დღევანდელი დღე ადრიანად დაიწყო, წინ დიდი გზა გველოდა. პირველ რიგში ვეწვიეთ მეტაბოლონს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ (ყოფილ) ნაგავსაყრელს. გერმანიაში ნაგავსაყრელები უკვე გარკვეული პერიოდია რაც დახურულია, ხოლო ერთ-ერთი მათგანი მათ ინოვაციურ ცენტრად გარდაქმნეს, სადაც აქტიურად მიმდინარეობს როგორც სამეცნიერო კვლევები, ასევე შემეცნებითი ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის. დილით მისულებს არავინ დაგვხვდა, შესაბამისად, თავდაპირველად მეგონა, რომ იგი არც თუ ისე პოპულარული უნდა ყოფილიყო, იქ გაჩერება კი შუა დღემდე მოგვიწია და მეტაბოლონში მოსული ხალხის რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა, მოდიოდნენ მშობლები ბავშვებითურთ და გართობა-თამაშში ნარჩენების რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობას იგებდნენ. ჩემი აზრით, მეტაბოლონი იმის მაგალითია, თუ ერთი შეხედვით ყველაზე გამოუყენებადი ადგილი რაციონალურად და კეთილი მიზნებისთვის როგორ გამოიყენო.
მეტაბოლონის შემდგომ ქალაქ მუნსტერის ჯერი დადგა. პირველი რაც ქალაქის ცენტრისკენ გზაზე თვალს გჭრის, უზარმაზარი ტბაა, წარმოიდგინეთ თბილისის ზღვა, ოღონდ ქალაქის ცენტრში, საკმაოდ დიდი პარკით გარშემო. მეორე – ველოსიპედთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა, ჩვენ სპეციალურად გაგვაფრთხილეს კიდეც, რომ ქალაქში ველოსიპედთა ინტენსიური მოძრაობა იქნებოდა და ფრთხილად ვყოფილიყავით, გაფრთხილების მიუხედავად მოლოდინი რეალობით გადაჭარბებულ იქნა.
დღეს არავითარი ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია, მხოლოდ თავისუფალი დრო, რომელიც ჩემს შემთხვევაში ძირითადად მცირე შოპინგში დაიხარჯა, ვინაიდან კვირაობით გერმანიაში მაღაზიები არ მუშაობს და დღევანდელი დღე ფაქტობრვიად ერთადერთი შანსი იყო ამისთვის, თუმცა რადგანაც მაღაზიები ქალაქის ცენტრში, ე.წ Altstadt, ანუ ძველ ქალაქშია განლაგებული, მაღაზიებში სიარულისას ქალაქიც შემომესწავლა, მოვინახულე აქაურო კათედრალები, რომლებიც თითქოს არაფერია კოლნის უზარმაზარ კათედრალთან მიმართებაში, თუმცა მაინც მონუსხავს ნებისმიერს. მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ქალაქში ხეტიალისას მივიღე ისაა, თუ რამდენად ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთა მოყვარული ქალაქია მუნსტერი. ამასთანავე მნიშვნელოვანი ამბავი : მუნსტერში ფესტივალია, რაც ქალაქში ბევრ სხვადასხვა ტიპის მუსიკას ნიშნავს. დიდ ხნიანი მგზავრობის გამო, დღე საკმაოდ დამღლელი გამოდგა, თუმცა Es lohnte sich.