გრიგორი მესეჟნიკოვი

ღამის მგლები: რუსეთის ეფექტური „ბასრი ძალა“ სლოვაკეთში 

 

შესავალი: რუსეთის გავლენა ცენტრალურ ევროპაში

თანამედროვე რუსეთის  ხელისუფლება მრავალ ხერხს მიმართავს გავლენის გასავრცობად ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც 1990 წლის შემდგომ დემოკრატიული რეფორმებისა და პრო-დასავლური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების (ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა) გზას დაადგნენ. კრემლის მცდელობები ფორმითა და ხასიათით რუსეთის სტრატეგიულ მიზანს ააშკარავებს – ევროკავშირის, როგორც ლიბერალ-დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანების, დასუსტება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-სთან კავშირების მინიმუმამდე დაყვანა. აგრეთვე, რუსეთი ამ ქვეყნების დასავლური გაერთიანებებიდან გამოყვანასაც ისახავს მიზნად თუკი არსებული ვითარება ამის საშუალებას მისცემს. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მრავალ პრაქტიკულ ღონისძიებას მოიცავს: ადგილობრივი, ევროკავშირისა და ნატო-ს საწინააღმდეგო შეხედულებების წარმომჩენი, პოლიტიკური ძალებისა და პერსონების დახმარება საგარეო პოლიტიკაში ანტი-დასავლური პოზიციების გაძლიერების მიზნით; ისეთი საჯარო დისკურსის ჩამოყალიბება, რომელიც შეესაბამება რუსული პროპაგანდის მოდელს – საზოგადოებაში ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უთანხმოებისა და წინააღმდეგობის გაღვივება.

ამ მიზნების მისაღწევად კრემლი პრო-რუსულ ჯგუფებს (ლობის) ქმნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და მედია წრეებში, რომლებიც პროაქტიულად იმოქმედებენ რუსული პოლიტიკის ხელშეწყობისა და გამართლებისათვის. ეს მოთამაშეები არიან სპეციალურად შერჩეული პოლიტიკოსები, ექსპერტები, აკადემიის წამომადგენლები, ჟურნალისტები, საჯარო ინტელექტუალები, ბლოგერები, აქტივისტები და ა.შ. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, მათ შორის სლოვაკეთში, რუსეთის „ბასრი ძალა“ პოულობს საკუთარ აუდიტორიას და ადვოკატირებას ახდენს ძირითადად იმ ხალხში, რომელიც პოზიტიურად აღიქვამს ყოფილ კომუნისტურ რეჟიმს და იმდროინდელ სოციალურ რეფორმებს. ეს ხალხი ხასიათდება ძველი რეჟიმის ნოსტალგიით,  ლიბერალური რეფორმებით და დასავლეთთან აფილირებით უკმაყოფილებით. ისინი პან-სლავიზმითა და რუსოფილიით წინააღმდეგობას უწევენ დასავლეთის იდეას, ხელს უწყობენ სლავურ ქვეყნებს შორის სოლიდარობას, რუსეთთან ცენტრალური ევროპის იმ ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, რომლებშიც მოსახლეობის უმრავლესობას სლავები წარმოადგენენ.

 

„ბასრი ძალა“: მიზნები, აქტორები, ქომაგები

რუსული გავლენის საბოლოო მიზნები, ლიბერალური დემოკრატიების შესუსტების ჩათვლით, ხუთი სახისაა:

  • ხალხთა შორის უნდობლობის დონის ამაღლება
  • დემოკრატიული და არადემოკრატიული საზოგადოებრივი წყობის ფორმებს შორის განსხვავებების შემცირება
  • ფაქტებსა და ფიქციებს, სიმართლესა და სიცრუეს, სანდო ცოდნასა და „ალტერნატიულ ინტერპრეტაციებს“ შორის განსხვავებების წაშლა
  • ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელშიც ინფორმაციის მიმღებ ინდივიდს არ შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის ნაკადში გარკვევა და კითხვებზე პასუხს პროფესიონალურ, მეცნიერულ ცოდნაში ეძებს

რუსული „ბასრი ძალის“ სისტემა იდეოლოგიურ ინდოქტრინაციაში ცდილობს  წარმატების მიღწევას, რაც მიმართულია, შეამციროს მოსახლების მხარდაჭერა უნივერსალური ლიბერალური ღირებულებების, დემოკრატიის ნორმებისა და პრინციპების, ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. შედეგად, კრემლი ადვოკატირებას უწევს „ტრადიციულ ღირებულებებს“, „რელიგიურ სპირიტუალიზმს“, ეთნო-ნაციონალიზმის პრინციპებს, სლავურ სოლიდარობასა და კოლექტივისტურ ეთიკას, რომელმაც ინდივიდუალური, „მულტიკულტურული“, დასავლური მიდგომა უნდა ჩაანაცვლოს.

 

ვინ არის რუსეთის „ბასრი ძალის“ იარაღი?

ესენი არიან სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანიზაციები, კვაზი-სახელმწიფო აქტორები, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები (Russia Today, Sputnik), რომელთა მიზანია ფართო ადგილობრივ აუდიტორიამდე მიღწევა პროპაგანდისტული მესიჯების გასავრცელებლად. მსგავსი მოთამაშეები აგრეთვე არიან სხვადასხვა ინსტიტუტები, ფონდები, ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ. მაგალითად, კულტურის სფეროში მთავარი როლი აქვთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მდებარე რუსული კულტურის ცენტრებს. ისინი ორგანიზებას უწევენ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელოვნებას სოციო-პოლიტიკურ მესიჯებში ურევენ და რუსულ სახელმწიფო ნარატივებს ავრცელებენ დამოუკიდებლად ან სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით (ადგილობრივი სააგენტოები, რუსი ემიგრანტების ასოციაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიზნეს წრეები).

სლოვაკეთში მეცნიერებისა და კულტურის რუსულმა ცენტრმა (რუსეთის საელჩოს ნაწილი)  ბოლო წლებში ორგანიზება გაუწია რამდენიმე ღონისძიებას ისეთი აშკარა იდეოლოგიური მესიჯებით, როგორებიცაა ნაცისტური გერმანიისაგან სლოვაკეთისა და ბრატისლავას განთავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენები, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე,  ალექსანდროვის სამხედრო ორკესტრის, ქოროსა და ადგილობრივი პოპ-მომღერლების კონცერტი, „უკვდავი პოლკის“ მემორიალური ღონისძიება, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი საბჭოთა პოსტერების გამოფენა, იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის წლისთავის აღნიშვნა, საერთაშორისო ფესტივალი „სლავების დღე“, აგრეთვე რუსული კულტურის ფესტივალი, რუსული ბენდების კონცერტი, რუსი დრამატურგი მსახიობებისა და მუსიკოსების პერფორმანსები, კინოჩვენებები და ა.შ.

მიუხედავად ამისა, სლოვაკეთში რუსული იდეოლოგიური გავლენის გაძლიერების ყველაზე ცნობილი მცდელობა მიეწერება ძალიან სპეციფიკურ ორგანიზაციას – ბაიკერთა კლუბს – „ღამის მგლები“. ჯგუფის წევრების პერფორმანსის სკანდალური გარემოებების მედიაში ფართო გაშუქება გახდა მიზეზი, რის გამოც სხვა მხრივ უცნობი ჯგუფი, რომლის შესახებაც საშუალო სტატისტიკურმა სლოვაკმა 2015 წლამდე არაფერი იცოდა,  ცნობილი გახდა. მიუხედავად ამისა, სამი წლის შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში, ღამის მგლებისა და მათი ადგილობრივი განშტოების ქეისი სლოვაკეთში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განხილვად საგნად იქცა.

 

ღამის მგლები სცენაზე

ლოგიკურია ფაქტი, რომ ღამის მგლები სლოვაკეთში რუსული „ბასრი ძალის“ მესენჯერები გახდნენ. ამ დაჯგუფებას რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებული დიდი იდეოლოგიური არსენალი გააჩნია – უხეში ფიზიკური ძალის კულტი, მილიტარიზმი, ისტორიული რევიზიონიზმი, დასავლეთის სიძულვილი, ევროკავშირისა და ნატო-ს უარყოფა, იმპერიული ნაციონალიზმი, ლიბერალური დემოკრატიისათვის წინააღმდეგობის გაწევა, სუპერ-სახელმწიფოებრივი მისწრაფებები, სტალინიზმი, ჰომოფობია, „ტრადიციულ ღირებულებებზე“ აქცენტის გაკეთება, მანიფესტაციური „სოციალური კონსერვატიზმი“, „რუსული სამყაროსა“ და სლავური ძმობის იდეა, საბჭოთა კავშირის და რუსული მონარქიის გაღმერთება – ყველაფერი, რაც „პაკეტში“ შედის.

პირველად ამ რუსულმა „პატრიოტულმა“ დაჯგუფებებმა სლოვაკეთში ფართო აუდიტორიის ყურადღება 2015 წლის გაზაფხულზე მიიპყრეს, როდესაც „მგლების“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზალდოსტანოვმა განაცხადა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავზე  რბოლის ორგანიზებას აპირებდა ცენტრალური ევროპიდან ბერლინამდე,  ერთ-ერთი მარშრუტი კი სლოვაკეთზე გაივლიდა. „ღამის მგლების“ რეპერტუარი ცნობილი იყო: ადგილობრივი ბაიკერების ესკორტით მგზავრობა, რომელიმე მემორიალურ ადგილას პრო-რუსულ ჯგუფებთან ერთად ადგილობრივი ღონისძიებების გამართვა ადგილობრივი აუდიტორიისათვის, წითელი და რუსული დროშების ფრიალი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მადიდებელი ლოზუნგების ქვეშ, სიტყვით გამოსვლები რუსული სამყაროს (ძირითადად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში)   ან სლავური ძმობის (ცენტრალური ევროპის ქვეყნებში) შესახებ. მისი თქმით, ეს ღონისძიებები ჩატარებული იქნება რუსული სახელმწიფო ტელევიზიების მონაწილეობით, რათა რუსეთში მაყურებელმა ნახოს, როგორ მიესალმება ადგილობრივი მოსახლეობა რუს და სლავ ძმებს, ყოფილი განმათავისუფლებლების შთამომავლებსა და მემკვიდრეებს. ბრატისლავაში „ღამის მგლებმა“ შეხვედრა  ტრადიციული სამახსოვრო ღონისძიებების გამართვის ადგილას დაგეგმეს – სლავინის ბორცვზე, სადაც ბრძოლაში დაცემული, სლოვაკეთის განმათავისუფლებელი, საბჭოთა ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი.

„ღამის მგლების“ წევრებს, მათ შორის ზალდოსტანოვს, რომელთაც, რუსული სამხედრო ძალებისა და პრო-რუსი სეპარატისტების მხარეს ბრძოლით, აქტიური მონაწილეობა მიიღეს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციასა და ანექსიაში  ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ. პოლონეთმა დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ არ შეუშვებს არცერთ „ღამის მგელს“ საკუთარ ტერიტორიაზე. „ღამის მგლები“ ვერ იქნებოდნენ იმდენად მამაცები, რომ ცენტრალური და დასავლეთ ევროპისკენ უკრაინის გავლით წასულიყვნენ. არ არსებობდა აღმოსავლეთიდან  სლოვაკეთში შესვლის შესაძლებლობა  პოლონეთის, უკრაინისა და უნგრეთის გვერდის ავლით, რომლებიც, სლოვაკეთის მსგავსად, უკრაინის ტერიტორიით არიან გეოგრაფიულად განცალკევებული რუსეთისაგან (შესაბამისად, ეს ვარიანტიც გამოირიცხა).

მიუხედავად ამისა, პრო-დასავლურმა საზოგადოებამ (მედია, ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები) მოითხოვა, რომ ოფიციალურმა ორგანოებმა აღნიშნული დაჯგუფების წევრებს მკაფიოდ აუკრძალონ სლოვაკეთში შესვლა. კონკრეტულად, მათ განაცხადეს, რომ ნაციზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღნიშვნის მანტიის საფარველის ქვეშ, ეს ღონისძიება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა.

საბოლოოდ, „ადამიანმა მგლებმა“ გასაკვირია არაა, რომ თაღლითობით მოახერხეს თავიანთი ღონისძიების ჩატარება. ნამდვილმა „ღამის მგლებმა“ სლოვაკეთში ვერ შემოაღწიეს. ისინი, ვინც ეს მოახერხა „დროებითი კონტრაქტორები“ იყვნენ – რამდენიმე „მგელი“, რუსულად მოლაპარაკე ლატვიის მოქალაქეები, რომლებმაც დაჯგუფების ლიდერებთან მოსკოვში გაიარეს მომზადება, ევროკავშირის მოქალაქეობა გამოიყენეს და ლიტვასა და პოლონეთში სამოქალაქო ტანსაცმლით გაიარეს. პოლონეთ – ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდგომ მათ ტრადიციული სამოსი ჩაიცვეს – ტყავის პიჯაკი და ჩაფხუტი მართლმადიდებლური ქრისტიანული, რუსული და საბჭოთა სიმბოლოებით. ბრატისლავაში, სლავინის გორაკზე, ადგილობრივმა პრო-რუსმა აქტივისტებმა რუსეთის საელჩოს დახმარებით საჯარო ღონისძიება ჩაატარეს, რომელსაც დაახლოვებით 2 000 ადამიანი დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ სლოვაკეთისა და მეზობელ ქვეყნებში რუსული დიასპორის წევრები, რუსი დიპლომატები, პრო-რუსული ლობისტური ჯგუფების აქტივისტები, პოლიტიკოსები ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე სპექტრიდან, პუტინის რეჟიმის მომხრეები. ლატვიური პასპორტის მქონე „ღამის მგლების“ წევრებმა თავიანთი „გამარჯვების“ სვლა ბრატისლავადან ავსტრიასა და გერმანიაში განაგრძეს.  

 

2018: „ღამის მგლები“ და „სლოვაკი ახალწვეულები“ მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

სლოვაკეთის მედიასა და პოლიტიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია 2018 წლის ზაფხულზე მომხდარმა კიდევ ერთმა შემთხვევამ, რომელმაც დაადასტურა, რომ სლოვაკეთში „ღამის მგლებისა“ და მათი ადგილობრივი მოკავშირეების განზრახვები  პროპაგანდაზე ორიენტირებული ღონისძიებების ჩატარებას გასცდა.

2018 წლის ივლისში „ღამის მგლებმა“ სლოვაკეთში თავიანთი განშტოების დაფუძნების შესახებ განაცხადეს, რომელიც მათი „ევროპული სათაო ოფისის“ ფუნქციას შეასრულებდა. პატარა სოფელ დოლნა კრუპაში, ქალაქ ტრნავას მახლობლად, ადგილობრივმა ბიზნესმენმა, მეხანძრემ და ბაიკერმა, ჯოზეფ ჰამბალეკმა გახსნა შენობა, რომელიც ისტორიული საბრძოლო ტექნიკის მუზეუმი უნდა ყოფილიყო. ჰამბალეკმა განაცხადა, რომ ეს შენობა „ღამის მგლების“ „ევროპული სათაო ოფისი“ იქნება.

ჰამბალეკი ქვეყანაში  უცნობი ფიგურა არ არის. იგი „ღამის მგლებს“ სლოვაკეთში შესვლის წინა მცდელობებში დაეხმარა და რუსეთში მათ აქტივობებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. 2017 წელს „ღამის მგლების“ ლიდერთან ზალდოსტანოვთან ერთად ის პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა ყირიმში. მას ასევე ჰქონდა კონტრაქტი მაღალი რანგის სლოვაკ პოლიტიკოსებთან, მათ შორის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან რობერტ კალინაკთან, ვისთანაც აქვს საზიარო ჰობი – მოტოციკლის ტარება. ჰამბალეკმა სახელმწიფო ისტორიის მუზეუმიდან ძველი სამხედრო აღჭურვილობის თხოვებაც მოახერხა. ამის შემდგომ ის წარმატებით ავრცელებდა ლეგენდას დოლნა კრუპაში მუზეუმის შექმნის შესახებ.

„ღამის მგლების“ “ევროპული სათაო ოფისი“ ფართო პუბლიკისათვის მისაწვდომი არ იყო და ჟურნალისტებმა, დრონის მეშვეობით, მოახერხეს ვიდეოს გადაღება, რომელმაც აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს იყო შეიარღებული პირების საწვრთნელად მოწყობილი დაწესებულება (ტირი, ჯავშნოსანი ტრანსპორტის ტრეკი). აღმოჩნდა, რომ პარამილიტარულმა არარეგისტრირებულმა ჯგუფმა, „სლოვაკმა ახალწვეულებმა“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო  ექსტრემისტულ ორგანიზაციად მოიაზრებს, ამ ტერიტორიაზე „წვრთნები“ უკვე ჩაატარა. „სლოვაკი ახალწვეულები“ პრო-რუსული, ანტი-დასავლური პარამილიტარული ჯგუფია, რომელიც რადიკალური ნაციონალიზმისაკენაა მიდრეკილი „სლავური ძმობის“ სულისკვეთებით. ეს ორგანიზაცია რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა სლოვაკებმა დაარსეს, რომელთაც მანამდე რუსეთში სპეციალური წვრთნები გაიარეს.

„ღამის მგლების“ „ევროპული სათაო ოფისის“ დაფუძნების გარემოებებმა სლოვაკეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მედია საშუალებებმა დაწერეს აშკარა პროვოკაციაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1968  წელს საბჭოთა კავშირის ძალების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის 50-ე წლისთავის წინ. მათ განაცხადეს, რომ რუსული გავლენის იარაღმა პრორუსმა ძალებმა აჩვენეს, როგორ ესმით ცენტრალური ევროპის ქვეყნების დამოუკიდებლობა, როდესაც ისინი ადგილობრივ პრო-რუს ძალებს იარაღით წვრთნების ორგანიზებაში დაეხმარნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ სწრაფი რეაგირება მოახდინეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ დაჯგუფების წევრები ისტორიის გადაწერის მიზნით საზიანო ნარატივებს ავრცელებენ: „ეს მოსაზრებები უკავშირდება იმას, რომ ყირიმი არაა ანექსირებული, ნატო კრიმინალური ორგანიზაციაა, სტალინი რუსეთის ისტორიაში სათაყვანებელი ფიგურა და რუსი ხალხის უმაღლესი ლიდერია“.  თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მუზეუმის ხელმძღვანელობა დასაჯა ჰამბალეკზე ძველი საბრძოლო ტექნიკის განათხოვრებისთვის. ჰამბალეკმა დიდი ფინანსური ჯარიმა მიიღო ეკონომიკის სამინისტროსაგან – რამდენადაც მან, როგორც ადგილობრივი საბრძოლო ბრიგადის მეთაურმა, კანონთან წინააღმდეგობით,  არ შეატყობინა სამინისტროს, რომ  სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ტანკი, მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციას ყურადღებით უწევდა მონიტორინგს  და კანონდარღვევის შემთხვევაში ჩაერეოდა.

ყველაზე თვალსაჩინო რეაქცია პრეზიდენტ ანდრეი კისკას ჰქონდა. მან მთავრობას ისეთი გარემოებების შექმნისაკენ მოუწოდა, რომლებიც „ქვეყანაში მოქმედი საეჭვო ასოციაციების“ წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარების საშუალებას შექმნის. მან განაცხადა, რომ რუსი მოტოციკლისტები, რუსული არმის სპეციალური ქვედანაყოფების გვერდით, ყირიმში საბრძოლო ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი: „მათი დამაარსებელი სანქციების სიაშია და ევროკავშირში შესვლა ეკრძალება. ისინი, არა მოტოკიცლის უვნებელი მოყვარულები, არამედ იარაღი არიან იმ რეჟიმის ხელში, რომელმაც, საერთაშორისო სამართალის დარღვევით,  ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. სლოვაკეთში მათი ეგრეთწოდებული „ევროპული სათაო ოფისის“ დაარსება   ყირიმის ანექსიისა და რუსეთის პოლიტიკის მიმართ სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციის  დაცინვას წარმოადგენს“. კისკას მიხედვით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, „ღამის მგლები“ ქვეყნისთვის სერიოზულ უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ.

სლოვაკეთის სამოქალაქო საზოგადოებამ „ღამის მგლების“ მიმართ მკაფიო მკაცრი წინააღმდეგობა დააფიქსირა. ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყანაში მათი წარმომადგენლობის ყოფნის წინააღმდეგ მანიფესტაციას მოაწერეს ხელი. შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივა, რომლის მიზანიც „ღამის მგლების“ მოქმედების არეალისა და განზრახვების გამომჟღავნებაა 1968 წლის აგვისტოს მოვლენების გასახსენებელი ღონისძიებების კონტექსტში. სამოქალაქო აქტივისტებმა დოლნა კრუპას მახლობლად ბანერები დაამონტაჟეს, რომელმაც ამ საკითხებით დაინტერესება გამოიწვია. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა პოდკასტები, რომლებიც 1968 წლის სსრკ-სა და 2018 წლის „ღამის მგლებს“ შორის ავლებს ისტორიულ პარალელებს.

 

დასკვნა

„ღამის მგლების“ მცდელობა, სლოვაკეთში  ევროპული ბაზა შეექმნათ, წარუმატებლად დასრულდა.  მიუხედავად იმისა, რომ მათ  თავდადებული მიმდევრები და ლობისტები ჰყავდათ დემოკრატიულმა ძალებმა, დამოუკიდებელმა მედიამ და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებმა  ამ მცდელობის რეალური განზრახვების გამომჟღავნება მოახერხეს. მათ წარმოშობილი რისკების შესახებ აგრეთვე გააფრთხილეს არაეფექტური ოფიციალური პირები და  დაუყოვნებლივი რეაგირება მოსთხოვეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მეთაურის მკაფიო რეაქცია, რომელმაც პრო-დასავლური ორიენტაცია აჩვენა და დემოკრატიული ძალების მხარე დაიკავა. ფართო საზოგადოების (ექსპერტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები) სოლიდურმა შეთანხმებულმა გამოხმაურებამ თავის მთავარ მიზანს – სლოვაკეთში „ღამის მგლების“ წარმომადგენლობის შექმნის თავიდან აცილებას – მიაღწია. ამ შემთხვევამ აჩვენა თუ როგორი პოზიტიური შედეგები შეიძლება მოიტანოს რუსულ „ბასრ ძალასთან“ დაპირისპირებამ.

სტატია მომზადებულია პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხედვებს.

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.