აბსტრაქტი

საქართველოში კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი მოსწავლეთა განათლების უფლება, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე განავითარებს საკუთარ პიროვნებას, იძენს საჭირო უნარ-ჩვევებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულად ჩართვისათვის საჭირო შესაძლებლობებს. ამასთანავე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში. კოვიდ-პანდემიის ფარგლებში შექმნილმა შეზღუდვებმა სერიოზული და ყურადსაღები პრობლემა გააჩინა განათლების სისტემაში. ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება გადაულახავი პრობლემაა ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისათვის, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო ამცირებს ხელმისწავდომობას ზოგად განათლებაზე და ზრდის განსხვავებას სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის ქვეყანაში. საქართველოს რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ პრობლემის დაუყოვნებლივი გადაჭრა აუცილებელია არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც გვეუბნება, რომ მისი მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის არმქონე მოსწავლეთათვის აღჭურვილობის სახელმწიფოს მიერ შეძენით შეიძლება. ამასთანავე აუცილებელია შეიქმნას მენტორობის მექანზიმი, რომელიც დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს მოკლე ვადაში აითვისონ კომპიუტერული უნარები. პარტიები იაზრებენ რა აღნიშნული დახმარების დანახარჯებს მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ აზრს, რომ განათლება და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა აღნიშნული კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია არსებული პრობლემებიდან. აქედან გამომდინარე პარტიები თვლიან, რომ კომპიუტერულ აღჭურვას არსებულ მგდომარეობაში ალტერნატვია არ გააჩნია მიუხედავად მაღალი დანახარჯებისა.

შესავალი

განათლება კონსტიტუციით უზრუნველყოფილი მოსწავლეთა უფლებაა, რომლის მეშვეობითაც მოსწავლე განავითარებს საკუთარ პიროვნებას, იძენს საჭირო უნარ-ჩვევებს და აყალიბებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულად ჩართვისათვის საჭირო შესაძლებლობებს.
საქართველოში მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სოფლად მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით რთული, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელი აღმოჩნდა განათლების მიღება პანდემიის პირობებში.
წინამდებარე დოკუმენტში განხილულია საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული პრობლემა ონლაინსწავლებაში ჩართულობის კუთხით. ასევე, წარმოდგენილია პრობლემის გადაჭრის გზები, თუ როგორ შეიძლება არსებული მიდგომის გაუმჯობესება, რათა განათლების სამინისტროს პოლიტიკამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის ჩართულობა ონლაინსწავლების პროცესში.

პრობლემის აღწერა

რატომ არის ასე ცოტა მოსწავლე ჩართული ონლაინსწავლების პროცესში? შეკითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: მოსწავლეებს არ გააჩნიათ საჭირო ტექნოლოგიები და არც ინტერნეტი, ისინი არ ფლობენ საჭირო კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და შესაბამისად, ონლაინსწავლების მიღმა რჩებიან.
მინიმუმ 30,000-მა მოსწავლემ ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში კომპიუტერისა და ინტერნეტის არქონის გამო.
დღეისათვის განათლების სამინისტროს არ გააჩნია არანაირი კონკრეტული გეგმა თუ როგორ იზრუნების სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეების ინტეგრირებაზე, აგრეთვე, არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს თუ როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი სექტემბრიდან. შესაბამისად, რთულია იმის თქმა თუ რა მიდგომა აქვს მთავრობას არათუ აღნიშნულ პრობლემასთან, არამედ, ზოგადად, სწავლების პროცესთან დაკავშირებით. 2019-2020 წლის სასწავლო წლის მიხედვით უამრავი პრობლემა დავინახეთ და ბავშვთა განათლების მიღების ფუნდამენტური უფლებაც საკმაოდ უხეშად დაირღვა.

პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები)

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით სამ ალტერნატივას განვიხილავთ, ესენია:

  1. სტატუს ქვოს შენარჩუნება
  2. ტექნიკის და ინტერნეტის არმქონე მოსწავლეების აღჭურვა და მენტორების მიმაგრება კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად
  3. ტექნიკის და ინტერნეტის არმქონე მოსწავლეების აღჭურვა ტექნიკითა და ინტერნეტით

I ალტერნატივა: სტატუს ქვოს შენარჩუნება – მთავრობამ კვლავ გააგრძელოს ის პოლიტიკა რომელსაც ატარებდა 2019-2020 წლის სასწავლო წელს, რადგან 2011 წლიდან სახელმწიფო პირველკლასელ და წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცემს ბუკებს და მათ გააჩნიათ სათანადო რესურსი ონლაინსწავლებაში ჩასართავად. გარდა ამისა, მუშაობს ტელესკოლა და მოსწავლეებს შეუძლიათ ტელევიზიიდან მიიღონ სათანადო განათლება.

II ალტერნატივა: ტექნიკის და ინტერნეტის არმქონე მოსწავლეების აღჭურვა და მენტორების მიმაგრება კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად – სხვადასხვა მიზეზების გამო მოსწავლეებისათვის გადაცემული ტექნიკა დღეისათვის უმეტესწილად აღარ არის მუშა მდგომარეობაში, რის გამოც ოპტიმალური გამოსავალია მოსწავლეებისათვის პლანშეტების დროებით გადაცემა კონტრაქტით (და არა ჩუქება), რომლის გამოყენებაშიც დაეხმარება კონკრეტულ სოფელზე მიმაგრებული მენტორი. ასევე, ინტერნეტის გააქტიურება სასწავლო წლის განმავლობაში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ტელესკოლა ყველა სოფელში არ არის ხელმისაწვდომი.

III ალტერნატივა: ტექნიკის და ინტერნეტის არმქონე მოსწავლეების აღჭურვა – მოსწავლეებისათვის პლანშეტების დროებით გადაცემა კონტრაქტით (და არა ჩუქება) და ინტერნეტის გააქტიურება სასწავლო წლის განმავლობაში. ამ ალტერნატივის შემთხვევაში მოსწავლეებთან აღარ იმუშავებენ მენტორები და ისინი დამოუკიდებლად დაეუფლებიან კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

რეკომენდაციები

ამრიგად, ჩვენს დოკუმენტში დასმული პრობლემის ეფექტიანად გადასაჭრელად ყველაზე მისაღებად მივიჩნევთ II ალტერნატივის განხორციელებას, კერძოდ, გამოსავალია მოსწავლეებისათვის პლანშეტების დროებით გადაცემა კონტრაქტით (და არა ჩუქება), რომლის გამოყენებაშიც მოსწავლეს დაეხმარება კონკრეტულ სოფელზე მიმაგრებული მენტორი. ასევე, ინტერნეტის გააქტიურება სასწავლო წლის განმავლობაში. მოსწავლეთა ჩართულობისათვის ონლაინსწავლების პროცესში შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება:

  • სკოლებისა და რესურსცენტრების მონაცემების საფუძველზე ტექნიკისა ან/და ინტერნეტის არმქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება
  • მოსწავლეთა მშობლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების შედგენა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს დროებით გადაეცემა პლანშეტი მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ
  • პლანშეტების განაწილება აღნიშნული მოსწავლეებისათვის
  • ინტერნეტის დაყენება
  • მიმდინარე პროცესის მონიტორინგი
  • ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართვა

დასკვნა

განათლებაზე თანაბარი წვდომა აუცილებელია ყველა მოსწავლისათვის, რათა მან ეფექტიანად დაგეგმოს საკუთარი მომავალი და განივითაროს საჭირო უნარ-ჩვევები. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან მოსწავლეებს გადაეცემოდათ ბუკები, დღეისათვის ისინი გაუმართავი და გამოუსადეგარია. შესაბამისად, საჭიროა ტექნიკის არმქონე მოსწავლეთა აღჭურვა პლანშეტებით და ინტერნეტით მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ასწავლის კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და ტექნიკის უსაფრთხოებასაც ყურადღებას მიაქცევს.
მოსწავლეთა თანაბარი წვდომა განათლებაზე, წარმოქმნის თანაბარ შესაძლებლობას წარმატების მისაღწევად. კვლევებით ცხადად დასტურდება, რომ განათლებაში ინვესტიცია ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელია, შესაბამისად, განათლებული მომავალი თაობა ქვეყნის განვითარების საწინდარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.