დიდი ხნის განმავლობაში ვენესუელა, სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი გააჩნია, კორუფციის, მთავრობის უნიათობისა და (ჩვენთვის) აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციასთან ასოცირდებოდა.

რამდენიმე საათის წინ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, 34  წლის ხუან გუაიდომ  გამოაცხადა საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად და მიიღო აშშ-სა და ბრაზილიის აღიარება (ჩვენიც – მინისტრმა ზალკალიანმა ვენესუელის ახალი პრეზიდენტი გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, twitter-ზე აღიარა).

ვენესუელა, ლათინური ამერიკის ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომლის ნავთობის მარაგები აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის მარაგებს, დღეს სიღარიბისა და კორუფციის სინონიმია. ნავთობის უზარმაზარი მარაგების მიუხედავად, პრეზიდენტ მადუროსა და მისი მენტორისა და წინამორბედის, უგო ჩავესის, ხელმძღვანელობით, პოპულისტური მემარცხენე დაპირებებისა და მიდგომების შედეგად ვენესუელის სახელმწიფო და ეკონომიკა დღეს განადგურებულია. ქვეუანაში არის საჭმლის, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების ნაკლებობა.

მდგომარეობა ვენესუელის საავადმყოფოებში მეცხრამეტე საუკუნეს გავს – წამლების ნაკლებობა, საპნის არ ქონა, მუდმივად ითიშება დენი, ექიმებს შპრიცებიც კი არ აქვთ. ბავშვთა სიკვდილიანობა 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ვენესუელაში არ არსებობს ფული – ინფლაციამ მილიონობით პროცენტს მიაღწია, რის გამოც ვენესუელის ფული გადაიქცა ჩვეულებრივ ქაღალდად. ყოველივე ამის ფონზე, ვენესუელის პრეზიდენტი და მთავრობა საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობდა – ოპოზიციის წარმომაგენლების დაშინება, მკვლელობა და გატაცება იქ ჩვეულებრივი ამბავია. ვენესუელაში არ არსებობს სასამართლო – ის სრულიად კონტროლდება მთავრობის მიერ და, რეჟიმის მოთხოვნით, პარლამენტის დადგენილებს აუქმებს.

ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

ამ კონტექსტში, ჩვენთვის მნივნელოვანია სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მონაწილეობა მადუროს „ინაუგურაციის“ ცერემონიაში. ეს ქმედება – რომელიც ცალსახად ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციასა და იქ ჩატარებული ეთნიკური წმენდის გათეთრებას – მისი კომიკურობის მიუხედავად საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.

ამ არაადამიანური რეჟიმის დაცემა ძალიან გამიხარდება – ვენესუელის მოსახლეობა იმსახურებს ნორმალურ, ღირსეულ მთავრობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ლეგიტიმაციის შემამცირებელი ნებისმიერი მოვლენა სასიხარულოა. Viva la libertad !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.