალებით, როგორიცაა ქრისტიანობა, ეროვნულობა და ტრადიციები მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოგებას, ასევე რა კავშირშია მათი სოციალური დაპირებები და უმცირესობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მათ პოპულარობის ზრდასთან.
განხილულია ისიც, თუ რამდენად წარმოადგენენ საფრთხეს ეს ძალები ლიბერალური პრინციპებისთვის და ამ ეტაპზე რა ბერკეტები გააჩნიათ მათ მიუღებელ ლიბერალურ იდეებთან საბრძოლელად. ამასთანავე საუბარია ქართველი პოპულისტების საგარეო ორიენტაციაზეც, თუ რა იწვევს მათ ნაწილში ევროსკეპტიციზმის განცდას და რამდენად პოპულარულია სახელმწიფო ნეიტრალიტეტის იდეა, ყურადსაღებია ზოგიერთი მათგანის ლოიალური დამოკიდებულებაც ქვეყნის აშკარა მტრის, რუსეთის მიმართ.
ეს თავი ნაშრომის სხვა ნაწილებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში წარმოჩენილია კიდევ ერთი მიმართულება – რუსეთის გავლენა ქართულ პოპულიზმზე, სადაც აღნიშნული ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყანაში პოპულისტური ძალების გააქტიურებას შორის კავშირი კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.
პოპულისტური ძალების გააქტიურება საქართველოში
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ უნგრეთის, პოლონეთის, მოლდოვისა და ნაწილობრივ სომხეთისგან განსხვავებითაც ის პოპულისტური ძალები, რომელთა შესახებსაც ნაშრომის ამ ნაწილშია საუბარი, არ წარმოადგენენ არც ხელისუფლებას და არც ძირითად ოპოზიციურ ძალად მოიაზრებიან. დღესდღეისობით ერთ-ერთ ძირითად პოპულისტურ ძალად საქართველოში აღიქმება „პატრიოტთა ალიანსი“ – პარტია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა არ არის, მაინც წარმოდგენილია საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან მოახერხა 5%-იანი ზღვრის გადალახვა და 150 ადგილიან პარლამენტში 6 ადგილით არის წარმოდგენილი.
კიდევ ერთი პოპულისტური ძალა, რომელიც საქართველოში ბოლო დროს გააქტიურდა, არის „ქართული მარში“, კონსერვატული და ულტრა-ნაციონალისტური სახალხო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მოძრაობას, დაარსდა 2017 წელს. მათ გამართეს რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომლებიც ძირითადად მიზანმიმართული იყო უცხოელების (განსაკუთრებით ეს ისლამური სამყაროს წარმომადგენლებს ეხებათ) საქართველოში დამკვიდრების წინააღმდეგ, ქართული მარშის წევრები ეწინააღმდეგებიან სქესობრივ უმცირესობებს, იმ ძალებს, რომლებიც იზიარებენ ლიბერალურ იდეებს, მაგალითად ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, მათი თქმით, ფუნდამენტურ ღირებულებებს წარმოადგენს ერი და ქრისტიანობა, ეს ყველაფერი ასახულია მათ მიერ გამოყენებულ სიმბოლიკაში, სადაც წარმოდგენილია ის ელემენტებიც, რომლებიც დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების საქართველოს სამეფოს ჰერალდიკისთვის.
კიდევ ერთ პოპულისტურ ძალად შესაძლოა, მოვიაზროთ ნეოფაშისტური მოძრაობა, „ეროვნული ერთობა“, რომელიც ულტრა-ნაციონალისტური ძალაა და ღიად იზიარებს ფაშისტური იდეოლოგიის ელემენტებს, მათთვის უცხო არაა ფაშისტებისთვის დამახასიათებელი სიმბოლური ნიუანსების გამოყენებაც.
პოპულისტური ძალების მხარდამჭერები საქართველოში
საქართველოში ისეთი პოპულისტური ძალების მხარდამჭერები, მაგალითად, როგორიც პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ და ორგანიზაცია „ქართული მარშია“, ძირითადად კონსერვატული იდეების მქონე მოსახლეობაა, რომელთა უმრავლესობისთვისაც მთავარი ღირებულებას ტრადიციები და ქრისტიანობა წარმოადგენს. აღნიშნულ ძალებს მხარდამჭერები ჰყავთ ყველა თაობის წარმომადგენლებში, თუმცა მათ მხარდაჭერთა შორის მეტწილად უფროსი თაობის ადამიანები არიან. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ისეთ ნეოფაშისტურ ძალას, როგორიც „ეროვნული ერთობაა“, მეტწილად სწორედ ახალგაზრდები უჭერენ მხარს. ყველა ზემოთჩამოთვლილ ძალას აერთიანებს ის, რომ ისინი გმობენ და ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ პრინციპებსა და იდეოლოგიას, მოიაზრებენ მას საფრთხედ ეროვნული თვითმყოფადობისთვის.
ისევე როგორც პოლონეთის შემთხვევაში, საქართველოშიც ამ გადმოსახედით ყურადსაღებია ქვეყნის რელიგიურობის დონე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სეკულარული ქვეყანაა, ქართული მოსახლეობისთვის შესაბამისად უფრო მეტად დამახასიათებელია რელიგიური და ტრადიციული სენტიმენტები და განცდები, სწორედ ის იდეები, რომელთაც მსგავსად უცხოური პოპულისტური ძალების უმრავლესობისა, ადგილობრივი პოპულისტური მოძრაობებისა და პარტიების წარმომადგენლებიც წარმოაჩენენ როგორც საკუთარ ფუნდამენტურ იდეებსა და შეხედულებებს. „რელიგიურობის გლობალური ინდექსის“ 2012 წლის მაჩვენებლებით საქართველო მე-11 ადგილზეა. (International, 2012)
ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა უფრო მეტად რელიგიურია, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები. ეს გარემოება ერთ-ერთ ფაქტორად გამოდგება იმის ასახსნელად, რომ საქართველოში პოპულისტურ ძალებს, რომელთათვისაც რელიგიური იდეები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობაშიც მრავლად ჰყავთ მხარდამჭერები. (AsiaNews, 2018)
ძირითადი იდეები, მხარდამჭერთა გულის მოგების გზები და მეთოდები
პოპულისტური ძალების ყურადღება საქართველოშიც, ისევე როგორც დანარჩენი ქვეყნების მაგალითების უმრავლესობის შემთხვევაში არის იდეები, როგორებიცაა ნაციონალიზმი, რელიგია, ეროვნული სულისკვეთება და ძირძველი ტრადიციები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ერის გადაშენების პრევენცირების საკითხი.
ქრისტიანობა
ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად რელიგიას მიიჩნევს, ისინი ლოიალურად არიან განწყობილნი ქართული ეკლესიისადმი. მათ პარტიულ ლოზუნგებსა თუ საჯარო მიმართვებში ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სწორედ ეკლესიის აპოლოგიაა, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური გრძნობები, პარტიის მხარდამჭერთა მრავალრიცხოვნება არ ჩანს ალოგიკური. ეს უკანასკნელი თავის ერთგულებას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და საუბრობს ეკლესიის სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდაზე. (კოპალეიშვილი, 2016).
ქრისტიანობა ფუნდამენტური იდეაა „ქართული მარშისთვისაც“. მათი გამოსვლებისა და მანიფესტაციების მთავარ სიმბოლურ ელემენტს ხშირად სწორედ რელიგიური სიმბოლიკა წარმოადგენს. (ხატები, ბანერები…)
ტრადიციები
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო ლოზუნგი “ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ქართული სუფრის უძველესი ტრადიცია, როდესაც ჩვენ სუფრის დროს სიბრძნეს გადავცემდით“. ალიანსის საარჩევნო მანიფესტი “ქართული აზროვნების” სიგრძეზე მიუთითებს და ქართული კულტურისა და ფასეულობების განმტკიცების, მისი პოლიფონიური სიმღერის, ტრადიციული ცეკვების, პოეზიისა და სუფრის, ქართული ტრადიციული სასადილოების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს (კოპალეიშვილი, 2016). რომანტიკულ ნაციონალიზმთან ერთად უცხო არაა ქვეყნის წარსული დიდების ხშირი ხაზგასმა და მასზე კონცეტრირებაც, ეს გარემოება კარგად გამოიკვეთა პარტიის თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის, გამოსვლაშიც, სადაც ის საკუთარ წარმომავლობასა და დიად ქართველ მეფეებთან ნათესაურ კავშირზე საუბრობდა.
სახელმწიფოს დახმარება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს
„პატრიოტთა ალიანსი“ ყურადღებას ამახვილებს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზეც, პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ ამ ტიპის ჯგუფებისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს ტრანსპორტი, კვება, სამოსი, სამედიცინო დახმარება და სხვა. (ზარანდია, 2017)
უმცირესობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება
ქართული პოპულისტური ძალებისთვის დამახასიათებელია უმცირესობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაც. ისინი გამოდიან ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. სახალხო ორგანიზაცია ქართული მარშის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ უცხოელი მიგრანტების დეპორტაცია და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა (JAMNEWS, 2017).
ქართული პოპულიზმი ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ
ქართულ პოპულისტურ ძალებს ლიბერალური პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში უნგრული და პოლონური მაგალითებისგან ის განასხვავებს, რომ მათ შემთხვევაში საუბარი არაა ლიბერალური პრინციპების ინსტიტუციურ დონეზე ხელყოფაზე, რაც შესაძლოა გამოიხატოს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დარღვევაში, სასამართლო ხელისუფლების, უფლებადამცველის, უმაღლესი პროკურორის უფლებამოსილებების შეზღუდვასა და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფაში, მედია და არასამთავრობო სექტორების თავისუფლების შეზღუდვაში, კანონმდებლობის ლიბერალური გადმოსახედით ხელყოფასა და ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ადამიანის ინდივიდუალური უფლებების ხელყოფაში. ეს იმით აიხსნება, რომ აღნიშნულ ძალებს ჯერ-ჯერობით არ შესწევთ ამის უნარი და არ გააჩნიათ საჭირო ბერკეტები, ვინაიდან ისინი არ არიან ხელისუფლებაში. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ბერკეტებს ხელთ იგდებენ და როგორ მოიქცევიან ისინი ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით, პროგნოზირებადია სხვადასხვა ლოგიკური გათვლით, თუმცა ყოველივე ეს ვარაუდი და გათვლაა, რაც აღნიშნული აკადემიური ნაშრომის პრეროგატივა არაა.
ქართული პოპულისტური ძალების საგარეო პოლიტიკური ხედვები
ყურადღებას იქცევს ქართული პოპულისტური ძალების საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც. „პატრიოტთა ალიანსით“ “საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესების დაცვაზე” მიუთითებს, თუმცა ეწინააღმდეგება “ვაშინგტონის, ბრიუსელისა და მოსკოვის ინტერესების გატარებას საქართველოში“, რითაც გარკვეულწილად იზიარებს ნეიტრალიტეტის იდეას. ის ღიად არ ეწინააღმდეგება საქართველოს დასავლურ ორიენტაციას სხვა სახლემწიფოების ზოგიერთი პოპულისტური ძალისგან გასხვავებით, თუმცა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა ილუზიურად და საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის არაპროპორციულად მაღალ ტვირთად მიაჩნია. მისი პოზიცია რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან მიმართებით თანაბრად არის ორაზროვანი; ალიანსს “ბალანსის პოლიტიკის” იდეა იზიდავს, რითაც ნაწილობრივ წააგავს სომხეთის პოპულისტური ძალების იდეებს. მედიის განვითარების ფონდის 2017 წლის კვლევის ანალიზში ნათქვამია, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ევროკავშირთან ინტეგრაციის სურვილი აქვს, თუმცა სკეპტიციზმს გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით. “პატრიოტთა ალიანსში” მიაჩნიათ, რომ ნატოსთან ინტეგრაციამ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა შეიძლება, კიდევ უფრო დაძაბოს და მორიგი საომარი მოქმედებები გამოიწვიოს, რაც, მათივე შეფასებით, საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება. (შუტოვი, 2017). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ეს პოლიტიკური პარტია კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, საუბრობდეს ანტიდასავლურ კონტექსტში, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების უფლებებია.
ალიანსი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგია, განსაკუთრებით – თურქეთიდან, რომელსაც ექსპანსიონისტად მიიჩნევს და ადანაშაულებს აჭარის ხელში ჩაგდების სურვილში. (შუტოვი, 2017)
აღსანიშნავია, რომ რუსეთისადმი კიდევ უფრო ლოიალურად განწყობილი პარტიები ნაკლებად წარმატებულნი აღმოჩნდნენ საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, რომლის ლიდერიც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძეა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და 2016 წლის არჩევნებში მხოლოდ ერთი ადგილი მიიღო აჭარის უზენაეს საბჭოში. წინასაარჩევნო პერიოდში „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ქვეყნის უბლოკო და ნეიტრალური სტატუსის ინიციატივით გამოვიდა. პარტიაში ამბობენ, რომ უპირისპირდებიან არა მხოლოდ ნატოსთან ინტეგრაციას, არამედ საქართველოს ნებისმიერ ბლოკში ყოფნას და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარების დგომას. (შუტოვი, 2017)
ნეიტრალიტეტზე საუბრისას, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ წინამორბედს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ოფიციალურად ჰქონდა გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, თუმცა ამან ქვეყანას მშვიდობა ვერ მოუტანა, ხანმოკლე, 3-წლიანი არსებობისას ქვეყანას ფაქტობრივად ყველა მეზობელთან მოუხდა სამხედრო დაპირისპირება (თანაც არაერთი…).
რუსეთის გავლენა ქართულ პოპულისტურ ძალებზე
დღესდღეისობით საკუთარი გავლენის გავრცობას რუსეთი სხვა ქვეყნებში ცდილობს არა მემარცხენე ძალების მეშვეობით, რომლებიც მთავარ დასაყრდენს თავის დროზე საბჭოთა კავშირისთვის წარმოადგენდნენ მასთან იდეოლოგიური კავშირის გამო, არამედ უკიდურესად მემარჯვენე სუბიექტების გზით, რომლებიც ულტრა-მემარჯვენე და გლობალური ტენდენციების წინააღმდეგ მიმართული იდეებით გამოდიან, რაც ისეთი სუპრანაციონალური ინსტიტუციის წინააღმდეგაა ხშირად მიმართული, როგორიც ევროკავშირია თავის ლიბერალურ დემოკრატიულ სისტემასთან ერთად. რუსეთის მიზანია, ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ჰყავდეს სატელიტი ძალები, რომელთაც სათავისოდ გამოიყენებს. მოსკოვი ცდილობს საზოგადოების აზრის მომართვას მისი ინტერესების შესაბამისად, რისთვისაც მას სჭირდება ევროსკეპტიკური, ულტრა-ნაციონალისტური ძალები, რომელთა პოპულისტური განცხადებების მეშვეობით შეძლებს ის კონკრეტულ ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოწვევას, რასაც საკუთარი ინტერესებისა და გავლენის ზრდის სასარგებლოდ მიმართავს.
მედიის განვითარების ფონდი აქვეყნებს ანგარიშს სახელწოდებით – „კრემლის გავლენის ინდექსი 2017“. აღნიშნული ინდექსი არის მაჩვენებელი, რომელიც ზომავს რუსეთის მთავრობის შესაძლებლობებს საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენა იქონიოს. დოკუმენტი უკრაინის, საქართველოს, უნგრეთისა და ჩეხეთის ინდექსის საპილოტე მონაცემებს მოიცავს. საქართველოში გამოჩნდნენ ევროპული ინტეგრაციის ოპონენტები, რა თქმა უნდა, მათ მხარს უჭერს რუსეთი. ასეთ ჯგუფებს შორის ორი შედარებით მარგინალური პოლიტიკური ძალაა. ერთ-ერთს ხელმძღვანელობს ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო) და მეორეს კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო) (Kapanadze, 2014). ეს ორი ძალა გამოირჩევა ევროსკეპტიციზმით. მართალია კუკავას პარტიას (რომლის რეტორიკაც შემდეგს ემყარება: „რუსეთს კავკასიაში ეყოლება მეგობარი და არა მტერი’’) აქვს უმნიშვნელო რეიტინგები, თუმცა, ყურადსაღებია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ხმების 10% მიიღო (Lasha Tughushi, 2016). რუსეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო,მოლდოვა და უკრაინა) ევროინტეგრაციას. საქართველოში მომძლავრებული რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი სერიოზული გამარჯვება იყო ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტიების გააქტიურება, რომლებიც, შესაძლოა, სრულად პრორუსული განწყობის ძალები არ არიან, მაგრამ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის იდეას ემხრობიან, ამის ნათელი მაგალითია „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ხშირად საუბრობს ანტი-დასავლურ კონტექსტში (ღირებულებების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ თავად საკუთარ თავს დასავლეთისადმი პოლიტიკურად კეთილგანწყობილ ძალად მოიაზრებენ) და აპელირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე, რისი დასტურიცაა მათ მიერ განხორციელებული ვიზიტები მოსკოვში. ყოველივე ეს სრულ თანხვედრაშია რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკასთან, რადგან საერთაშორისო დონეზე რუსული პოლიტიკა სამიზნე ქვეყნებში არსებული პრობლემებისა და დაძაბულობის შექმნას მთელი ძალისხმევით ცდილობს, ვინაიდან ამან დემოკრატიული პრინციპებისა და დასავლეთისადმი ნდობის შერყევა შეიძლება, გამოიწვიოს.
თუმცა ახალგაზრდა თაობაში რუსეთისდამი დამოკიდებულება მეტწილად ნეგატიურია, მცირედ ნაწილში კი – ნეიტრალური. მთავარი კატეგორია, რომელიც რუსული პროპაგანდის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს, მოსახლეობის შედარებით უფრო ასაკოვანი ნაწილია, რომელსაც გააჩნია რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ისტორიული მეხსიერება და ენობრივი კავშირი, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდიდან მოჰყვებათ. რუსული კვალი შეინიშნება ახალი ერთობის ე.წ. ‘’ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ ირგვლივაც. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და მისი დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე გახლავთ. ,,პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის’’ შექმნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაა დაკავშირებული. ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, მისი მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
რაც შეეხება ‘’ქართული იდეას’’ მის აქციას ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებსაც ჯერათ, რომ დასავლეთი საფრთხეს უქმნის ეროვნულ-რელიგიურ ფასეულობებს საქართველოში. ამერიკელ ჟურნალისტ ნიკოლას უალერს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ულტრანაციონალისტური დაჯგუფებები საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ქვეყანამ პროდასავლური კურსი აირჩია (სვანიძე, 2017). თუმცა უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში ისევ აშკარაა ანტი-რუსული დამოკიდებულება, რაზეც მეტყველებს თუნდაც 2018 წელს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევა, სადაც გამოკითხულთა 53% მთავარ საფრთხედ სწორედ რუსულ ფაქტორებს აღიქვამს, 3% კი დასავლეთს (ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას კონკრეტულად) (Institute, 2018). თუმცა რუსეთის რბილი ძალის მოძლიერება მაინც დიდ ყურადღებას იმსახურებს, მისი კიდევ ერთი გამოვლინებაა რუსეთის ანტიდასავლური, ტრადიციონალისტური და მესიანური იმიჯის დამკვიდრება საქართველოში, რასაც თან ახლავს რუსეთთან საუკუნოვანი რელიგიური და კულტურული კავშირის ხაზგასმა.
რუსეთს საქართველოში გავლენის შენარჩუნების მიზნით ჰქონდა ეთნიკური ნაციონალიზმის გაღვივების სტრატეგია, რამაც განაპირობა კონფლიქტები საქართველოში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონებში, სადაც რუსეთი აღვივებდა კონფლიქტის კერას. რუსეთი დღემდე მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოპულისტური ძალების გაძლიერების გზას და ცდილობს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის საქართველოს წინააღმდეგ განწყობას, ყურადსაღებია, რომ აღნიშნული საფრთხის წინაშე საქართველო შესაძლოა დადგეს იმ რეგიონებთან მიმართებითაც, რომლებიც სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებითაა დასახლებული. საუბარია ჯავახეთსა და აჭარაზე. პირველი მათგანი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული და სომხეთის უფრო მეტად ინტეგრირებამ რუსულ ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების პროექტებთან, შესაძლოა, გამოძახილი ჰპოვოს ამ რეგიონში და პრორუსული განწყობები გააღვივოს. ყურადსაღებია დუმის მიერ მიღებული კანონი სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით (2014 წ.) ჯავახეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში გაჩნდა იმის შიში, რომ ისინი წამოეგებოდნენ რუსეთის ინიციატვას, რასაც შესაძლოა ყირიმის მაგალითის განმეორება მოჰყოლოდა. მიუხედევად იმისა, რომ რუსული პასპორტი ჯავახეთში მცხოვრებთა მცირე ნაიწლმა აიღო, ამ იდეამ პოპულარობა ბოლომდე მაინც ვერ ჰპოვა. (Kapanadze, 2014)
მეორე რეგიონია აჭარა, რომელსაც ასე თუ ისე გამოკვეთილი იდენტობა და ავტონომიის ფიქტიურად შენარჩუნებული სტატუსი აქვს. სოციალურ ქსელში ხშირად შეინიშნება ისეთი განცხადებები, როგორიცაა ‘’თურქეთი ოკუპანტია’’, ხოლო საზოგადოებაში აჭარელი მოსახლეობის მიმართ გაისმის შეურაცხმყოფელი ფრაზები – ‘’აჭარლები თათრები არიან’’. რუსული პროპაგანდა კარგად მუშაობს საქართველოში მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივების კუთხით, გარკვეულ ქართულ სოციალურ ჯგუფებში მომძლავრებული ქსენოფობიური და შოვინისტური განწყობები რუსეთისათვის კარგ ინსტრუმენტად იქცევა ქვეყანაში ანტილიბერალური და ანტიგლობალური პროპაგანდისტული ომის საწარმოებლად. 2017 წლის ივლისში მოწყობილმა “ქართულმა მარშმა” ათასობით ადამიანი გააერთიანა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ გამოსვლების ორგანიზატორები თავიანთი პრორუსული განცხადებებითაც გამოირჩევიან, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები მოსკოვის ჩარევითა და მისი მხარდაჭერით არის წარმართული.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების გამტარებელი ძალების გააქტიურებით არ კმაყოფილდება და იგი თავადაც წარმართავს როგორც მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ისე საქართველოშიც, პროპაგანდას, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელებით, ჟურნალ-გაზეთებითა და მედიის სხვადასხვა საშუალებით. რუსული პროპაგანდა ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის გადამოწმების სურვილიც მკითხველს არ უჩნდება, თუმცა გზავნილი ყოველთვის მარტივად გასაგებია და ადვილადაც ზემოქმედებს სამიზნე ჯგუფებზე. პროპაგანდა ოცდამეერთე საუკუნის მოვლენა არაა, ის ყოველთვის იყო სხვადასხვა ძალის მიერ მასებზე ზემოქმედების საშუალება, მისი გააქტიურება განსაკუთრებით მეოცე საუკუნეს უკავშირდება, როდესაც გერმანული პროპაგანდა კოშმარად ექცა მთელ მსოფლიოს. მაშინ ამერიკაში ასეთი რამ მოიფიქრეს, ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო ცენზურის დაწესება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებზე, რადგან ეს პრესის თავისუფლებას ზღუდავდა, მათ განიზრახეს, დაეშტამპათ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც გერმანულ პროპაგანდას ემსახურებოდნენ, რათა მკითხველს წინასწარვე ჰქონოდა ინფორმაცია შესაძლო დეზინფორმაციასა და საფრთხეზე, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში, ტექნელოგიებისა და ინტერნეტის ერაში, ფიზიკურად არის შეუძლებელი მსგავსი მარტივი მეთოდებით პროპაგანდასთან ბრძოლა, დღეს მისგან მომავალი საფრთხე გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს წინათ იყო, ამიტომ, როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული ინდივიდის მხრიდან აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვება, რათა მოსახლეობის მასები არ იქცნენ დეზინფორმაციის მსხვერპლად.
დასკვნა
ამგვარად, ბოლო დროს საქართველოში პოპულისტური ძალები ნამდვილად გააქტიურდნენ, თუმცა მათ არ გააჩნიათ ისეთი გავლენა, როგორიც ევროპულ ანალოგებს (კონკრეტულად ორბანისა და კაჩინსკის მთავრობებს). ისინი ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიით, რამდენიმე სუსტი პოლიტიკური ძალითა და შედარებით უფრო გააქტიურებული ორგანიზაციებით არიან წარმოდგენილნი. თუმცა იდეები ფაქტობრივად იდენტურია, რაც ევროპაში – ეროვნულობა, ტრადიციები, რელიგია, ანტიგლობალიზმი, უმცირესობებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მხრივ კი მათი ნაწილი ცდილობს თავი ნეიტრალურად წარმოაჩინოს, თუმცა ახასიათებთ ევროსკეპტიციზმი, მათ ნაწილს კი – რუსეთისადმი აშკარა ლოიალური დამოკიდებულება. ყურადსაღებია რუსეთის დაინტერესება და გავლენის ზრდის ტენდენციაც აღნიშნული ძალების გააქტიურების პარალელურად.