დღეს კოლნს ვეწვიეთ, ერთ-ერთ ძველ გერმანულ ქალაქს, ცნობილს თავისი კათედრალით. ჩასვლისას, უპირველესყოვლისა, შევხვდით გერმანულ ქალაქთა ასოციაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელმაც გაგვაცნო ამ ასოციაციის მუშაობის სპეციფიკა. მათი უმთავრესი მიზანი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ავტონომიის შენარჩუნება და მაქსიმალური გაფართოება. აღმოჩნდა, რომ გარდა ლობისტური მექანიზმებისა, მათ ამისთვის ლეგალური მექანიზმიც აქვთ, რაც გულისხმობს, რომ ქალაქებს გარკვეულ საკითხებზე შეუძლიათ უჩივლონ სახელმწიფოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამასთანავე აღმოჩნდა, რომ ასეთი საქმეები აქამდე მუდმივად ქალაქების სასარგებლოდ წყდებოდა.

ამ საქმიანი შეხვედრის შემდგომ თავისუფალი დრო გვქონდა, ავტობუსმა ცნობილ Koelner Dom -ამდე (კოლნის კათედრალი) მიგვიყვანა და გზაზი გადმოსვლისთანავე ჩემს წინ უზარმაზარი, თავისებურად მკაცრი, მშვენიერი და რთული არქიტექტურული ნიუანსებით დახვეწილი კათედრალი გამოჩნდა. გარედან ჩუქურთმებით და ქანდაკებებით დამშვენებული, შიგნიდან ულამაზესი მოხატულობით და ვიტრაჟებით დახუნძლული გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კათოლიკური ეკლესია ნანახი მაქვს, კოლნის კათედრალმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სიმაღლეს არ შევუშინდი და მის ერთ-ერთ კოშკზეც ავედი, მოგვიანებით გავიგე, რომ კათედრალის სიმაღლე ჯამში 157 მეტრია, შესაბამისად მე სადღაც 130-140 მეტრზე მაინც ავიდოდი, ბუნებრივია, აქედან შესანიშნავი ხედები გამოჩნდა.

შევეცადე ქალაქში რაც შეიძლება მეტი მევლო, თუმცა ჩემს განკარგულებაში მყოფი 4 საათი საკმარისი სრულიადაც არ აღმოჩნდა კოლნის კარგად შესასწავლად. ძალიანაც რომ აღარ გავაგრძელო, ერთ რამესღა დავამატებ, გერმანელ ხალხს მართლაც ძალიან, ზედმეტადაც კი ჰყვარებიათ ლუდი, ყოველი მესამე-მეოთხე მდინარე რაინის პირას მოსეირნე გერმანელი ლუდით ხელში მხვდებოდა und das ist warum jeder Deutschland lieben soll ! (მხოლოდ ერთი, მრავალი მიზეზიდან)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.