და აი ჩამოკრა უბედურების ზარმა.
სემინარის ბოლო, გერმანიაში ყოფნის კი ბოლოსწინა დღეა. სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ვარჯიში დღეს დავასრულეთ, აღსაღნიშნია, რომ ზოგადად ძალიან აქტიური ჯგუფი, რომლის წევრებიც ხშირად ვსვამდით კითხვებს და ვაკეთებდით არაერთ კომენტარს, დღეს ფაქტობრივად ხმას არ ვიღებდით. ყველას ნამდვილად ერთი რამე გვიკლავდა გულს, ჩვენი მეორე სახლის დატოვება. შუა დღეს IAF -ის ხელმძღვანელი ბეთინა სოლინგერიც შემოგვიერთდა, სემინარის სხვადასხვა დეტალები განვიხილეთ, ჯგუფი ერთხმად თვლიდა რომ იდეალურად შედგენილი სემინარი იყო, შესანიშნავი თავისუფალი და სამუშაო დროების ფარდობით, გამორჩეული მოდერატორებით და სხვ.
საღამოს სასიამოვნო სადილი გვქონდა, გადმოგვცეს სერტიფიკატებით და გაგვიმასპინძლდნენ ნაირფეროვანი საჭმლით(თუმცა საჭმელს ნაირფეროვნება არც აქამდე აკლდა), შემდგომ ბარში გადავინაცვლეთ, სასმელების აღების შემდეგ კი ეზოში. ისე აეწყო, რომ ყველამ სცადა საკუთარი მშობლიური ცეკვის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა არ მიყვარს, კარგად არც ვიცი და ბოლოს 7 წლის წინ თუ ვიცეკვე, გადაწვყვიტე რომ საქართველო თავისი, ჩემი აზრით, უნიკალური ცეკვის სტილით არ უნდა დაჩაგრულიყო და ამ ,,საერთაშორისო კონკურსზე“ უნდა წამდგარიყო. ყველაზე უკეთ რაჭულის მოძრაობები მახსოვდა, მუსიკა ჩავრთე და მაქსიმალურად კარგად ვცადე მეცეკვა, რამდენიმემ სცადა ამყოლოდა, თუმცა ბუნებრივია წინასწარი მომზადების გარეშე რაჭულის სწრაფ ილეთებზე აყოლა შესაძლებელი ნამდვილად არაა. დამშვიდობების პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა, ამასთანავე საინტერესოც, როგორც ყველაზე უმცროსს, არაერთმა გადაწყვიტა ჩემთვის რაღაცა რჩევა მოეცა(თარჯიმნის რჩევა შეეხებოდა ჩემი სწრაფი მეტყველების შენელებას, რაც ნამდვილად გასათვალისწინებელია :დ). მოკლედ, ბარგი ჩალაგებულია, ხალხი დამშვიდობებული, თუმცა არა დამშვიდებული. დამწუხრებულობამეტრმა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.