მეორე დღე მუნსტერში უფრო საქმიანი იყო. დაგვევალა ფეხით მოგვეარა ქალაქის სხვადასხვა ადგილები, გვესაუბრა მოსახლეობასთან და გარდა იმისა, რომ შეგვესრულებინა განსხვავებული სახალისო დავალებები, გაგვეკეთებინა პრეზენტაცია ქალაქის შესახებ. სამწუხაროდ ამინდი წვიმიანი იყო, თუმცა ჩვენი, მონაწილეთა მხრიდანაც კი ეს პრობლემა არ აღმოჩნდა, იმდენად გვქონდა სურვილი ამ დავალების შესრულებისა. მართალია საშინლად დავსველდით, თუმცა ორივე, სახალისო და სერიოზული, დავალება წარმატებით შევასრულეთ. ქალაქის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია პირდაპირ საკრებულოს შენობაში ე.წ “Rathaus”-ში მივიღეთ, ისე რო არავითარი პროცედურის გავლა არ დაგვჭირვებია, რაც იმის მიმანიშნებელია, თუ რამდენად გამჭირვალეა აქაური თვითმმართველობა. ამასთანავე დიდი სურვილი მქონდა ადგილობრივებთან გასაუბრებისა, ერთი გერმანული გარეგნობის ადამიანიც შევარჩიე ქუჩაში, გერმანულის ცოდნა მოვიკრიბე, პირველ რიგში სწორედ იმ საკრებულოს შენობის მდებარეობა მაინტერესებდა და დიდი ამბით ვკითხე : Hallo, wo das Rathaus ist – თქო, და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა პასუხად რო მივიღე : English? შემდგომ რო დავფიქრდი, რომელი გერმანელი, მითუმეტეს მუნსტერელი გამოვიდოდა ქალაქის ცენტრში, საკმაოდ ძლიერი წვიმისას. დღის მეორე ნაწილში დილით დაგროვილი გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გვქონდა, შემდგომ კი კვლავ თავისუფალი დრო, რომელიც ქალაქში ბოდიალსა და სხვადასხვა ტიპის, დაწყებული ჯაზით, დამთავრებული როკით მოსმენაში დავხარჯე. უნდა აღინიშნოს, რომ ამასობაში მონაწილეთა შორის ყოველგვარი გაუცხოვება ნელ-ნელა იშლება, თანდათანობით კარგი მეგობრები ვხდებით.