ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტის ღია წერილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს
ქალბატონებო და ბატონებო,
მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. დემოკრატიული და დასავლური ტიპის სახელმწიფოს განვითარებისა და საარჩევნო პროცესის დახვეწის გზაზე აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების თითოელი წევრის ჩართულობა და მისი მხრიდან საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის – ხმის მიცემის – აღსრულება.
ჩვენ კარგად ვიზარებთ და ვხვდებით იმ აუცილებლობას, რომელსაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ობიექტური დამკვირვებლის მიერ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება და ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ახორციელებენ საარჩევნო უბნებზე, საველე პირობებში, დაკვირვების გზით.
ამავდროულად, გვსურს გავამახვილოთ ყურადღება აღნიშნული საქმიანობის თანმხლებ, მაგრამ, ჩვენი მოსაზრებით, უაღრესად უსიამოვნო გარემოებაზე. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, როგორც წესი, თავად ანაწილებენ საკუთარ დამკვირვებლებს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, რომლებიც, როგორც წესი, არ ემთხვევა ამ ადამიანების რეგისტრაციის მისამართს – რაც იწვევს ამ ადამიანების მიერ ხმის მიცემის შეუძლებლობას (მაგალითისთვის: გორში მცხოვრები და რეგისტრირებული შესაძლებელია გადანაწილდეს ლაგოდეხში რომელიმე უბანზე; ეს ადამიანი უნდა იყოს ლაგოდეხში უბნის გახსნიდან საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გაცემამდე – რის გამოც, ბუნებრივია, მის მიერ ხმის მიცემა შეუძლებელია).
აღნიშნულ სიტუაციას კიდევ უფრო ხელს უწყობს ორგანიზაციათა ნაწილში არსეუბლი შიდა რეგულაციები, რომელბიც უზღუდავენ დამკვირვებელს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე დაკვირვების შესაძლებლობას, რაც მის მიერ ხმის მიცემას შეუძლებელს ხდის.
ჩვენი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, როგორც წესი ახალგაზრდები ვარდებიან. ჩვენ ჩავატარეთ მცირე შიდა კვლევა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ქსელის – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალგაზრდული ქსელი საქართველოში – წევრებს შორის, რამაც დაადასტურა ახალგაზრდების ირიბი გათიშვა საარჩევნო პროცესიდან. აღვნიშნავ ასევე, რომ ჩვენი ქსელის წევრები, როგორც წესი, რეგიონში მცხოვრები ყველაზე აქტიური ახალგაზრდები არიან, და მათი პასიურობა არის უაღრესად ცუდი მაგალითი რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გარდა უმნიშვნელოვანესი გამოცდილებისა, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის არჩევნებზე დაკვირვება წარმოადგენს მატერიალურ ინტერესსაც, რის გამოც, ირიბად, მათ უწევთ საკუთარი ხმის მიცემის უფლებაზე უარის თქმა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ჩვენი მოსაზრებით, ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესში არის არამარტო უმნიშვნელოვანესი, არამედ ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთაერთი გარანტია. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ცდილობს საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ შორის უპრეცედენტო კამპანიის – „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“ განხორციელების გზით და ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს მიერ აღწერილი პრობლემა უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდებს ეხება.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ამ არჩევნებზე აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერანაირად ვერ მოესწრება, თუმცა მოგმართავთ თხოვნით, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემდეგი – საპარლამენტო – არჩევნებისთვის იმუშავებს აღნიშნული საკითხის მოგვარების გზების დასახვაზე.
პატივისცემით,
გიორგი მელაშვილი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
პრეზიდენტი.