უკრაინის საპარლამენტო არჩევნები რუსული დეზინფორმაციის ზეწოლის ქვეშ
გალინა პეტრენკო
არასამთავრობო ორგანიზაცია “დეტექტორი მედიას” (კიევი, უკრაინა) დირექტორი
ამა წლის 21 ივლისს ჩატარდა უკრაინის საპარლამენტო (ვერხოვნა რადას) არჩევნები. არჩევნები ვადამდელად დაინიშნა ახლადარჩეული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ტელეკომპანიის ყოფილი პროდიუსერისა და კომიკოსის მიერ, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო ამომრჩეველთა 73% -ისგან. შედეგად, მის ახლად დაარსებულმა პარტიამ “ხალხის მსახური”, რომელსაც მისი სერიალის სახელი დაარქვეს, პარლამენტში 450 მანდატიდან 254 მოიპოვა და უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა მიიღო.
მეორე ყველაზე პოპულარული პარტია პარლამენტში გახდა მკაცრად პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” (43 მანდატი). არჩევნების დროს ხშირად გვხვდებოდა უკრაინელი პოლიტიკური მოთამაშეებისა და კრემლის დეზინფორმაციული ქმედებები და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება.
საარჩევნო კამპანიის პირველ თვეში პარტია “ხალხის მსახური”, რომელსაც ამომრჩეველთა თითქმის ნახევრის მხარდაჭერა აქვს, მედია სივრცეში პასიურობდა. აშკარაა, რომ პარტია ეყრდნობოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პოპულარობის მოპოვების გარანტიასა და “ლოკომოტივს”, თუმცა პარტიის თავმჯდომარის დმიტრო რაზუმკოვის გარდა ის სხვა სახეებს წინ არ სწევდა. მხოლოდ ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ რაც საზოგადოების აზრის კვლევამ პარტიის რეიტინგის დაცემა აჩვენა, “ხალხის მსახურმა” ტელევიზიასა და თოქშოუებში მონაწილეობას მოუხშირა და საუბარიც დაიწყო მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემის შესახებ – “კლონები”, რომლებიც იყენებენ მათ სიმბოლოებს, სტილისტიკასა და სახელწოდებას. გარდა ამისა, “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” (OPFL) წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო დრომდე იქცეოდნენ როგორც ზელენსკის პოტენციური მოკავშირეები, მოულოდნელად პრეზიდენტისა და მისი პარტიის კრიტიკოსები და მოწინააღმდეგეები გახდნენ.
ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარას კოზაკი – OPFL- ის ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ მედვეჩუკის ახლო მოკავშირე და ბიზნესპარტნიორი – ოფიციალურად გახდა ZIK სატელევიზიო არხის, ახალი ამბების სააგენტოსა და ვებ-გვერდის მფლობელი. ZIK მცირე საინფორმაციო ტელევიზიაა, რომელიც მხოლოდ უკრაინის სიახლეების აშუქებს და მაყურებელთა 0,35% ფარავს ყოველთვიური მონაცემებით. წლის დასაწყისში, მისტერ კოზაკმა კიდევ ორი საინფორმაციო არხი იყიდა: “112 უკრაინა” და “NewsOne”. მთლიანობაში, ამ სამმა მაუწყებელმა ჩამოაყალიბა ძლიერი, აუდიტორიის სიდიდით ქვეყანაში მეხუთე მედია ჰოლდინგი.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა. საბჭოთა კავშირის დროს ის ცნობილი იყო, როგორც უკრაინელი ანტისაბჭოთა პოეტის ვასილ სტუსის ადვოკატი. მან თავის კლიენტს უღალატა, რამაც სტუსის ციხეში გარდაცვალება გამოიწვია. 2012 წელს მედვედჩუკმა ვლადიმერ პუტინს თავისი შვილი მონათვლა სთხოვა. დონბასის ომის დაწყების შემდეგ კი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა; კერძოდ, მას ევალებოდა პატიმრების არც თუ ისე წარმატებული გაცვლა. მაგრამ უკრაინის მედია ისტორიაში ის ცნობილია, როგორც სახელმწიფო ცენზურის შემოქმედი 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების და პრორუსული კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებისათვის.
ტელეკომპანიამ “112 უკრაინა” მფლობელის შეცვლის შემდეგ პირველ ორ თვეში, ვიქტორ მედვედჩუკზე მეტი სიახლე გამოქვეყნა, ვიდრე მთელი წინა წლის განმავლობაში. შეიცვალა შეტყობინებების ძირითადი მესიჯი და შინაარსი და დაიწყო მრავალი პრორუსული გამოსვლის გაშუქება: “მშვიდობა ნებისმიერ ფასად”, 2014 წელს ხელისუფლების არაკონსტიტუციური ჩამორთმევა და ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ ომი დაიწყო არა რუსებმა, არამედ ამერიკელებმა, რომლებიც უკრაინაში მაიდანიზე ჩამოვიდნენ, რათა შეფარულად მოეწოდებინათ ხალხისთვის რეჟიმის დამხობისკენ. ეჭვგარეშეა, თუ რამდენად საზიანოა ეს მესიჯები უკრაინისთვის: ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად, რომელიც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა “დეტექტორ მედიას” დაკვეთით, “112 უკრაინის”, “NewsOne”-ის და “Inter”-ის (არხი, რომელიც OPFL– ის სხვა ლიდერების საკუთრებაშია) მაყურებლები ნაკლებად აზიარებდნენ უკრაინაში მომხდარი მოვლენების პრო-უკრაინული ინტერპრეტაციებს, ვიდრე სხვა სატელევიზიო არხების მაყურებელები, კერძოდ, დონბასის ომთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებით.
ZIK-ის შეძენის შემდეგ სიტუაცია განმეორდა და საპარლამენტო არჩევნების დროს “NewsOne” და “112 უკრაინა” პრორუსული რიტორიკის მზარდი ხარისხით გამოირჩეოდა. ამ მაუწყებლებმა პირდაპირ უარყვეს რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში; საუბრობდნენ სამოქალაქო ომის შესახებ; ირწმუნებოდნენ, რომ მხოლოდ ლვოვის ოლქს სურდა ნატოს გაწევრიანება; ეჭვს გამოთქვამდნენ შეიარაღებული ძალების მიერ დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნების შესახებ; აცხადებდნენ, რომ ზელენსკიის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ მოსკოვში უნდა გამართულიყო და უკრაინას არ უნდა შეეჩერებინა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”. გარდა ამისა, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინას გაზი რუსეთიდან უნდა ეყიდა; უკრაინაში ჟუკოვის მონუმენტები ფაშისტებმა გაანადგურეს და ევროპარლამენტი არჩევნების შემდეგ ნაკლები “რუსოფილების” მიერ არის დაკომპლექტებული.
გარდა ამისა, მედვედჩუკის სატელევიზიო არხების რიტორიკამ (მაგრამ, სინამდვილეში, არა მხოლოდ მისი სატელევიზიო არხების) სიძულვილის ენის რეკორდულ სიღრმეებს მიაღწია. მაგალითად, “112 უკრაინამ” უმასპინძლა პროგრამას ლგბტ პირების უფლებების შესახებ, სადაც ისაუბრეს ჰომოდიქტატურაზე, პერვერსიებზე, ცოდვილ სოდომიასა და გამვლელთა პატივისა და ღირსების შელახვაზე. “NewsOne”-ს ერთ-ერთმა მასპინძელმა განაცხადა, რომ “ქალი ყოველთვის იქნება მეორეხარისხოვანი”, რადგან იესო კაცი იყო.
“112 უკრაინის” შეძენის შემდეგ ზოგიერთმა ჟურნალისტმა არხი დატოვა. თუმცა, როდესაც ZIK-ი გაიყიდა, მისმა ბევრმა ჟურნალისტმა არა მხოლოდ დატოვა მაუწყებელი, არამედ საჯარო პროტესტი დაიწყო. მათ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელსაც მხარი დაუჭირა ჟურნალისტების მედია მოძრაობამ “ცნობიერი არჩევანისთვის” და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ეს განცხადება გავრცელდა პოლიტიკოსებსა და სამთავრობო უწყებებს შორის უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ.
კერძოდ, მათ განაცხადეს: “მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, საბოლოოდ განსაზღვროს თავისი პოზიცია რუსეთის ინფორმაციულ ინტერვენციაზე უკრაინულ მედია სივრცეში და ცენზურის შემოღების თაობაზე პრორუსული პოლიტიკოსების მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის გუნდს, და განსაკუთრებით პარლამენტის მომავალ წევრებს, ჩამოაყალიბონ ეფექტური მექანიზმები, რითაც მოხდება სატელევიზიო სივრცის დემონოპოლიზაცია, დაფინანსების გამჭვირვალობის გარანტირება, რედაქციის დამოუკიდებლობისა და მფლობელების გავლენის შემცირება. ჩვენ მათ ასევე მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
მოვუწოდებთ ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლების ეროვნულ საბჭოს საფუძვლიანად გააკონტროლონ ZIK, “NewsOne” და “112 უკრაინა” არხების შინაარსის შესაბამისობა უკრაინის კანონმდებლობასთან და იმ პირობებთან, რომლითაც გაიცა მათი სამაუწყებლო ლიცენზიები.
მოვუწოდებთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს განაცხადონ, გამოყენებულ იქნა თუ არა ქვეყანა-აგრესორიდან მომდინარე ფული მედია აქტივების შესაძენად, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას. ამის დადასტურების შემთხვევაში, მოვითხოვთ, რომ ყველა საჭირო ზომა იქნას მიღებული ამ პროცესის შესაჩერებლად.”
ყველა ზემოხსენებულმა ორგანომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მაგალითად, პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა ZIK–ის ყოფილ ჟურნალისტებს; ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა უკრაინის მედიასაშუალებების მიერ განხორციელებულ რუსულ საინფორმაციო შეტევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების შემუშავება. ალბათ, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ხელისუფლების მყისიერი რეაგირების წყალობით, “112 უკრაინა”-მ და “NewsOne”-მა ვერ გაბედეს პროპაგანდისტული ფილმის, “უკრაინის ფარდის ახდა“ ეთერში გაშვება სადაც ოლივერ სტოუნი საუბრობს ვლადიმერ პუტინთან და ერთობლივი ტელეკონფერენციაა “Russia 1” სატელევიზიო არხთან. ორივე მასალა საბოლოოდ რუსულ ტელევიზიაში აჩვენეს, რომელიც ძალიან მეგობრული იყო ვიქტორ მედვედჩუკის მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
უკრაინის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს: მედიასაშუალებები, რომლებსაც კრემლი უკრაინის საწინააღმდეგო საინფორმაციო იარაღად იყენებს ნებისმიერ დროს შეიძლება მომართულ იქნას როგორც ბომბი. სწორედ ამიტომ, ახლადარჩეულმა პარლამენტმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოძებნონ საინფორმაციო გარემოს დაცვის ეფექტური გზები სიტყვის თავისუფლებისათვის საფრთხის შექმნის გარეშე. ამის მისაღწევად, ჩვენ ვსწავლობთ საფრანგეთის და გერმანიის მიერ მიღებული ყალბი ამბებისა და სიძულვილის ენის შესახებ მიღებულ ბოლოდროინდელ კანონმდებლობას. ასევე, უნდა გავაუმჯობესოთ ფინანსური გამჭვირვალობა მედია საშუალებების წილების მფლობელობასთან დაკავშირებით და მოვნახოთ რუსული ფულის აღმოჩენის გზები – იმ ფულის, რითაც უკრაინელთა გონებაზე, გულებსა და სულზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.