ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დაიბადა 1999 წლის 25 მარტს ქალაქ ხაშურში. ბავშვობა გაატარა სოფელ ხორითში. უყვარს მუსიკა. 2005 წელს შევიდა ხორითის დაწყებით სკოლაში, 2006 წელს გადავიდა სოფელ სარგვეშის საბაზო სკოლაში, სად სწავლის დროსაც მონაწილეობა მიიღო რაიონულ მუსიკალურ კონკურსში”დო რე მი” , სად გამარჯვების შემდეგაც დაიწყო უფრო აქტიური მუსიკალური ცხოვრება. 2011 წელს სწავლა განაგრძო დაბა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში. აქტიურად იღებდა მონაწილეობას სასკოლო ღონისძიებებში, პარალელურად მუსიკალურ კონკურსებში. 2017 წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც დღემდე განაგრძნობს სწავლას.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

ინიციატივამ და ქმედებამ მართლაც ბევრი რამ მასწავლა. ჩემთვის პირველი პროექტი , რომელიც 2017 წლის აგვისტოში ბაზალეთში გაიმართა, ამ პატარა თავგადასავლის დასაწყისი იყო. ნამდვილი ვიქნები და ვიტყვი, რომ თავიდან ოდნავ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი დ არც თუ ისე მოტივირებული გახლდით, არ მეგონა, თუ ეს კონკრეტული პროექტი ამდენ რამეს დამიტოვებდა. ჩემი სირცვხილია, მაგრამ დამამთავრებელ კლასამდე, სამწუხაროდ, კონსტიტუციის შესახებ სრულყოფილი ცოდნა არ მქონდა, #ინიციატივამ კი რამდენიმე საფეხურზე ერთდროულად გადამახტუნა და უამრავი რამ მასწავლა ჩემი ქვეყნის უზენაესი კანონის შესახებ. მონაწილეობა მივიღე პროექტში, რომელიც ნამდვილი ინოვაცია იყო ჩემი რაიონისთვის და მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. რაც შეეხება #ქმედებას, განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. ბაკურიანში მართლაც პროდუქტიული ხუთი დღე გავატარე, საოცარი იყო. ბავშების უმეტესობას უკვე ვიცნობდი და ისინი უფრო შინაურები გახდნენ ჩემთვის, დავგეგმეთ საინტერესო პროექტები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის რეალობა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს უკეთესობისკენ. #ქმედება არის გზა ქმედებისკენ, ამ რამდენიმე დღემ ამაში სრულიად დამარწმუნა. ზუსტადაც რომ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავიაზროთ სამოქალაქო აქტივიზმი და მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაში.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც არ არის ყველასნაირი. ჩემი აზრით, ეს ორგანიზაცია არ არის შემქნილი ფორმალური არსებობისთვის და კომერციული მიზნებისთვის. იგი ცდილობს, საკუთარი გამოცდილებისა და სასიკეთო მხარეების ახალგაზრდებისთვის სწორი გზით მიწოდებას და, ჩემი აზრით , ეს შესანიშნავად გამოსდის. ძალიან მიხარია მსგავსი ორგანიზაციის არსებობა, რადგან იგი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებმაც ამ დრომდე ბევრი რამის გაკეთება შეძლეს და განაგრძობენ საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ასე უბრალოდ მშრალად და რაიმე კონკრეტული შედეგს გარეშე არ სრულდება.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა, საქართველო კარგი ქვეყანა იყოს. კარგი. მინდა, ვცხოვრობდე საქართველოში, სადაც ყველას ნაპოვნი აქვს საყვარელი საქმე, ყველა ქმნის რაღაც ფასეულს და სხვისი ცხოვრების გამო ცხვირის განძრევა ძალიან ეზარება. მინდა, ჩემს ქვეყანაში ჯანსაღი მომავალი თაობა იზრდებოდეს, ასჯერ უფრო განვითარებული, ჯანსაღად მოაზროვნე, ტოლერანტი, თავისუფალი, ნაკლებად ზარმაცი, ნაკლებად მშიშარა, ვიდრე წინა თაობა იყო. მინდა, ყველას სუთქვასავით უნდოდეს ”მოძრაობა და მარტო მოძრაობა” და ქვეყნის რეალობაში ძირეული ცვლილებების მოხდენა. მინდა , ვთქვა რომ მაღალი ცნობიერების მქონე ხალხის ქვეყნიდან ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაა, რომ ძალიან კარგი, სამაგალითო განათლების სისტემა გვაქვს და მომავალი თაობა უზრუნველყოფილია ყველა რესურსით რომ შეძლოს, იპოვოს საკუთარი თავი და გადაწყვიტოს, რა მხრივ შეუწყობს ხელს მშვიდობის არსებობას ქვეყანაში. მინდა ქართველი ხალხი ერთმანეთის მიმართ ნაკლებინდეფერენტული იყოს, მინდა, ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს და 21-ე საუკუნეში ხალხს ჯერ კიდევ არ შიოდეს. მინდა, ქვეყანა ისეთ ადამიანებს ჰქონდეთ მინდობილი, ვინც იაზრებს, თუ რას ნიშნავს , იყო ხალხის წინამძღოლი, გქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა მათთან და იაზრებდე, რას ნიშნავს დემოკრატია და ხალხის ძალა. მინდა , საქართველო კარგი ქვეყანა იყოს, ზუსტადაც რომ აყვავებული, აღორძინებული, დამოუკიდებელი და მამაცი, მამაცი ქვეყანა იყოს. დაბოლოს, მინდა, საქართველო ყველა ქართველს უყვარდეს, ერთი წამითაც არ აძლევდნენ ადამიანები თავს იმის უფლებას, რომ აქედან სამუდამოდ წასვლაზე იფიქრონ, აქ უნდოდეთ და აქ უხაროდეთ, რადგან ეს უბრალოდ მათი საქართველოა.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მომავალში მე მინდა, გამოვიდე ადამიანი, რომელსაც ზუსტად ეცოდინება რა უნდა და რის გაკეთებას აპირებს , როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ქვეყნისა და ადამიანებისთვის. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც სახლში ჯდომას ვერ შეეგუება და სხეული სულ რაღაც საინტერესოს შექმნას მოსთხოვს. არ მინდა იურისტობა, ელჩობა, ექიმობა, პოლიტიკოსობა… უბრალოდ ეს ჩემი საქმე არ არის, უბრალოდ მინდა , ჩემი საქმე, რაც მომავალში მექნება, მიმართული იყოს კარგის შექმნისკენ, ცვლილებებისკენ, ადამიანების დაფიქრებისკენ, კარგად ყოფნისკენ. არ აქვს მნიშვნელობა , ამას რა პროფესიით მოვახერხებ , რადგან მთავარი ჩემი საბოლოო სახე და ჩემი საქმის შედეგი იქნება, რაც დიდი იმედი მაქვს ისეთი იქნება, როგორსაც ვგეგმავ. იმედი მაქვს , ბევრისმქმნელი გამოვალ…

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის ნიშნავს, იყო ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. აცნობიერებდეს, რომ ქართველობა მხოლოდ სადღეგრძელოების ცოდნა, აზიელი ხალხის გმობა, სიმთვრალეში დაბადებული სიყვარული, ერთმანეთის ლანძღვა , შეუმწყნარებლობა, ლგბტქ თემისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თავის გამოჩენა და სხვა უამრავი საშინელი რამ არ არის. ქართველობა არის მდგომარეობა, რომელიც მავალდებულებს, რომ უმოძრაოდ არ ვიჯდე, რადგან ჩემი ქვეყანა ამას არ იმსახურებს, რადგან ის ჩემია, როგორი არაკომფორტულიც არ უნდა იყოს კრიტიკულ მომენტებში აქ არსებობა. ეს ქვეყანა ჩემია, სხვისი არ არის , ამიტომ მინდა ის ქართველი ვიყო, რომელიც ყოველთვის გაბადრული სახით იტყვის, რომ ქართველია და ქართველობა უხარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.