ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დავიბადე 1998 წლის 23 ნოემბერს ქ. რუსთავში. სკოლაში აქტიურად და წარმატებულად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სასწავლო კონკურსებსა და ოლიმპიადებში, რომელთა დახმარებითაც სამჯერ დავიკავე რეგიონში პირველი ადგილი კონკრეტულ საგნებში და რომელთა წყალობითაც მოვინახულე ანაკლია, ბაზალეთის ტრენინგ ცენტრი, ბაკურიანი… და მაინც, უნივერსიტეტამდელი პერიოდიდან ყველაზე ტკბილად მახსენდება რამდენიმე მარათონი, “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”, სადაც არანაკლებ(თუ მეტად არა), წარმატებით ვიასპარეზე, ვიდრე სასწავლო შეჯიბრებებში. ამავე, ანუ 17 წლამდე ხანაში, 7 წელი ვიყავი ქორეოგრაფიული ანსამბლის “საჯეირნო” წევრი. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ 2016 წელს სრული დაფინანსებით ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და მოკლედ რომ ვთქვა, კიდევ უფრო ჩავეფლე ჩემთვის უსაყვარლეს მათემატიკის სამყაროში.
უნივერსიტეტის ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე სკოლის. ვარ სტიპენდიანტი და იმის გარდა, რომ დავიწყე გამოკვლევა ისეთი არცისე ხანდაზმული და ქაოსური მეცნიერებისა როგორიც ეკონომიკაა, გავიცანი ადამიანები, რომლებთან ერთადაც ჩავერთე საინტერესო პროექტებში, კონფერენციებში და შედარებით აქტიურად დავიწყე დასწრება სხვადასხვა თემაზე გამართულ საჯარო ლექციებსა თუ დისკუსიებზე. მაგრამ ვერ ჩავთვლი რომ უნივერსიტეტში ვისწავლე და წარმატებით დავამთავრე, თუ გარკვეული პერიოდით არ ვისწავლე საზღვარგარეთ. ჯერჯერობით ესაა ჩემი დიდი მიზანი, რის სისრულეში მოსაყვანადაც აქტიურად ვმუშაობ.

ჩემთვის #ინიციატივა არის

“მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ოლიმპიადებსა და პროექტებში შეძლებისადგვარად ვაქტიურობდი სკოლის პერიოდში, მაინც შორს ვიყავი სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობის საჭირო დონეზე გააზრებიდან და “ინიციატივა” ჩემთვის არის ხიდი, რომელმაც მაქსიმალურად დამაახლოვა აზრს, რომ თითოეული ადამიანის აქტიურობა და სამოქალაქო ქმედება აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისა და არა უბრალოდ არსებობისთვის. ბოლოდროინდელი სკეპტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, როცა დიდად არ მწამდა რომ “რამე შეიძლება გვეშველოს”, “ინიციატივამ” მოახერხა შემეცვალა ხედვა, გამაცნო რა ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდშიც კი ფლობენ მართლაც დიდ ინტელექტუალურ და რაც მთავარია, დადებით ემოციურ რესურსს.
იმ დროს როცა ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს Facebook-ს “სქროლავ” და წააწყდები კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ პროექტს, სადაც ბევრი თანამოქალაქე ერთად კითხულობს საქართველოს უზენაეს კანონთა კრებულს, სურვილი გიჩნდება უბრალოდ ჩაერთო ექსპერიმენტში შესაძლოა ყოველგვარი გამოკვეთილი მიზნის გარეშეც. მაგრამ შემდე, “ინიციატივის”(და არა მხოლოდ) გაცნობისას ხვდები, რომ ეს საკმაოდ წარმატებული ექსპერიმენტი აღმოჩნდა. რომ არა “ინიციატივა” ვერ მივიღებდი მონაწილეობას “ქმედებაში” და ამ სიტყვებს სიმბოლური დატვირთვაც აქვთ იმ პირობებში, რომ ბიძგმა, ინიციატივამ მომცა სურვილი და ძალა შემდგომში მიმეღო მონაწილეობა სხვა მსგავს ქმედებებშიც და მოკლედ რომ ვთქვა, გამიადვილა და უფრო მიმაჩვია “წელში გასწორებას”

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეიძლება სასიკეთო ცვლილებების მსურველმა და რაც მთავარია, ამისთვის საჭირო ძალითა და ენერგიით აღჭურვილმა ადამიანებმა შეძლონ დაეხმარონ თაობას, რომელმაც უნდა ააშენოს ქვეყნის მომავალი, სწორი გზის პოვნაში. ჩემი აზრით, ეს არაა უბრალოდ ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება არაფორმალური განათლების გავრცელებას ახალგაზრდა თაობაში. ესაა გაერთიანება, რომელიც უკვე პასუხისმგებელია საქართველოს მომავლის და არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლაზე, აკოწიწებს რა ძალიან დიდ რაოდენობას ხარისხიანი მასალისა ამ მიზნის შესასრულებლად. განსაკუთრებით დასაფასებელია გარემო და ხერხები, რომლებსაც ევროპულ-ქართული ინსტიტუტი გვთავაზობს. ერთი მხრივ, მონაწილეთა წინაშე ისმება სერიოზული ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც საკმაო კონცენტრირებას მოითხოვს, თუმცა მეორე მხრივ, შენს გარშემოა ხალხი და გარემო, რომელიც გეხმარება დაინახო პრობლემის გადაჭრის პოტენციური გზები და სხვა თუ არაფერი, იგრძნო კმაყოფილება იმით, რომ დღეს თუ არა ხვალ ამ ხალხთან ერთად შექმნი რაღაც ღირებულს. საერთო ჯამში, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ჯანსაღი ურთიერთობა, აზროვნება, ე.ი. “დიპლომატია” და “ქმედება”, რა თქმა უნდა “ინიციატივით” საწყის ეტაპზე.

მე ასეთი საქართველო მინდა…

რატომღაც მეგონა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ძალიან ხშირად წარმომიდგენია “სხვანაირი საქართველო”. ადვილია ვთქვა, რომ მინდა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, სადაც ყველა და ყველას უფლებები იქნება დაცული. ეს ალბათ უმარტივესი გზაა პასუხის გასაცემად, ამასთანავე საკმაოდ ბუნებრივი და გულახდილიც, მაგრამ მაინც ვეცდები ჩამოვწერო რამდენიმე “კრიტერიუმი” ჩემი სამშობლოს სასურველი სახისა:
მინდა საქართველო, სადაც პიროვნებას, ვისაც შეუძლია წაგვიძღვეს წარმატების გზაზე, კი არ “დავკორტნით” არამედ საჭიროების შემთხვევაში ვუწამლებთ;
საქართველო, სადაც წესრიგის დაცვის მიზნით დანაშაულის მხილება არ ჩაითვლება მკრეხელობად და მტრობად და თითოეული ადამიანი გაითავისებს “უმნიშვნელო დანაშაულთა” პოტენციურ სიმძიმეს;
ქვეყანა, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი აგრესიული და უიმედო ფონი;
მინდა ისეთი საქართველო, სადაც წინა პლანზე წამოწევენ არა მეათეხარისხოვან პრობლემებს პირველხარისხოვანთა გადასაფარად და მოსახლეობის “დასაბოლებლად”, არამედ ერთობლივად იმოქმედებენ რეალური, მწვავე პრობლემების გადასაჭრელად;
მინდა ქვეყანა, რომელსაც დამსახურებულად ჰქვია სახელმწიფო.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

არიან ადამიანები, რომელთაც 7-8 წლის ასაკში აქვთ პასუხი ზემოაღნიშნულ კითხვაზე და ახერხებენ კიდეც თავიანთი სურვილის რეალიზებას და მისდამი ერთგულების შენარჩუნებას, თუმცა მე ასეთი ნამდვილად არ ვარ. ჩემს შემთხვევაში ამ საკითხისადმი მიდგომამ იმდენჯერ განიცადა ტრანსფორმაცია, აწ უკვე სტუდენტობის პერიოდშიც, გასაუბრებისას აღნიშნული კითხვის მოსმენისას საკმაოდ დავიბენი. აღნიშნულის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ამ დროს ყოველთვის მახსენდება კონკრეტული პროფესია, როგორც წესი სხვადასხვა სახისა და მიმართულების, თუმცა ის, რაც ყველა შემთხვევაში უცვლელია არის მცირედი წვლილის შეტანის სურვილი მაინც ნებისმიერ საქმიანობაში. მინდა გამოვიდე არა აუცილებლად ეკონომისტი, ექიმი, ინჟინერი, იურისტი თუ სხვა, არამედ მინდა გავხდე პიროვნება რომელსაც შეეძლება ბედნიერების და დადებითი ემოციების მოტანა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელი პროფესიის წყალობით შემეძლება ეს. რა თქმა უნდა, არის მიმართულება, რომელიც მაქვს არჩეული და სიამოვნებითაც ვეუფლები მას, მაგრამ მგონია, რომ როცა ზემოაღნიშნულ კითხვას გისვამენ, არაა აუცილებელი პროფესიის აღნიშვნა, არამედ იმის გამოხატვა, რომ გინდა გახდე პროფესიონალი საკუთარ საქმეში და პიროვნება, ვინც არ საჭიროებს მუდმივად იმის შეხსენებას რომ “ძალა ერთობაშია”.

ქართველობა ჩემთვის არის…

“ქართველობა ჩემთვის არის სტატუსი, რომელიც მაიძულებს ვიფიქრო პოზიტიურად ჩემს გარშემო არსებულ სამყაროზე, რადგან ისაა ჩემი იდენტიფიცირებადობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საშუალება. ქართველობა ჩემთვის არის თავისუფლებას შეწირული ასიათასობით ადამიანის, საკუთარი თავისა და დღეს მცხოვრები 4 მლნ-მდე ადამიანის წინაშე არსებული ვალდებულება, ვიცხოვრო არა მხოლოდ ეგოისტური მისწრაფებებით, არამედ მჭიდროდ დავაკავშირო ერთმანეთთან პიროვნული და ქვეყნის განვითარება. ქართველობა ჩემთვის არის პატივისცემა იმ მილიონამდე ქალისა, რომლებიც დიდი რისკების მიუხედავად მუშაობენ ევროპასა თუ ამერიკაში და რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს, არჩენენ ქვეყანას.
ზემოაღნიშნული სიტყვა ჩემთვის ასოცირდება გრძნობასთან, რომელიც დგას “ლიჟბი აქედან წავიდეს” და პატრიოტიზმით მოპირკეთებულ კითხვას შორის თუ “რით შემიძლია დავეხმარო სამშობლოს?”
ქართველობა ჩემთვის არის საოკუპაციო ხაზთან ან უბრალოდ ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დგომა და ერთიანი ძალის შეგრძნება თუ ჩვენება; დიპლომატიის ხელოვნება, თუმცა არა მასთან, ვინც არ აღიარებს დიპლომატიის ფასს(და საერთოდ ბევრი ღირებულების ფასს);
მოკლედ რომ ვთქვა, ქართველობა ჩემთვის დიდწილად გამოიხატება სიტყვებით: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.