სემინარის მეოთხე დღე(გერმანიაში ჩამოსვლიდან მეხუთე), აღმოჩნდა ყველაზე დამღლელი და ამასთანავე ყველაზე საინტერესო. დღევანდელი თემატიკა პუბლიკასთან კომუნიკაციის უნარები იყო, სამუშაო დღე ორ ნაწილად გაიყო, დილით ვიმუშავეთ ინტერვიუს ფორმატზე, შუა დღისას კი სპიჩის – სიტყვით გამოსვლის ტექნიკაზე. ყოველ ჩვენგანს მოუწია ორივე აქტივობის გაკეთება, შემდგომ ხელმძღვანელებისგან და სხვა მონაწილეებისგან კრიტიკისა და არა მხოლოდ კრიტიკის, არამედ შექების მოსმენაც. ყველა სხვა მონაწილე ან პოლიტიკოსია, ან ჟურნალისტი შესაბამისად მათთვის ეს არც პირველი ინტერვიუ იყო და არც პირველი სიტყვით გამოსვლა, მათ შორის ყველაზე გამოუცდელი მე ვიყავი, შესაბამისად, მაქსიმალურად მოვინდომე რომ თავი კარგად წარმომეჩინა და, ასე ვთქვათ, არ დავჩაგრულიყავი, საბოლოო ჯამში ორივე ამოცანას წარმატებით გავართვი თავი, ახალი მეგობრებისგან უმეტესწილ დადებითი(ზოგიერთისგან გარდამეტებულად დადებითიც კი) შეფასებები მოვისმინე, თუმცა ბუნებრივია სამართლიანი კრიტიკაც დავიმსახურე(რაც კარგია, როცა იცი რაა პრობლემა, ცდილობ მის გამოსწორებას). ინტერვიუს შემთხვევაში მთავარი პრობლემა იყო ჩემი ძალიან სწრაფი მეტყველება, იმდენად სწრაფი, რომ ვიდეოს მოსმენისას ჩვენი თარჯიმნები, რომლებიც სინქრონულად თარგმნიდნენ რუსულად და არაბულად, გულწრფელად შემეცოდნენ, ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ღირებულებები, მიზნები და განხორციელებული პროექტები კარგად გადმოვეცი.
ხელმძღვანელისგან მივიღე ერთი დიდი შექება, რომ საუბრისას წარმოვაჩენ სწრაფვას, ე.წ ,,ჟილკას“(ინგლისურად “Passion”). რაც შეეხება სიტყვით გამოსვლის ნაწილს, ჩემმა ,,სპიჩმა“, რომელიც მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, რამაც ძალიან გამახარა, თუმცაღა კი ვთვლი, რომ ჩემი მეგობრები ზედმეტად კეთილები იყვნენ ჩემს მიმართ. როგორც თავში აღვნიშნე დღე დამღლელი იყო, დასვენებისა და რელაქსაციისთვის საღამოს პერიოდში კვლავ ქალაქსა და ახლო-მახლო ტყეებში გასეირნება გადავწყვიტე, უნდა აღინიშნოს, რომ გუმერსბახი ისეთი ქალაქია, სადაც სეირნობას რომ დაიწყებ, რთულია გაჩერდე, მთავარი გზიდან არაერთი გვერდზე გადასახვევი ბილიკია, რომელიც ბუნების სიღრმეებისკენ გიბიძგებს, ასეთი, შედარებით პატარა, ტყეში ჩაფლული ქალაქი ნამდვილი აღმოჩენაა ჩემთვის, როგორც ფეხით სეირნობის მოყვარული ადამიანისთვის.