წარუმატებელი ბალანსირების აქტი: როგორ დომინირებდნენ დებატებს მიგრაციის შესახებ პრო-რუსი ულტრა-მემარჯვენეები ჩეხეთის რესპუბლიკაში
პაულა ზვეჟნიეცი
არარეზიდენტი უმცროსი მკვლევარი, Kremlin Watch პროგრამა, ევროპული ღირებულებების Think-Tank-ი
ჩეხეთი: დიდი პრობლემის მხოლოდ ერთი ილუსტრაცია
ევროპის კონტინენტზე 2015 წლიდან მიგრანტთა და დევნილთა შემოდინებამ ევროკავშირში ერთიანობის, არჩეული მიმართულებისა და მორალის შესახებ სერიოზული ეჭვები გააჩინა. ევროკავშირის მიდგომები და მცდელობა, კვოტირების სისტემით ჩაეცხრო კრიზისი, წარუმატებელთან ერთად არაპოპულარულიც გამოდგა. თავშესაფრის მაძიებლები და მიგრანტები აღმოსავლეთიდან ძირითადად სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან და პაკისტანიდან მოდიან, სამხრეთიდან კი ნიგერიიდან, ერიტრეადან და სხვა ქვეყნებიდან. რამდენადაც მიგრანტები ძირითადად მუსლიმები არიან (უმცირესობა კი ქრისტიანებიც) მიგრანტთა კრიზისის გარშემო მიმდინარე დებატები მუსლიმ უმრავლესობაზე ფოკუსირდება. ევროპული კვოტის საფუძველზე მიგრანტების მიღების საწინააღმდეგო მრავალი ლეგიტიმური პოლიტიკური არგუმენტი არსებობს, რაც ჩეხეთში ისეთი კონსერვატული პარტიების მიერაა გაჟღერებული, როგორებიც არიან სამოქალაქო- დემოკრატიული პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. ეს პარტიები იმიგრაციისა და ისლამის შესახებ ტრადიციულ დამოკიდებულებებს იზიარებენ. მიუხედავად ამისა, არსებობენ ისეთი პრო-რუსული, ულტრა-მემარჯვენე მოძრაობები, მათ შორის საპარლამენტო პარტია SPD – პირდაპირი დემოკრატიის პარტია, რომლებმაც აღნიშნული თემა დეზინფორმაციისადმი ყველაზე მეტად მოწყვლად დემოგრაფიულ ჯგუფებში ისტერიის პროვოცირებისათვის გამოიყენეს.
დიდი ხანია ცნობილია, რომ რუსეთის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ინტერესი ევროკავშირისა და ნატოს შესუსტება და პოტენციურად დაშლაა, ვინაიდან ეს ორგანიზაციები დასავლეთში რუსეთის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აძლიერებენ. ძირითადად ეს ხორციელდება საზოგადოებაში უკვე არსებული უთანხმოებების იდენტიფიცირებითა გაღვივებით, დეზინფორმაციის საშუალებით, რათა დებატები ყველაზე კარგ შემთხვევაში არაგონივრული, ხოლო უარეს შემთხვევაში დესტრუქციული გამოვიდეს. რამდენადაც ჩეხ ხალხში აქამდეც არსებობდა იმიგრაციისა და ისლამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა და ტრადიციულად იყო ევროსკეპტიციზმისაკენ მიდრეკილება, კრემლი და მისი წარმომადგენლები ჩეხეთში ცდილობდნენ „მუსლიმური საფრთხის“ გარდაუვალობის ინტენსიფიკაციას და მის ევროკავშირთან დაკავშირებას ევროსკეპტიციზმის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.
იმიგრაციის საწინააღმდეგო ნარატივები: ეხმარებიან ულტრა-მემარჯვენეები რუსეთს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩეხეთი ევროკავშირის განსახლების სქემაში მუსლიმი ემიგრანტებისა და დევნილების მიღების მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მყარი პოზიციით გამოირჩეოდა და მხოლოდ 12 მიიღო ქვეყანაში განაწილებული 2691 მიგრანტიდან. ულტრა-მემარჯვენეების მიერ მხარდაჭერილი რადიკალური ნარატივი ყველა მუსლიმს გადაცმულ ტერორისტად ხატავდა და საუბრობდა იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ ინტეგრირდნენ ჩეხ საზოგადოებაში კულტურულად, სოციალურად და მორალურად გამოუსწორებელი ფუნდამენტური ზიანის მიყენების გარეშე. შიდაპოლიტიკური აქტორების უდიდესი უმრავლესობა მუსლიმური წარმოშობის მიგრანტების მიღებას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. ის აქტორები კი, რომელთაც თავშესაფრის მაძიებელთა მიღებას მხარი დაუჭირეს, თითქმის ექსკლუზიურად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებსა და დევნილთა დახმარების ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.
ყველაზე რადიკალური მაგალითების დასახელებისას უნდა აღვნიშნოთ თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის (SPD) პარტიის ლიდერი ტომიო ოკამურა, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. სხვა ქმედებების გარდა, ის ხალხს მეჩეთების სიახლოვეს ძაღლებისა და ღორების სეირნობისაკენ მოუწოდებდა (რაც, სულ მცირე, მუქარაა) და ხალხს ურჩევდა, არ ეჭამათ მუსლიმების მფლობელობაში არსებულ რესტორნებსა და საქაბაბეებში, რომლებიც, მისი აზრით, რადიკალ ისლამისტებს ეხმარებოდნენ – „ყველა ქაბაბი, რომელსაც ვყიდულობთ, ბურქასაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.
კიდევ ერთი მაგალითი ადამ ბარტოშს ეკუთვნის, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის (Národní demokracie, ND) ხელმძღვანელია და ჩეხეთის პოლიციის მიერ ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ედება ბრალად. ევროკავშირის წევრობასა და იმიგრაციის საკითხზე მისი პოზიცია ანტი-სემიტური შეთქმულების თეორიებით არის გამსჭვალული. ადამ ბარტოში მიგრაციის პრობლემის წარმოშობას მსოფლიოში ებრაელთა და მასონთა ბატონობას უკავშირებს. იგი აგრეთვე უკრაინაში რუსეთის ქმედებებს ღიად უჭერს მხარს და რუსეთს ევროპაში ქრისტიანული კულტურის დამცველად მიიჩნევს.
ბევრი უკვე ნახსენები პოლიტიკოსი, რომლებიც ანტი-იმიგრაციული რიტორიკით გამოირჩევიან აგრეთვე დაკავშირებულნი არიან პრო-რუსულ სლავური სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან. ამ ორგა ნიზაცის აგრეთვე მხარს უჭერს თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის პარტიის (SPD) ლიდერი, ტომიო ოკამურა. სლავური სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი ჩეხეთში კონფერენციებსა და განხილვებს მასპინძლობს, რომელთა მიზანი იმ ინფორმაციის გაქარწყლებაა, რაც რუსეთის შესახებ „მითებად“ არის მიჩნეული და ხელს უწყობს რუსულ მსოფლმხედველობას ჩეხეთში პოლიტიკის შემოქმედ წრეებში. ბოლოს უნდა აღინიშნოს ყველაზე შესამჩნევი მაგალითი – პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელმაც პრო-რუსული ხედვები მრავალჯერ გააჟღერა. იგი პირადად პუტინს კონსერვატული, ქრისტიანული ევროპის მცველად მიიჩნევს.
ამ ყველაფერთან ერთად ჩეხეთში ეგრეთ წოდებული „ალტერნატიული“ ახალი ამბების წყაროები შეინიშნება, როგორიცაა, მაგალითად, Parlamentni Listy. ეს მედია ყალბი ან, სულ მცირე, ძალზედ მიკერძოებული ახალი ამბების სიუჟეტების ხარჯზე მოპოვებული პოპულარობითა და „ლეგიტიმურობის“ გაზრდით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული მედია საშუალებების მიმართ სანდოობა შემცირებულია. მაგალითად, Parlamentni Listy-ის მიხედვით, დევნილები შვედეთში რეგულარულად აუპატიურებენ ქალებს, ხოლო გერმანელები აფრიკელებსა და არაბებს საკუთარ ქვეყანაში გაურბიან, რაც „ევროპის ისლამის მიერ დაპყრობად“ არის წარმოჩენილი. გარდა ამისა, მედია-საშუალებებმა გაავრცელეს აშკარა შეთქმულების თეორიები თითქოს ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და მასონები ევროპული სახელმწიფოების განადგურებისთვის არიან შეთქმულნი, რაც სხვაგვარად კალერჯის გეგმის სახელითაა ცნობილი.
დადასტურებულია, რომ ევროკავშირისა და ნატოს დასუსტება რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანია. აგრეთვე, რუსეთთან დაკავშირებული ბევრი ანტი-იმიგრაციის მომხრე საჯაროდ არის დაკავშირებული ისეთ პრო-რუსულ ინსტიტუტებთან, როგორიცაა სლავური კვლევების ინსტიტუტი. შედეგად, მათ თავიანთი სხვა პოზიციებიც (როგორიცაა რუსეთის ქმედებების მხარდაჭერა უკრაინაში) განაცხადეს, რაც რუსეთის იმიჯს აძლიერებს. ეს აშკარად აჩვენებს ევროპის ულტრა-მემარჯვენე აქტორების, მათ შორის ჩეხების, კრემლთან კარგად ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ კავშირებს.
ზემოთ აღწერილი ნარატივები აშკარად იმისკენაა მიმართული, რომ ჩეხი საზოგადოების ერთიანობა შეასუსტოს და მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს, იმიგრაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ნაპრალი გაზარდოს. ეს მიგრანტებისა და დევნილების შესახებ პანიკის გასავრცელებლად კეთდება იმ მიზნით, რომ ეს პანიკა ევროკავშირის საწინააღმდეგო სენტიმენტებში გადაიზარდოს, რამდენადაც ევროკავშირის პოლიტიკა წარმოჩენილია მიზეზად, რის გამოც ჩეხეთის რესპუბლიკას იმიგრანტების მიღება მოუწია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დეზინფორმაციული შინაარსის უკან მდგომი აქტორები კრემლის მომხრეები არიან, ცხადია, რომ ჩეხეთში მიგრაციის შესახებ დებატები ქვეყნის შიდა საქმეებში რუსული ჩარევის კიდევ ერთი სამიზნეა, რაც, ჩეხეთში ევროსკეპტიციზმის გაღვივების პარალელურად, ევროკავშირში კოჰეზიის ძირის გამოსათხრელად კეთდება.
ლიბერალების მარცხი, ევროსკეპტიკოსების გამარჯვება
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩეხურ პუბლიკას ელემენტარულ დონეზეც კი არ აქვს ევროკავშირის განსახლების პოლიტიკის ცოდნა. კონკრეტულად, ჩეხები არ არიან კარგად ინფორმირებულნი პროგრამის პირობების შესახებ (როგორიცაა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დეპორტაცია). ჩეხები დევნილებს ხშირად ცივილიზაციის საფრთხედ, ფარულ ტერორისტებად, „ადაპტირების უნარის არმქონე ბარბაროსებად“, ზარმაც, უმადურ ადამიანებად აღიქვამენ. ეს ხედვა მთლიანი საზოგადოებისა და ჟურნალისტების, think-tank-ების მარცხს ააშკარავებს, რომელთაც ფართოდ გავრცელებადი და მარტივად ხელმისაწვდომი ნარატივები უნდა შესთავაზონ საზოგადოებას, რათა მუსლიმი მიგრანტების ჰუმანიზება მოხდეს და მათთან დაკავშირებული ევროპული პოლიტიკა განიმარტოს.
მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს ლიბერალური ბანაკის იმ წარმომადგენლთა მარცხის შესახებ, რომელთაც ვერ შეძლეს იმიგრაციის საკითხს რაციონალურად მიდგომოდნენ და კონსერვატული აზრის მქონეთათვის რასისტი ან ნაცისტი არ ეწოდებინათ. მსგავსი ელემენტები, რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ განიმარტა, ყველა იმიგრაციის საწინააღმდეგო ბანაკში არსებობს. ლეგიტიმურ კითხვებზე საუბრის საშუალების არქონამ, შესაძლოა, საზოგადოებას ულტრა-მემარჯვენეების მხარდაჭერისაკენ უბიძგა, რომლებიც უკვე არსებულ ხედვებზე აპელირებენ და მათ ვალიდურობას სძენენ.
მთლიანად სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდა: დებატებში მემარჯვენე ძალები დომინირებდნენ, რომელთაგანაც ბევრი საზოგადოებას დაუდასტურებელ კონსპირაციებს ახვევდა თავს და აშკარად იყო რუსეთთან დაკავშირებული, სულ მცირე, რაღაც დოზით მაინც. მათ უფრო მცირე „ლიბერალური ბანაკი“ უწევდა ოპონირებას, რომლის სტრატეგიებმა ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური ჩეხების დამოკიდებულებებზე გავლენა ვერ მოახდინა. ამიტომაც, მათ უკანასკნელ საშუალებად მოწინააღმდეგეთა ლანძღვას მიმართეს. ეს სიტუცია რუსეთის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან ბრძოლის სირთულეების აშკარა ილუსტრირებას ახდენს, რასაც კრემლი დეზინფორმაციის და ძალზედ ემოციური, მაპოლარიზებელი საკითხების წამოჭრით ახერხებს.
ეს პრობლემა ჩეხეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მომხდარი უკანასკნელი ცვლილებებითაც წარმოჩინდება. 2017 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ულტრა-მემარჯვენე, პოპულისტურმა პარტიებმა პოზიციები საგრძნობლად გაიმყარეს, რამდენადაც ტომიო ოკამურას პირდაპირი დემოკრატიის პარტიამ (SPD) მანდატების 10% მიიღო. ამჟამად არჩეული პარტიების უმრავლესობას ძლიერი ანტი-იმიგრაციული მიდგომა აქვს. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ მიგრაციის საკითხებმა ეროვნული დებატების დიდი ნაწილი დაიკავა. 2018 წელს, ჩეხეთმა ხელმეორედ აირჩია მილოშ ზემანი, რომელიც მიგრაციის წინააღმდეგ კამპანიას ადვოკატირებას ღიად უწევდა და ჩეხეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ბრექსითის გამომწვევი რეფერენდუმის მსგავსი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროსკეპტიციზმი ჩეხეთის ევროკავშირის წევრობას ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნის, ანტი-ევროპული სენტიმენტების გაზრდით წარმოქმნილი რისკები (რაც იმ ხალხის მიერაა გამოწვეული, რომლებიც საკუთარი ქვეყნის იმიგრაციის პოლიტიკაზე კონტროლის უქონლობას განიცდიან) მთლიანად ევროპას და კონკრეტულად ჩეხეთის რესპუბლიკას ასუსტებს.
ყველას პასუხისმგებლობა
ეს შემთხვევა პოლიტიკური ბალანსირების აქტის საჭიროების ილუსტრირებას ახდენს. ერთი მხრივ, არ იქნება სწორი (რომ არ ვთქვათ კონტრპროდუქტიული), რომ მიგრაციის შესახებ ლეგიტიმური კონსერვატული აზრები და ეჭვები შევზღუდოთ. მეორე მხრივ, ბოროტი ზრახვების მქონე ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს არ უნდა ჰქონდეთ რუსეთის პოლიტიკური მიზნების გავრცელების საშულება. აგრეთვე, კონკრეტულ პოლიტიკაზე დებატებში დომინირებითა და ჩეხეთის ევროკავშირსა და ნატოს წევრობით გამოწვეული დიდი სარგებლის წინააღმდეგ გამოთქმული არგუმენტებით მანიპულირების საშუალება.
ბალანსირების ამოცანა საზოგადოების ყველა ფენის თანაბარი პასუხისმგებლობაა. პოლიტიკური პარტიები ისეთ, ფაქტებზე დაფუძნებულ, გამოსავლამდე უნდა მივიდნენ, რომელიც კონსერვატულად განწყობილ ამომრჩეველზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით ახალგაზრდა, არჩევნებზე პირველად მიმსვლელ და ასაკოვან მოქალაქეებზე, რომლებიც განსაკუთრებით არიან მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ.
დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ყველა პროგრამაში კი განათლება და კრიტიკული აზროვნების უნარები უმთავრეს როლს თამაშობს. ჩეხეთში – ქვეყანაში, სადაც უმრავლესობას თეთრკანიანი და ათეისტი მოსახლეობა წარმოადგენს მოსახლეობას არ ჰქონია პირადი ურთიერთობის გამოცდილება სხვა რასებისა და რელიგიების წარმომადგენლებთან და შესაბამისად აკლია ისლამური მიგრაციის ადეკვატური შეფასებისათვის საჭირო ხედვა, რაც მათ ხშირად სკანდალის გამომწვევ მედიაზე ტოვებს დამოკიდებულს. შესაბამისად, მედია სექტორს დიდი გავლენა აქვს საზოგადოების მიერ მიგრანტების აღქმაზე და ადეკვატური განათლების, ფინანსური სახსრების არმქონე მედია საშუალებებმა, შესაძლოა, დიდი ზიანი გამოიწვიოს. რამდენადაც ჩეხური მედია საშულებები ფინანსური სახსრების სიმწირეს განიცდიან, ისინი არიან წნეხის ქვეშ, გადასცენ ისეთი რეპორტაჟები, რომლებიც ყველაზე მარტივად აღსაქმელ, პოპულარულ და სკანდალის გამომწვევ სურათს აშუქებს. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებამ, ჟურნალისტების პატიოსნებასა და მიგრაციის შესახებ განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, შესაძლოა, შორს მიმავალ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ამ მცდელობების ერთ-ერთი მიმართულება რუსეთის ინტერესის, ანტი-დასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელების, გამომჟღავნება და იმისი გამოაშკარავებაა თუ ვინ სარგებლობს ყველაზე მეტად ფართოდ გავრცელებული ევროსკეპტიციზმით. სტრატეგიული რეალობის უკეთ გამომჟღავნებამ, შესაძლოა, პოტენციურად შეასუსტოს ის ემოციური ეფექტი, რომელიც მიგრაციას ფართო საზოგადოებაზე აქვს და ხალხს სიტუაციის კონტექსტში დანახვის საშუალება მისცეს. რეალურად თუ შევხედავთ, ევროკავშირის წევრობიდან მიღებული სარგებელი აშკარად გადასწონის ხარჯებს. მიუხედავად ამისა, ამ სარგებელს მცირე გამოყენება აქვს თუ ხალხი შიშის ქვეშაა. ამ შეგრძნებამ, შესაძლოა, მიგრაციის საკითხის პროპორციულ გაგებას მარტივად გამოუთხაროს ძირი.