არტიომ სიზინცაუ, სამოქალაქო საზოგადოების კვლევითი ცენტრი, მინსკი

რუსული პროპაგანდა ბელარუსში

რუსული პროპაგანდა ბელარუსში ძალზედ გავლენიანია. რუსული დეზინფორმაციის კამპანია საზიანოა ქვეყნის განვითარებისათვის, რამდენადაც კრემლის სატელევიზიო არხების მიმართ მზარდი ნდობა ბელარუსში დემოკრატიის შენარჩუნებასა და განვითარებას მნიშვნელოვან საფრთეს უქმნის. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ბოლოდროინდელი, მოსკოვის მიერ ორკესტრირებული, დეზინფორმაციის მცდელობების განმავლობაში.

რუსული საინფორმაციო ომის უკანასკნელი ფაზა მიხაილ ბაბიჩის ბელარუსში რუსეთის ელჩად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ელჩი რამდენიმეჯერ გასცდა საკუთარ მანდატს და ბელარუსის მთავრობის საშინაო პოლიტიკაზე გააკეთა განცხადებები.

რუსეთის დეზინფორმაციის მცდელობები ბელარუსში ლოკალური და ეროვნული მედია-საშუალებების პირდაპირი კრიტიკის სახეს იძენს. მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მედია საშუალებების დახმარებით ბელარუსში რუსეთის საელჩომ „ყირიმის რუსეთში დაბრუნების“ ხუთი წლის თავზე პრეს-კონფერენცია ჩაატარა. რამდენიმე რუსულმა, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა, გაზეთმა და სატელევიზიო არხმა ბელარუსული მედია რუსეთის მიმართ მტრულ განწყობებში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ბელარუსის მთავრობამ და დამოუკიდებელმა ბელარუსულმა მედიამ აღნიშნული პრეს-კონფერენცია არ გააშუქა. ბელარუსული მედიის წარმომადგენლებიდან რუსეთის ელჩ ბაბიჩის მიერ გამართულ ამ პრეს-კონფერენციას თითქმის არავინ დაესწრო. მნივშნელოვანია აღინიშნოს, რომ ბელარუსი ჟურნალისტების დადანაშაულება რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რამდენადაც ბელარუსი სახელმწიფო დონეზე ყირიმს უკრაინის და არა რუსეთის შემადგენლობაში სცნობს. რუსული მედია აცნობიერებს იმ ფაქტსაც, რომ ამ პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაპირდაპირი აღიარება იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსული სოციალური მედია-პლატფორმები ხშირად გამოიყენება რუსული დეზინფორმაციის კამპანიისათვის. რამდენიმე თვის წინ ბელარუსულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის ბელარუსი ჟურნალისტების ასოციაციამ, სამოქალაქო საზოგადოების კვლევითმა ცენტრმა, აღმოაჩინეს, რომ რუსულმა ფონდებმა პოპულარულ ბელარუსულ სოციალური მედიის ჯგუფებზე მოიპოვეს კონტროლი. ნიშანდობლივია, რომ ამ ჯგუფების ახალმა ადმინისტრაციებმა გამოაქვეყნეს ონლაინ გამოკითხვები მთავარი კითხვით – ეთანხმებით თუ არა ბელარუსის სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში.

25 მარტს ბელარუსი საზოგადოება „თავისუფლების დღეს“ („Dzien Voli“) აღნიშნავს, რომელიც ქვეყნის ოფიციალური დასვენების დღეს არ წარმოადგენს, რამდენადაც ახლანდელი მთავრობა კომუნისტურ ნარატივებს იყენებს. მიუხედავად ამისა, ბევრ ბელარუსს ეს თარიღი დამოუკიდებლობის დღედ მიაჩნია, რამდენადაც „ბელარუსი ხალხის რესპუბლიკა“ 1918 წელს სწორედ ამ დღეს გამოცხადდა. 25 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბის იმართება სადღესასწაულო ღონისძიებები, რასაც რუსული მედია საშუალებების, განსაკუთრებით კი საიტების Regnum, Politring, Teleskop-ის, მიერ მიკრული აქვს ბელარუსი ნაციონალისტების მსვლელობის იარლიყი. რუსული მედია ამ ღონისძიებებს აშუქებს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების აქტად, რომელზეც, დასავლური ფინანსური დახმარებით, მეგობარი რუსეთისაგან წარმოსახვითი დამოუკიდებლობა აღინიშნება. რუსული დეზინფორმაციის კამპანიის მასშტაბები კარგად წარმოჩინდება ამ შემთხვევით, რომელშიც კრემლი გამუდმებით ცდილობს ბელარუსი ხალხის სასიხარულო დღისთვის იარლიყების მიწებებას.

სამხედრო სფერო ყოველთვის იყო რუსული ნარატივის მნიშნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ იმპერიული მისწრაფებებისათვის, არამედ ყალბი ინფორმაციის გავრცელების კონტექსშიც. 2019 წლის დასაწყისში რუსულმა მედიამ ახალი ამბავი გააშუქა ნატო-ს სამხედრო ბაზების ბელარუსში შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით. რუსული მედიის მიხედვით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ, სპეციალური შეხვედრა გამართა ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. მალევე ბელარუსულმა მედიამ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა მხოლოდ რამდენიმე დიალოგი გამართეს ნატო-სთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კონკრეტული რეზოლუციის, მნიშნელოვანი დოკუმენტის შემუშავების ან შემდგომ სამიტზე შეთანხმების გარეშე. ბელარუსში ნატო-ს სამხედრო ბაზების განთავსება კი განხილვის საგანსაც არ წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის პერსონა რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ყურადღებას იქცევს, რამდენადაც ორი წლის წინ მან განაცხადა, რომ ბელარუსს აქვს სურვილი – ევროკავშირისათვის მეგობარზე მეტს წარმოადგენდეს. პრო-რუსული წყაროები ამ განცხადებას დიდი აღშფოთებით გამოეხმაურნენ და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ნაციონალისტი უწოდეს, რომელსაც რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობის გაწყვეტა სურს. ბელარუსი პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მინისტრი მაკეი, ნამდვილად საუბრობენ ევროკავშირთან ურთიერთობები გაუმჯობესების შესაძლებლობებზე თუმცა საგარეო პილიტიკური ორიენტირის დასავლეთისაკენ ცვლილება ნახსენებიც არ ყოფილა. ეს ყალბი ნარატივი პრო-რუსული მედია საშუალებების მიერ გამოყენებულია ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელებისათვის და, ბელარუსისათვის ანტი-რუსული სახელმწიფოს წოდების გზით, რუსეთში ქვეყნის ნეგატიური იმიჯის დამკვიდრებისათვის. ამ მიზანმიმართული კამპანიის მიუხედავად, აშკარაა, რომ ლუკაშენკო კვლავ პრო-რუსი პილიტიკოსია და მისი ძალაუფლება, მნიშვნელოვანწილად, კრემლის ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

რუსული პროპაგანდის მანქანის მოქმედებით მიღებული ზიანი ბელარუსში უფრო და უფრო იგრძნობა და დროთა განმავლობაში მწვავდება. ბედნიერების ინდექსის მიხედვით ბევრი ბელარუსი ქვეყნის სოციალური პოლიტიკით გამოხატავს უკმაყოფილებას. რუსული პროპაგანდა კი ბელარუს მოქალაქეებს არწმუნებს, რომ პუტინს ქვეყნის სოციო-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების ძალა შესწევს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ბელარუსი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი რუსეთის ისეთ დიდ აგლომერაციებშია დასაქმებული, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი.

გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდა რუსეთის ეკონომიკურ და პილიტიკურ სუპერ-სახელმწიფოდ წარმოჩენაზეა კონცენტრირებული, რომელიც გეოპოლიტიკური საზომით აშშ-ს ტოლფასია. ამ ნარატივთან საბრძოლველად მთავარი მიზანი უნდა იყოს ბელარუსი მოსახლეობისთვის დიდი სურათის ჩვენება და კრიტიკული აზროვნების უნარების გავრცელება. ბელარუსში რუსეთის მედია პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავარ კონტრარგუმენტს ომის აბსურდულობის ჩვენება უნდა წარმოადგენდეს. საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ, შესაძლოა, მარტივად დაიჯეროს ყალბი ინფორმაცია რუსული სამხედრო ძალების ყოვლისშემძლეობის შესახებ. მაგრამ, როდესაც ხალხი გააცნობიერებს, რომ მათმა შვილებმა უნდა იბრძოლონ და დაიხოცონ პუტინის ინტერესებისთვის მხოლოდ რამდენიმე თუ განაგრძობს ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების იდეის მხარდაჭერას. ამ მოცემულობაში ეს სტრატეგია შეიძლება იყოს ბელარუსში რუსული დეზინფორმაციის კამპანიასთან საბრძოლველი ყველაზე ეფექტური გზა.

ამჟამად ბელარუსს ესაჭიროება მედია საშუალებების განვითარება, რომელთა მიზანი ახალი ამბების დაბალანსებული, ეთიკური გადმოცემა იქნება, რათა ყალბი ახალი ამბები ეფექტურად გამომჟღავნდეს. ეს მიზანი, შესაძლოა, რამდენიმე გზით იქნას მიღწეული, მათ შორის, ინფორმაციის უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდით. რუსულ კიბერ-ჯაშუშურ ჯგუფთან – „Fancy Bears“-თან, კრემლის მიერ მხარდაჭერილ სხვა ჰაკერული ჯგუფების კიბერ-თავდასხმებთან გასამკლავებლად და ბელარუსში ინტერნეტის გამართულად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ცნობიერებისა ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება. ეს ღონისძიებები განსაკუთრებით კრიტიკულია მედია საშუალებების ფუნქციონირებისათვის. ამას გარდა, ყველა ბელარუსული მედიის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს, რომ თანამშრომლებმა მიიღონ საკმარისი ინფორმაცია კიბერ-უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ და გაიარონ ტრენინგი ინფორმაციის უსაფრთხოდ გასაცვლელად.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ ბელარუსში დამოუკიდებელი პრესა უნდა ეცადოს დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას. დეზინფორმაციის კამპანიებზე პირდაპირ ეთერში გადაცემული დისკუსიები და პოდკასტები აგრეთვე შეიძლება იყოს ფართო აუდიტორიის ინფორმირების ეფექტური გზა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მედია საშუალებებმა პროაქტიულად იბრძოლონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რადგანაც ის ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს.

სტატია მომზადებულია პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხედვებს.

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.