პოსტრევოლიციური სომხეთი, როგორც პროპაგანდის სამიზნე: მთავარი მესიჯები და მითები
ნარინე ხაჩატრიანი
აღმასრულებელი დირექტორი, მედიის სწავლების ცენტრი, სომხეთი
ნაწილი 2 , აგვისტო 2019
ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომეხი საზოგადოება დეზინფორმაციის და ყალბი ამბების, მიკერძოებული ჟურნალიზმისა და პროპაგანდის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ტერმინი “ჰიბრიდული ომი” სომხეთის საზოგადოებრივ დისკურსში სწრაფად შევიდა. ექსპერტებმა დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება დეზინფორმაციამ, რომელიც თავის სამიზნედ სომხეთის მთავრობასა და არჩეულ ლიდერებს იღებს, ხავერდოვანი რევოლუციის მიღწევებსა და მასთან დაკავშირებულ დემოკრატიულ ცვლილებებს ძირი გამოუთხაროს.
საინფორმაციო მანიპულაციის თემებში შედიოდა: “სოროსი”, “LGBT” თემი, “ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია”, “სტამბოლის კონვენცია” და “1-ლი მარტის მოვლენები”. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ სომხურ მედიაში ანტი-დასავლური რიტორიკა უცხოურ მედიაში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებს დაემთხვა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის ”პრორუსულ ქვეყნად” წარმოჩენას დასავლელი აუდიტორიისთვის და ”პროდასავლურად” რუსი აუდიტორიისათვის.
მესიჯები, რომლებმაც სომხურ მედიაში ხავერდოვან რევოლუციამდე შეაღწიეს, მას შემდეგ არც კი შეცვლილა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასა და რუსეთში ჩატარებული მონიტორინგის ”პროპაგანდა: ურთიერთთანამშრომლობაში უფსკრულის გაღრმავება“ თანახმად, რომელიც ერევნის პრესკლუბის მიერ განხორციელდა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამდივნოს მიერ იყო მხარდაჭერილი, სომხეთში შემდეგი პროპაგანდისტული მესიჯებია ყველაზე ფართოდ გავრცელებული:
• ”რუსეთის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებისთვის იარაღის მიწოდება არის შემაკავებელი საშუალება, ძალთა ბალანსის დაცვა. თუ რუსეთი მხარეებს იარაღს არ მიაწვდის, ამას სხვა მოთამაშეები გააკეთებდნენ, რასაც უარესი შედეგები მოჰყვება ”.
• ”ყარაბაღის “გაყინული“ კონფლიქტის „გალღობა“ დასავლეთის ინტერესებშია”.
• ”ანტირუსული სენტიმენტები სომხეთში დასავლეთი უჭერს მხარს”.
• ”სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებს უწევენ იცავენ, დასავლეთის იარაღია”.
• ”სომხეთს ნათელი მომავალი მხოლოდ რუსეთთან ალიანსში (ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში) აქვს“.
• ”აღმოსავლეთ პარტნიორობა ანტირუსული პროექტია. მისი ერთადერთი მიზანი რუსეთიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჩამოშორებაა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტის გაღარიბებას და დაკარგვას იწვევს”.
კვლევის თანახმად, ეს პროპაგანდისტული შეტყობინებები საინფორმაციო გარემოში ხშირად “რუსული ფედერალური არხებიდან ან მათი კონტენტის გავლენით” აღწევს. უფრო მეტიც, ამ არხებით გავრცელებული პროპაგანდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენას. ეს გარემოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საკმარისად არ ხდება ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება – ”ძირითადად ამ ქვეყნებში ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები არაპირდაპირი გზით, რუსული მედიის საშუალებით იქმნება”.
ამჟამად სომხეთის საინფორმაციო სივრცეში გადის სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 2 000 სატელევიზიო გადაცემა, რომელთა უმეტესი ნაწილი რუსულ ენაზეა. როგორც ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელმა, ტიგრან იაკობიანმა, ცოტა ხნის წინ პარლამენტში ”ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის” წარდგენისას განაცხადა, სომხეთმა რუსული არხების ტრანსლაცია უნდა განახორციელოს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ”სომხეთი იძულებულია დაუშვას უცხოური სამაუწყებლო კომპანიები საზოგადოებრივ მულტიფლექსში”, რაც, მისი აზრით, ტექნიკურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ განზომილებებისათვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ტიგრან იაკობიანის განცხადებით, სომხეთში მოქმედი 27 სამაუწყებლო კომპანიიდან, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში ოპერირებს, 5 უცხოურ ენაზე მაუწყებლობას და, შესაბამისად, მათზე სომხეთის საკანონმდებლო აქტები არ გავრცელდება იმ შემთხვევაში თუ კანონს დაარღვევენ. გარდა ამისა, მისი თქმით, მათ ასევე შეიძლება შექმნან უსამართლო კონკურენცია: ”არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მათ შეუძლიათ თოქშოუების დროს გადასცენ რასისტული, რელიგიური და სხვა სახის მოწოდებები და თოქშოუების დროს დისკრიმინაცია მოახდინონ“. როგორც ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელმა, ბორის ნავასარდიანმა, „არავოტის“ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რუსული სატელევიზიო არხების აუდიტორია სომხეთში წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. უახლესი გამოკვლევებით ირკვევა, რომ, როგორც აქტუალური ინფორმაციის წყაროები (გარდა გასართობი პროგრამებისა), რუსული ტელევიზიები პოპულარობით ჩამორჩებიან ონლაინ პუბლიკაციებს, სოციალურ ქსელებსა და სომხურ ტელევიზიებს, ხოლო გავლენის თვალსაზრისით, ისინი მესამე ადგილს იკავებენ.
პროპაგანდისტული მესიჯები საზოგადოებრივ აზრზე და ახალი ხელისუფლების კრიტიკაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ზოგიერთ რეპორტაჟში, რომელიც სომხეთში ცხოვრების შესახებაა მომზადებული, განსაკუთრებით პოპულარულ რუსულ მედიასაშუალებებში, წამყვანი, ”ცეცხლზე ნავთს ასხამს“, რაც სომხური ოპოზიციის ხელისუფლების საწინააღმდეგო პრეტენზიებს უფრო სარწმუნოს ხდის.
როგორც ნავასარდიანმა განაცხადა, ”სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები მიუღებელი და უცხოა რუსეთის პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, რომელთაც სომხეთში მაუწყებელ რუსულ ფედერალურ არხებზე აქვთ გავლენა”. ნავასარდიანის თქმით, სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე მათი უარყოფითი დამოკიდებულება სატელევიზიო გადაცემებში აისახება, რაზეც მათ გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ”ზოგიერთი წრე – როგორც სომხეთში, ასევე რუსეთში უკმაყოფილოა სომხეთში მიმდინარე პროცესებით. მათ აქვთ კავშირი და ურთიერთობა რუსულ ტელევიზიასთან. შესაბამისად ისინი არსებულ ნეგატივს სომხეთის შესახებ ნეგატიურ აღქმებს უმატებენ, რაც შესაბამისი რუსული პოლიტიკური წრეებიდან უკვე გვესმის“.
სომხური საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი, რაც წამყვან რუსულ სატელევიზიო არხებზე გადის ეთერში კრემლისა და რუსეთის ხელისუფლების პოზიციას ასახავს. ”დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი გადამეტებულად არის აღქმული, მაგრამ ამ აღქმას ვერაფერს მოვუხერხებთ – ხალხს სჯერა, რომ რასაც ტელევიზორი გადასცემს ვლადიმერ პუტინიც იმავეს ფიქრობს”. ამ თვალსაზრისით, ზოგიერთ სიუჟეტში, რომელიც სომხეთში ცხოვრებას აღწერს რუსული მედიას დაძაბულობა შემოაქვს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება სომხეთის მოსახლეობის მიერ რუსეთის აღქმაზე.
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის პრობლემთან გამკლავებისათვის სომხეთში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდა საზოგადოებაში მედიისა და ინფორმაციის ცოდნის დონის ამაღლების კუთხით. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ სკოლებთან, და მათ მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განსავითარებელ საჭირო ინსტრუმენტებს აწვდიან. ”მედია წიგნიერების გაზრდის მცდელობა არ შეიძლება მხოლოდ ახალგაზრდებზე იყოს მიმართული, ის ასევე უნდა მოიცავდეს მოზრდილებს, მასწავლებლებს და მედია პროფესიონალებს, რომლებიც ხშირად ტექნოლოგიებით გამოწვეული ციფრული ტრანსფორმაციისათვის ფეხის აყოლას ვერ ახერხებენ” – ამბობს ჰაიაკ ბაღიანი, რომელიც სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიის სწავლების ცენტრს ხელმძღვანელობს (აღნიშნული ორგანიზაცია ამ სფეროში 10 წელზე მეტია საქმიანობს).
მისივე თქმით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო გეგმები ეროვნული სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილი უნდა გახდეს და აგრეთვე საჭიროა ფართო მასშტაბიანი საჯარო საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. ”გასულ კვირას სომხეთის ქალაქისა და სოფლის სკოლების 30 პედაგოგი შეიკრიბა ქალაქ აღვერანში, მედია წიგნიერების საზაფხულო სკოლაში, რათა იმ თემაზე მოესმინა ლექციები, რომელიც ჯერ კიდევ არ ისწავლება ბევრ სომხურ სკოლაში. მედიის საინიციატივო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული საზაფხულო სკოლა ისეთ თემებს მოიცავდა, როგორიცაა სიახლეები წიგნიერების და ყალბი ახალი ამბების შესახებ, და მათ შორის ყურადღებას ამახვილებდა იმ მეთოდებზე, რომელიც სოციალურ მედიაში მკითხველების მოსატყუებლადაა გამოყენებული: სურათებისა და ვიდეოების მანიპულაცია, ნახევრად სიმართლე, კიბერ რისკები და ყალბი პროფილები.
ბაღიანის თქმით, მედია წიგნიერებაიმის სწავლებასა და სწავლას გულისხმობს თუ როგორ მოვიძიოთ და გავფილტროთ ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით, როგორ გავაანალიზოთ და შევაფასოთ კრიტიკულად მისი ავთენტურობა და სანდოობა. ინფორმაციის დიდი რაოდენობის გამო ძალიან რთულია განასხვავოთ, რა არის ნამდვილი და რა ყალბი. მისი თქმით, მედიის სწავლების კურსების აუცილებელი ნაწილია საკუთარი მედია პროდუქტებისა და მესიჯების შექმნა, რადგან მედიის წარმოება ახალი უნარ-ჩვევების შეძენის ეფექტური საშუალებაა.
ლილიტ კარაპეტიანის განცხადებით, რომელიც სომხეთის ტავუშის პროვინციის სოფლის სკოლაში საქმიანობს, ”პროპაგანდის გამოვლენა რთული ამოცანაა”. მისივე თქმით, ”ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით პროპაგანდა ფაქტების ნაცვლად, ხშირად წარმოადგენს შერჩევით ინფორმაციას გარკვეული მიკერძოებით“. ბავშვებს და მოზარდებს უნდა შეეძლოთ განსაჯონ, მიწოდებული ინფორმაცია მოსაზრებაა თუ ფაქტებზეა დაფუძნებული, სიუჟეტი, ვიდეო ან რაიმე ინფორმაცია მხოლოდ მსჯელობის გასამყარებელ შერჩეულ ფაქტებსა და სტერეოტიპებს იყენებს თუ მიუკერძოებელია? ახალი ამბავი დასაჯერებლად ზედმეტად კარგი ხომ არ არის? მედია და ინფორმაციული წიგნიერება შეიძლება საინფორმაციო ერაში ინფორმაციის დამახინჯების წინააღდეგ საბრძოლველად ეფექტური ანტიდოტი იყოს, რამდენადაც ამას ხალხის გაძლიერება, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა შეუძლია.