დღევანდელი დღე განსაკუთრებით დამღლელი გამოდგა განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობის გამო. მუნსტერიდან ჯერ დუსელდორფში გადავედით, რომელსაც ,,დორფობის“, ანუ სოფლობის, არაფერი ეტყობა. იგი ნორდრაინ-ვესტფალიის დედაქალაქია, ვეწვიეთ პარლამენტს და გვქონდა შეხვედრა ამ პარლამენტში ლიბერალური პარტიის “whip”-თან. იგი რურალური არეის წარმომადგენელი იყო და გვთხოვა კითხვების ამის შესახება დაგვესვა. გადავწყიტე შანსი ხელიდან არ გამეშვა და გერმანელი ლიბერალის რჩევაც მომესმინა საქართველოში აგრარული სექტორის გარშემო. პრინციპში, პასუხს დიდად არ გავუკვირვებივარ: სუბსიდიები გამოსავალი არაა, კონცენტრირდით ინფრასტრუქტურასა და ინოვაციებზე, ასევე განათლებაზე. გარდა ამისა ვისაუბრეთ გერმანიის ფედერალურ სისტემაზე, ამ სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და პრობლემებზე.

დუსელდორფიდან მონჰაიმში გადავინაცვლეთ, სადაც ადგილობრივ მერს შევხვდით. მისი ისტორია მართლაც საინტერესოა. მან და მისმა მეგობრებმა, 16-18 წლის ასაკში გადაწყვიტეს საკუთარი, ახალგაზრდა კანდიდატი გაეყვანათ საკრებულოში(გერმანიაში ადგილობრივა რჩევნებში ხმის მიცემის უფლება 16 წლიდან აქვთ), რაც პირველივე არჩევნებზე წარმატებით მოახერხეს. თანდათანობით მათი პარტია გაიზარდა და ქალაქის არჩევნებში თითქმის ყოველ ჯერზე აორმაგებდა თავის შედეგს, საბოლოოდ უმრავლესობაც მოიპოვეს და უკვე მეორე ვადაა მერიც ამ პარტიის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წევრია. ამ მერმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი – ბიზნესის გადასახადის მინიმუმამდე შემცირებაა, რის შედეგადაც იგი სხვა მერების მხრიდან სიძულვილის მსხვერპლი გახდა, რადგანაც ბიზნესების და ინდუსტრიების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ბინა მონჰაიმში დაედო. როგორც ხდება ხოლმე, გადასახადების შემცირებამ მთავრობის შემოსავალი კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა პროექტები, მონჰაიმში თანდათანობით ინერგება ,,ჭკვიანი ქალაქის“ ტექნოლოგიები, პირველი ნაბიჯი ამისკენ მომსახურების ცენტრის შექმნაა, რომელიც ჩვენი იუსტიციის სახლის ადგილობრივი დონის ვერსიას წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა დოკუმენტაციის შედგენა უმეტესწილ დიგიტალიზირებულია. ასევე დამზადების პროცესშია ქალაქის ბარათი, რომლის საშუალებით მოქალაქეები სხვადასხვა ბენეფიტებს, უპირველეს ყოვლისა კი ქალაქის შიგნით უფასო ტრანსპორტს მიიღებენ. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქაური მუსლიმური თემებისთვის მეჩეთის ასაშენებლად მიწების გადაცემაა. გერმანიის კონსტიტუცია პირდაპირ მოთხოვნას უყენებს ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა აქამდე ეს კანონი მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიებისთვის არსებობდა. მონჰაიმის მერმა გადაწყვიტა ეს სიტუაცია შეეცვალა, აღსაღნიშნი და დასაფასებელი ფაქტია ის, რომ მუსლიმური თემის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას სრულაიდაც ვერ იღებს, შესაბამისად ვერ ვიტყვით რომ ეს ხმების მოსაზიდად გაკეთდა.

მეჩეთების მშენებლობა საქართველოსთვისაც აქტუალური საკითხია, მონჰაიმის მაგალითი კი იმას უსვამს ხაზს, რომ განსხვავებულობა და ამ განსხვავებულობის პატივისცემა არათუ ცუდი, არამედ დადებითი შედეგების მომტანია. დამღლელი დღის შემდეგ ქალაქ გუმერსბახს დავუბრუნდით. პირველ დღეს გვეხუმრებოდნენ, ეს ადგილი თქვენთვის მალე მეორე სახლად იქცევაო, ეს ხუმრობა რეალობად იქცა, გუმერსბახში დაბრუნება გულს გაუხარდა, რაც მალე დიდმა დარდმა შეცვალა, სემინარის დასრულებამდე 2 დღეღა რჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.