ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტის რაუფ ნავრუზალოვის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
ჩემი დაკვირვებით ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს პოლიტიკაში არის ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა, რეალურად დღეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომ გადადგან პროგრესული ნაბიჯები ქვეყნის განვითარების გზაზე. ბოლო გამოკითხვებით კი ირკვევა, რომ კატასტროფული სურათი გვაქვს, ახალგაზრდების 62% აპოლიტიკურია, განსაკუთრებულად მწვავეა სიტუცია იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად უმცირესობები არიან დასახლებული. ბარიერი იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ აქვთ არანაირი სურვილი და ინტერესი, რომ გახდნენ თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი, მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ დაკარგული აქვთ იმედი, თავს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად თვლიან. გამოსავლად კი ვფიქრობ, მეტი საშუალება უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, და ამის ინიციატორები, მოქმედი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
წარსულიდან დავასახელებდი ფარიხანუმ სოფიევას, რომელიც პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი გახლდათ საქართველოს პარლამენტში, ეს იმ პერიოდში, როცა დღევანდელ განვითარებულ ქვეყნეში ქალებს არათუ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ეს მიგვითითებს იმაზე რამხელა კულტურისა და მრავალფეროვნების მატარებელი ქვეყანაა ჩვენი სამშობლო. ჩვენს თანამედროვეობიდან კი ალბათ დავასახელებდი ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც აქტიურად იცავს საქართველოსში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და მათი ხმაა პარლამენტში. სამაგალითო ორგანიზაციად კი-“სალამი” და “წითელი ხიდი”.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
ვამაყობ მხოლოდ იმით, რომ დღეს ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ, იმ ახალგაზრდების გვერდით, ვისაც სურს ევროპული საქართველო და ამისათვის იბრძვის, აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ ქვეყანა დაახლოვოს დასავლურ ცივილიზაციას!
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ამჟამად ვარ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად კი ვთანამშრომლობ რამდენიმე არასამთავროპო ორგანიზაციასთან.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
ეთნიკური უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 15%ზე მეტს შეადგენენ. ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ეთნიკური დასახლებულ რეგიონებში ჩატარებული გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამ ჯგუფებში განაწყენების, გაუცხოების, დაუცველობისა და უსამართლობის განცდა არსებობს.ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ დაბალია, რაც პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის სუსტ კავშირზე მიუთითებს, ეს კი გავლენას ახდენს პოლიტიკურ ჩართულობაზე. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ცხოვრებიდან, მათი ინტეგრაციის დაბალი დონე საჯარო პოლიტიკაში ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
აქ მახსენდება მერაბ კოსტავას გენიალური გამონათქვამი: “დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. ვფიქრობ, ზუსტად ასახავ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევას.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
ახალგაზრდები და ისევ ახალგაზრდები! ამ ქვეყნის შვილებს აქვთ ყველანაირი რესურსი, შესაძლებლობა და უნარი, რომ თავიანთი პოზიცია გამოხატონ, ეს ვნახეთ მარტის აქციების დროს და დავრწმუნდით, რომ ძალა მართლაც ერთობაშია.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
1. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს.
2. ვარდების რევოლუცია, რის შემდგომაც გავხდით ნამვდილი სახელმწიფო პირდაპირი გაგებით.
3. მარტის აქციები, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა დაამარცხეს „რუსული კანონი“