„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ გმობს რუსთაველის ქუჩაზე „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეების დარბევას. საქართველოს მოქალაქეები კანონის მიღებას სრულიად მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებდნენ და არ გასულან კანონისმიერი ჩარჩოებიდან.

ამასთანავე, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ მიუღებლად მიიჩნევს ე.წ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

თავდაპირველი ინფორმაციით 7 მარტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა არ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინიციატივით მისი განხილვა და ხმის მიცემა 7 მარტსვე გადაწყდა. 

პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების, ასევე პარლამენტის გარეთ დემონსტრანციის ფონზე მიმდინარეობდა.

კენჭისყრამდე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოში აშშ-ის საელჩომ. მათი განცხადების მიხედვით, „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.” 

კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამოდენიმეჯერ გამოიყენეს. აღნიშნულის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა პროტესტი განაგრძეს.

მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მან აქციის მონაწილეებს მიმართა: „მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი.“ სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახი” და იგი გასაუქმებელია. 

განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ასევე გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მისი თქმით აშშ აკვირდება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და ჩახშობის სხვა საშუალებების გამოყენებას. „ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი და მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას – შეკრების უფლებას. რათა მათი ხმა გაგონილი იყოს, რომ თავისუფლად ილაპარაკონ, რომ ანგარიშვალდებული ჰყავდეთ მათი მთავრობები.” – აღნიშნა ნედ პრაისმა თავის განცხადებაში. 

კომენტარი გაავრცელა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმაც. განცხადების მიხედვით კანონპროექტის მიღება არის „ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.” „აღნიშნული კანონი არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებას. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც საქართველოს მოქალაქეების უმრალესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას ჩვენს ურთიერთობებზე სერიოზული უარყოფითი გავლენა ექნება” – ნათქვამია განცხადებაში. 

პარლამენტთან დაძაბული ვითარება ამ მომენტამდე გრძელდება. 

ცნობისთვის – „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, მოახდინეს ე.წ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ 2 კანონპროექტის ინიცირება, რასაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების, ასევე ევროკავშირის, აშშ-ის, ნატოსა და გაეროს მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ამის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.