რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია აზერბაიჯანში
აჰმად შაჰიდოვი
ხელმძღვანელი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
შესავალი
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ყოფილი საბჭოთა იმპერიის შემადგენელი ნაწილი, რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს აგრძელებს. დღეს, აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 328 კილომეტრია, რომლის ნაწილი სახმელეთო საზღვარია, ხოლო ნაწილი კასპიის ზღვაში გადის. რუსეთის ფედერაცია, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო ტერიტორიის მიხედვით, აზერბაიჯანში “კონტროლის” პრინციპის განხორციელებას ცდილობს, რომელსაც კრემლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ტრადიციულად ხშირად მიმართავს. აქედან გამომდინარე, ორმა ქვეყანამ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოაწერა ხელი შეთანხმებას.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში მაღალ დონეზე ვითარდება. ამ ურთიერთობების წყალობით, რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანს უახლოვდება და მასზე კონტროლს ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს დაბალანსებულ პოლიტიკას თავისი საგარეო ჩართულობის კუთხით და, ევროპასთან ინტეგრაციის გარდა, რუსეთთან მეგობრულ სამეზობლო ურთიერთობებსაც ინარჩუნებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანს, როგორც გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ფაქტორს, რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიშანდობლივია, რომ კრემლი ყოველთვის ცდილობს, აზერბაიჯანი თავისი გავლენის სფეროში შეინარჩუნოს.
უკანა ფონი
რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანში მრავალი მიმართულებით მოქმედებს. რუსეთის პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეების პოპულარიზაცია, ახალი, რუსეთზე ორიენტირებული ჩინოვნიკების მომზადება, რუსულენოვანი პრესის მხარდაჭერა, აზერბაიჯანში რუსული ენის გავლენის განვრცობა, რუსულენოვანი მოსახლეობის გაზრდა და რუსული კულტურის პოპულარიზაცია. პრო-რუსი ორიენტაციის მქონე ჩინოვნიკები
1991 წლის ოქტომბერში, მილი მეჯლისში (პარლამენტი) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ ხმის მიცემის დროს, 26 ადამიანმა გააპროტესტა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანის სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. ბოლო 28 წლის განმავლობაში, ყველა ეს ადამიანი თანამდებობას იკავებდა მთავრობასა და საჯარო სამსახურში. მათგან ზოგი დაიღუპა, ხოლო ცოცხლები ისევ სამთავრობო თანამდებობებზე არიან და ძლიერი ადმინისტრაციული შესაძლებლობები აქვთ. ეს აზერბაიჯანში რუსეთის გავლენის ნაწილია. ამ პირების მეშვეობით საჯარო და სამთავრობო უწყებებში რუსული ორიენტაციის მქონე პერსონალის რაოდენობა იზრდება. რუსეთის ფედერაცია პრო-რუსული ორიენტაციის მქონე მოხელეების კარიერას საჯარო და სამთავრობო თანამდებობებზე მხარს უჭერს.
რუსული ენა
აზერბაიჯანში რუსეთის ყველაზე ძლიერი იარაღი რუსული ენაა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების სახელით, აზერბაიჯანში ხელს უწყობს რუსულ ენასა და ლიტერატურას, ცდილობს გააფართოვოს რუსულ ენაზე სწავლების არეალი, საშუალო სკოლებში გაზარდოს რუსული სექტორების რაოდენობა. რუსეთი მხარს უჭერს რუსეთთან მოსაზღვრე რაიონებში ახალი თაობის აღზრდას, რომელიც რუსულ ენაზე საუბარს შეძლებს. კრემლი აგრეთვე მხარს უჭერს ბაქოს სლავური უნივერსიტეტის საქმიანობას.
აზერბაიჯანულ საზოგადოებაში არსებობს რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეების უფრო ინტელექტუალებად, კულტურულებად და კომპეტენტურებად აღქმის უარყოფითი ტენდენცია. ეს ტენდენცია აზერბაიჯანის მოქალაქეების რუსული ენითა და რუსული განათლებით უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს. მშობლები შვილების რუსულენოვან სკოლებში გასაგზავნად უფრო მეტად არიან მზად.
რასაკვირველია, რუსულენოვან ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ ენასა და ლიტერატურას სწავლობენ, ურჩევნიათ რუსულენოვანი რესურსებით სარგებლობა ბიბლიოთეკებში, ინტერნეტში, ღია წყაროებში და მათი ცოდნა და შემეცნება ამ მიმართულებით იწყებს განვითარებას. დროდადრო, ეს ახალგაზრდები უსმენენ რუსულ მუსიკას, უყურებენ რუსულ ფილმებს, მათი მსოფლმხედველობა ემყარება რუსეთისადმი სიმპათიას და, როგორც ზრდასრულ მოქალაქეებს, რუსეთის მიმართ უჩნდებათ თანაგრძნობა. შესაბამისად, ისინი დასავლურ ფასეულობებს ეწინააღმდეგებიან. ამ მხრივ, რუსული ენა აზერბაიჯანში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს.
ამჟამად რუსეთის ფედერაციაში სამი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ეს ძალიან დიდი რიცხვია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის პროპაგანდისტულ კამპანიაში. ასობით ათასი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი რუსეთში იბადება, ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქე ხდება. ეს აზერბაიჯანელები რუსულ საზოგადოებაში იზრდებიან, იქ იღებენ განათლებას და რუსულ სკოლებში დადიან. მომავალში ისინი, პოტენციურად, რუსზე ორიენტირებული მოქალაქეები გახდებიან, რომლებმაც, შესაძლოა, რუსეთის ინტერესები წარმოადგინონ.
რუსული მედია აზერბაიჯანში
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ფართოდ გამოიყენება რუსულენოვანი პრესა და რუსული მედია, რაც საინფორმაციო სივრცეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანულმა მედიამ შექმნა უამრავი გაზეთი, ჟურნალი და საინფორმაციო საიტი, მათ შორის რუსულენოვანი პრესა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რუსულენოვანი მედია საშუალებების უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს, არსებობენ მედია საშუალებებიც, რომლებიც ხაზს უსვამენ რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობას და ამას ხელსაც უწყობენ. გარდა ამისა, აზერბაიჯანული მხარე სომხეთთან ინფორმაციულ ომში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ხშირად რუსულენოვან მედიას იყენებს.
ბოლო წლების განმავლობაში, პრესტიჟული რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik- ი აზერბაიჯანულ მედია გარემოში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით Sputnik-ი აზერბაიჯანში ძალიან აქტიურია. ეს პრესსამსახური აზერბაიჯანში რუსეთის ინტერესებს ოფიციალურად ემსახურება, აკრიტიკებს დასავლეთის პოლიტიკას და ხელს უწყობს ქვეყნის რუსეთთან დაახლოებას.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებთან არაერთმა სახელმწიფო და დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტომ მოაწერა ხელი ოფიციალურ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს და ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას.
რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანმა საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ და სოციალურმა პრობლემებმა, ქვეყანა ძალიან დააზიანა. ამ რთულ პერიოდში, ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, აზერბაიჯანში რუსეთში დაფუძნებული კომუნისტურ-სოციალისტური პოლიტიკური პარტიები ფუნქციონირებდნენ. ისინი დღესაც აქტიურ პოლიტიკურ პარტიებად რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული სოციალური ბაზა არ არსებობს, რუსეთში დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები დროდადრო სოციალურ ქსელებში და მედიაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ისინი აზერბაიჯანის დასავლეთში ინტეგრაციას აკრიტიკებენ და ღიად გამოთქვამენ რუსეთის სასარგებლო ლოზუნგებს. ამ პოლიტიკოსთა ნაწილი ეროვნულ ასამბლეაშია (პარლამენტი) წარმოდგენილი, სადაც ისინი კრემლის ოფიციალური პოზიციის დამცველები არიან.
გავლენა
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ, რამდენად სერიოზულები არიან რუსეთის მომხრეები აზერბაიჯანში. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, კრემლი აზერბაიჯანში თავის პროპაგანდას სტაბილურად აწარმოებს, აგრეთვე აძლიერებს გავლენას და დროდადრო პროვოკაციული კამპანიების სერიასაც ახორციელებს. რუსეთის პროპაგანდისტული იარაღი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ისეთ იდეებს უჭერს მხარს, რაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხია აზერბაიჯანელი ხალხისთვის: “ოფიციალური კრემლის სურვილის გარეშე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარდება”. ეს იდეა ხალხის გონებაში, როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობს. რუსულენოვანი ადგილობრივი მედია საშუალებები და რუსულად მოსაუბრე პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აზერბაიჯანი ჯერ კიდევ არ არის მზად დასავლური დემოკრატიისთვის და ქვეყანამ დემოკრატიის დამყარების პირობებში, შესაძლოა, თავისი ტერიტორიები დაკარგოს. ამ შეხედულების პროპაგანდით, რუსეთი აგრეთვე ცდილობს აზერბაიჯანის დაშანტაჟებას. რუსეთი სეპარატისტული სენტიმენტების შექმნას ცდილობს, რათა ქვეყანაში უმცირესობებმა თავიანთი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვონ. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთთან სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ ლეზგ, ავარ, თათ, სახურ და სხვა ხალხებამდე რუსული პროპაგანდისტული მანქანა მარტივად აღწევს.
გარდა ამისა, კრემლი ცდილობს, აზერბაიჯანი დასავლეთიდან ყველა შესაძლო ხერხით ჩამოაშოროს. ევროკავშირთან რაიმე შეთანხმების დადების წინ ყოველ ჯერზე ფრონტზე პროვოკაციული ინციდენტები ხდება – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა, ჯარისკაცები იხოცებიან, რასაც შედეგად ქვეყანაში დაძაბულობის ზრდა და ბაქოს ყურადღების გაფანტვა მოჰყვება.
ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა მრავალ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკური ინიციატივების შესახებ, რამაც რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. არსებობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ნაბუქო, „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ და სხვა გლობალური პროექტები, რომლებიც აზერბაიჯანზე გადის და ოფიციალური მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს. ამ პროექტების მნიშნელოვანი ქვეყნები აზერბაიჯანი და საქართველოა. ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა.
ამასთან დაკავშირებით, რუსული პროპაგანდისტული მანქანა ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯან-ქართული ურთიერთობების შერყევას ცდილობს, მათ შორის, ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციული ქმედებების მხარდაჭერით და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კიდევ ერთი დავის წარმოქმნის მცდელობით.
რეკომენდაციები
რუსეთის ფედერაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებულ ყურადღებას აზერბაიჯანზე ამახვილებს და ამ რეგიონში მარცხს ვერასოდეს შეეგუება. ამ თვალსაზრისით, რუსეთი ქვეყნის გავლენის სფეროში შენარჩუნებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს.
რუსეთის გავლენის შემცირების ერთადერთი გზაა ცნობიერების ამაღლება, აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების პოპულარიზაცია და დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეების, პატრიოტული და ინტელექტუალური ახალგაზრდების მხარდაჭერა.
ნამდვილი რუსული პოლიტიკის წარმოსაჩენად აუცილებელია აზერბაიჯანის ისტორიის შესახებ ღონისძიებების ორგანიზება, აზერბაიჯანის დანაწევრებისაკენ მიმართული პოლიტიკის მკაფიოდ ჩვენება. ეს აზერბაიჯანის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ რუსული მიდგომის გამოსავლენად ეფექტური გზა იქნება.
რუსული ძალების პროვოკაციები სოციალურ ქსელებში და ადგილობრივ მედიაში, აუცილებელია დროულად გამომჟღავნდეს, გაანალიზდეს მათი გავრცელების მიზნები და გაიზარდოს ცნობიერება, რათა პროვოკაციულ მესიჯებს ფართო გავრცელება არ ჰქონდეს.
ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც კრემლის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ოკუპაციას განიცდიან. კერძოდ, ეს ქვეყნებია მოლდოვა, საქართველოს, უკრაინა და აზერბაიჯანი. რეგულარული შეხვედრების ჩატარება და საერთო პრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტური ინსტრუმენტი იქნება. აუცილებელია, ამ ქვეყნებმა საერთო ძალისხმევა გამოიჩინონ.