20 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია მეცნიერებთა აკადემიაში მიმდინარე ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომის ფარგლებში აკადემიკოს თეიმურაზ ფაჩულიას მოხსენების შესახებ თემაზე „„ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“.
მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოქვეყნებული პოსტში გადმოცემულ შინაარსს არ იზიარებს თავად თეიმურაზ ფაჩულია და აღნიშნავს, რომ მისი სიტყვები დამახინჯებულად არის გადმოცემული.
მეცნიერებათა აკადემიის პოსტის თანახმად საკუთარ მოხსენებაში თეიმურაზ ფაჩულია აღნიშნავს, რომ „სსრკ-ის დაშლა არის მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია”, თავად ფაჩულიას თქმით კი ეს სიტყვები მას არ ეკუთვნის და მან მოიყვანა პუტინის აღნიშნული ციტატა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ აზროვნებს რუსული გეოპოლიტიკური სკოლა. ფაჩულიას თქმით თავად იგი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ თავად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომლის ფარგლებშიდაც იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თავის მხრივ ტელეკომპანია „ფორმულას” სიუჟეტში ასევე ხაზგასმულია, რომ ფაჩულია იყო „პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი კანდიდატი სამეგრელოში, ეს პარტია კი ღია პრო-რუსული ნარატივებით გამოირჩევა.
მეცნიერებათა აკადემიაში გაჟღერებული პრო-რუსული ნარატივების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას” სიუჟეტის ფარგლებში კომენტარი გააკეთა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა – გიორგი მელაშვილმა და აღნიშნა, რომ მეცნიერებათა აკადემიაში ცოტას აქვს გააზრებული თანამედროვე სოციალური მეცნიერებების მნიშვნელობა და მიდგომები. მისი თქმით აღნიშნულ ინსტიტუციაში ჯერ კიდევ მრავლად არიან საბჭოთა აკადემიური სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ იმავე სპეციფიკით, როგორც ეს სსრკ-ს დროს იყო და ხშირად აჟღერებენ იმ ნარატივებს (მეტწილად ანტი-დასავლურს), რომელსაც იყენებდა სსრკ და რომელთაც ახლა აქტიურად მიმართავს რუსეთი.