საქართველოს სწაფვა დემოკრატიისკენ – ამ სათაურით ავსტრიულ პრესაში გამოქვეყნდა ინტერვიუ გიორგი მელაშვილთან.
სტატიაში მიმოხილულია საქართველოს 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია – მისი ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის და ის გამოწვევები, რომელიც მას ამ გზაზე ხვდება.
მელაშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს წინაშე არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე. მან ისაუბრა ქვეყნის შიგნით და მის სამეზობლოში მიმდინარე კონფლიქტებზე – ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში. მისი შეფასებით, ეს კონფლიქტები ხელს უშლის საქართველოს მისი გაცხადებული მიზნის მიღწევაში, რაც ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაში გამოიხატება. გარდა ამისა, ქვეყნის დემოკრატიზაციის გამოწვევებზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა და ის ფაქტი, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის საზღვარი მოშლილია.
სტატიაში განხილულია საქართველოში დემოკრატიზაციის მთავარი აქტორებიც. ამ კუთხით ყურადღება ექცევა სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლური სამყაროს – ამერიკისა და ევროპის მტკიცე მხარდაჭერით იბრძვიან ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ამ კონტექსტში სტატიაში განხილულია „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” მაგალითი, რომლის პრეზიდენტსაც ინტერვიუს რესპოდენტი – გიორგი მელაშვილი წარმოადგენს. ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას. მისი პრიორიტეტი დემოკრატიისთვის ბრძოლის პროცესში არის განათლება.
სტატიაში მელაშვილი საუბრობს სახელმწიფოს განვითარებისა და მშენებლობის მისთვის წარმატებულ მაგალითებზეც. მისი თქმით სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმატებით წარმართვის, განსაკუთრებით აშშ-ისთან სანიმუშო პარტნიორობის მაგალითია სამხრეთ კორეა, რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას – ამ კუთხით წარმატების იდეალად ისრაელი გამოდგება.
გარდა ამისა, სტატიაში საუბარია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე. ამ კუთხით რამდენიმე ძირითად ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული. ევროკავშირი არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების შემდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში, რაც შესაძლებელი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის აქტიური ჩართულობითა და მედიაციით. გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს შესაძლებლობებს განათლების მიმართულებითაც – ამის ნათელი მაგალითია ერაზმუსის პროგრამა.
სტატიის ბოლოს საუბარია საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობის ტრადიციაზეც. ავსტრიელი ნობელის პრემიის ლაურეატი – ბერთა ფონ ზუტნერი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. ავსტრიას აქვს საქართველოში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების გამოცდილებაც.
Info Europa – „დუნაის აუზის ქვეყნებისა და ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის” გამოცემაა, რომელიც წელიწადში სამჯერ გამოდის. მისი მიზანია აქტუალური საკითხების განხილვა, რეგიონში მიმდინარე პროცესების ანალიზი და ამ თემების გარშემო დისკუსიის ხელშეწყობა.
„დუნაის აუზის ქვეყნებისა და ცენტრალური ევროპის ინსტიტუტი” (IDM) – ავსტრიაში მოღვაწე არასაუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუტია. იგი ჯერ კიდევ 1953 წლიდან არსებობს, ხოლო 1995 წლიდან მოყოლებული ამ ინსტიტუტმა გააფართოვა თავისი ინტერესის არეალი. დღეს ინსტიტუტი აკვირდება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, ასევე შავი ზღვის რეგიონს.
Info Europa-ს 2021 წლის მეორე გამოცემაში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტის – გიორგი მელაშვილის ინტერვიუს საფუძველზე მომზადებული სტატია გამოქვეყნდა.