მესამე დღე ძალიან დატვირთული და დამღლელი, მაგრამ ამასთანავე საინტერესო აღმოჩნდა. დღის პირველი ნაწილი ლიბერალიზმის ზოგადი პრინციპების განხილვას დავუთმეთ, დაგვირიგდა სხვადასხვა ტერმინები, რომლებიც ლიბერალიზმს რაღაცნაირად მაინც უკავშირდება, თითოეულ მათგანზე პატარა შესავალ სიტყვას ვაკეთებდით, შემდგომ კი იწყებოდა დისკუსია ამა თუ იმ ტერმინის გარშემო. მოვისმინე ბევრი განსხვავებული აზრი, დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, ამასთანავე ვცდილობდით კავშირი დაგვენახა ლიბერალიზმის სხვადასხვა პრინციპებს შორის, მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ ნაყოფიერი დილა გვქონდა. სესიის ბოლოს ერთ-ერთი მონაწილის მიერ ფილოსოფოსად შევირაცხე, მერე რომ დავფიქრდი, მართლაც, თითქმის ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ვთქვი, რომელიმე ფილოსოფოსი მაინც ვახსენე, ჩემთვის გადმოცემული ტერმინი – განმანათლებლობაც ფილოსოფიასთან ძირეულ კავშირშია. შუა დღის განმავლობაში შევეცადეთ ლიბერალიზმთან დაკავშირებული ეს ზოგადი პრინციპები მეტად დაგვეკონკრეტებინა და თვითმმართველობის საკითხებზე მოგვერგო, მე ვიტყოდი, რომ საბოლოოდ ეს საკმაოდ წარმატებულად შევძელით. ამჯერად სამუშაო ჯგუფში მე პრეზენტაციის გაკეთება დამევალა, ზოგადად პრეზენტაციებს ასე თუ ისე მიჩვეული ვარ, თუმცა ინგლისურ ენაზე რომ უნდა გამეკეთებინა ამან ცოტა შემაშინა, საბოლოოდ, როგორც თანამონაწილეებმა მითხრეს, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.

სამუშაო დღე ამ პრეზენტაციებით დამთავრდა, გადავწყვიტე სანამ ჯერ კიდე დღის შუქი იყო აკადემიის შემოგარენი კიდევ უფრო კარგად დამეთვალიერებინა და უფრო შორს შემეტოპა, აქვე ახლოს ერთ-ერთ ტყეში შევედი და არც თუ ისე მცირე ხანი ვიბოდიალე, ამავე ტყეში ლამაზი შველი და შვლის ნუკრიც დავინახე(ჩემდაუნებურად ცოტათი შევაშინე კიდეც), მას შემდეგ რაც უკან დავბრუნდე ახლადგაცნობილ ადამიანებთან ერთად დღესაც გერმანული ლუდი მივირთვი, იქამდე კი თითოეულს ვთხოვე გაესინჯათ სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი ჩურჩხელა, უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეთა უმრავლესობისთვის იგი საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა(არც გამკვირვებია!). მონაწილეთა შორის ყველაზე უმცროსი ვარ, რაც უკვე ერთ-ერთ ძირითად სახუმარო თემად იქცა ჩვენს შორის, სიმართლე ითქვას, კარგად ხუმრობენ და მეც ბევრს მაცინებენ. ხვალ გერმანიის ერთ-ერთ ცნობილ ქალაქს – კოლნს ვეწვევით, მის დასათვალიერებლად ბევრი დრო არ მექნება, მაგრამ იმედია ძირითადი სანახაობების ნახვას მაინც მოვასწრებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.