აკადემიას დავემშვიდობე, პრინციპში გერმანიასაც, ახლა გოკჩენის აეროპორტში ვზივარ და უვაიფაოდ მყოფი მოკლედ ბოლო დღის შესახებ მოგიყვებით და ზოგადად სემინარსაც შევაფასებ. რადგანაც ფრენა ღამით მაქვს, შესაბამისად მთელი დღე თავისუფალი მქონდა, გადავწყვიტე გერმანიაში პატარა ლაშქრობა მომეწყო და ულამაზეს ელცის ციხეს ვეწვიე. როდესაც დასავლეთ გერმანიას ეწვევით, ეს ადგილი აუცილებლად ჩაინიშნეთ, ძალიან საინტერესო და ლამაზი რამაა, როგორც თავად ადგილი, ასევე იქამდე მისასვლელი გზაც. ლაშქრობამ წარმატებულად ჩაიარა, ტყეებში სიარულისას გადავეყარე ულამაზესს ციყვს, შველს და ასევე ირემს. რაც მთავარია ისე არ დავკარგულვარ, რომ ვერ გამომეგნო, არც მატარებელზე დამიგვიანია და არც თვითმფრინავზე.
თბილისში დაბრუნებამდე რამდენიმე საათიღა მრჩევა, თუმცა გერმანიაში გატარებულ 12 დღეს ვერანაირად ვერ ველევი. ეს იყო ალბათ ყველაზე საინტერესო 12 დღე ჩემს ცხოვრებაში, დახუნძლული მრავალი ემოციით და დიდი გამოცდილებით. უპირველესი რამ, რაც ამ სემინარზე შევიძინე გაბედულობაა, როდესაც შენზე ბევრად უფროსი ადამიანები ინტერესით გისმენენ, მათგან არაერთ შექებას იმსახურებ, ნამდვილად მოქმედებს შენს გაბედულობაზე. მეორე, რაც უკვე უშუალოდ სემინარს უაკვშირდება – პიროვნული კომუნიკაციის უნარებია, ინტერვიუსა და სპიჩზე ვარჯიში ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც არაერთხელ გამეორდა სემინარზე, ლიბერალებს ხშირად აწუხებთ კარგი იდეები, მაგრამ ყოველთვის ვერ გადმოსცემენ მას შესაბამისად და ფასიც ეკარგება. მესამეა ის უშუალო ცოდნა რაც უკავშირდება ადგილობრივ მმართველობას, „ჭკვიან ქალაქს“ და სხვ. უნდა მოვიხსენიო აუცილებლად ჯგუფში მუშაობის, ასევე პრეზენტაციის გაკეთების უნარის განვითარება. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყო მთავარი მონაპოვარი და ესაა მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში. გერმანიამ ჩემს ყოველგვარი მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო ის რო გერმანელი ხალხი ცივია და მსგავსი რამეები, მხოლოდ სტერეოტიპი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასასრული, ისევე როგორც ამ ულამაზეს და საინტერესო დღეებს, თუმცა ჩემთან ერთად რჩება მოგონებები, გამოცდილება და ადამიანები.