ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ხატია მოლაშვილი დაიბადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 1997 წლის 3 იანვარს. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. დამამთავრებელ კლასებში გადაწყვიტა, რომ ერთადერთი პროფესია, რომელსაც შეეძლო, რომ მთელი ცხოვრება გაჰყოლოდა(მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ აინტერესებდა: არქეოლოგია, ფსიქოლოგია, არქიტექტურა, ინჟინერია, ფილოსოფია) იყო იურისტობა. გადაწყვეტილების მიღებისთანავე ისიც იცოდა, რომ აუცილებლად სისხლის მიმართულებას აირჩევდა. 21 წლის ასაკში მისი აზრი კვლავაც უცვლელია. ხატიას განსაკუთრებით არ უყვარს, როდესაც ფემინისტს უწოდებენ. გარდა იმისა, რომ ფემინისტი ჩვენს ქვეყანაში, ერთი მხრივ, აღიქმება როგორც პიროვნება(ძირითადად ქალი), რომელიც იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად, ხატიას კი მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი მკაფიოდ განმარტავს რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მეორე მხრივ ფემინისტი ადამიანია, რომელიც იცავს ქალების უფლებებს. ხოლო ხატია აპირებს რომ აირჩიოს სამართლის არა ეს ვიწრო განხრა, არამედ პროკურორობა. შესაბამისად, მისთვის არასასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მას ხანდახან “”აბრალებენ”” ადამიანთა მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის უფლებებისთვის ბრძოლას.
ხატიას გულწრფელად(და არა გულუბრყვილოდ) სურს, რომ სამართლებრივი მდგომარეობა გამოსწორდეს საქართველოში. კანონმა შეასრულოს მისი ფუნქცია.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
#ინიციატივა და #ქმედება სწორედ ის პროექტებია რომლებიც აქტიურობას გასწავლიან/მოქმედების სურვილს გიღვიძებენ. ამ პროექტებში მე არასდროს არ მაქვს სიზარმაცის გრძნობა(რომელიც ჩემი ბუნებრივი თანამგზავრია). მუდამ მეხალისება მონაწილეობა. ყოველთვის, როდესაც ვიგებ, რომ რომელიმე თქვენს პროექტში ვარ მოწვეული, წინასწარვე დიდ სიხარულს ვგრძნობ, იმიტომ, რომ პროექტის სხვა მონაწილეები, შესასრულებელი დავალებები, ლექტორები, როგორი ნაცნობებიცა და ნასწავლიც არ უნდა იყოს ჩემთვის, მუდამ საინტერესო და მნიშვნელოვანია და მოსაწყენი არასდროს არ ყოფილა.
ორივე პროექტთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მართლა ძალიან მიყვარს ინიციატივაცა და ქმედებაც, უბედნიერესი დღეები მაქვს გატარებული თქვენს ბანაკებში და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში.
ამ ორგანიზაციის დახმარებით გაკეთებული მაქვს მეგობრებთან ერთად სხვადასხვა პროექტი და რაც მთავარია გავიცანი ადამიანები როგორც კარგი მისაბაძი მაგალითები, ადამიანები, რომელთაც არ უნდა მიჰბაძო, ადამიანები, რომელთაგანაც მართლა ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი მათგანი_როგორც მეგობარი.
გმადლობთ რომ არსებობთ .
მე ასეთი საქართველო მინდა…
ჩემი ცხოვრება დედამიწაზე მხოლოდ 21 წლით შემოიფარგლება. მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში. 90 წლებს კი, მართალია ცოტახნით, მაგრამ მაინც მოვესწარი და რაც მთავარია იმდროინდელი ცხოვრება მომავალი გაკვეთილისთვის მახსოვს. ძალიან ძნელია, როდესაც ქვეყანა ღარიბია, გაჭირვებული მოსახლეობითაა სავსე და ყველა უბედურებას, მართალია მცირე ასაკში, მაგრამ მაინც აღიქვამ. ჩემი აზრით ყველაფერი ერთმანეთის მიმართ ჯაჭვურ რეაქციაშია და ყველაფერი ერთმანეთზე გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვყოფ ერთ რგოლს, რომელიც, მიმაჩნია, რომ მისი მოშლა ჯაჭვის სხვა დანარჩენი რგოლების ჩამოშლასაც გამოიწვევს. ესაა კანონი.
ღრმად მწამს, რომ სამართლიანი კანონის უზენაესობა და ხალხის მიერ მისი პატივისცემა და დაცვა პრობლემების აბლოლუტურ უმრავლესობას მოაგვარებდა. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება სამართალდამცავი ორგანოების ნდობა. ეს ნდობა კი ძნელი მოსაპოვებელია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. სამართალდამცავებმა უნდა შეასრულონ მათი სახელდებული საქმიანობა_სამართლის დაცვა. მოსახლეობა პატივს სცემს სახელმწიფოს, თუკი ჯერ ენდობა პოლიციას. იცის, რომ ზარი 112-ზე ნიშნავს მათს დაცვას და არა პრობლემის სამართალდამცავთა მიერ მიჩქმალვას, მათი მხრიდან დისკრეციის გამოყენებისგან თავის არიდებას, პრობლემის მოგვარების მოდავეთათვის(მაგ. ოჯახური ძალადობა) მინდობას, როგორც ხშირად ხდება დღეს. თუ ქვეყანაში თავს გრძნობ დაცულად, იცი, რომ ჩავლილი მოციმციმე წითელი და ლურჯი ნათურები მზად არიან მომენტალურად დაგეხმარონ და მოგაშორონ საფრთხე, რაღაც მხრივ მეტად ბედნიერი ხარ და ამის შემდეგ იწყებ სხვა პრობლემების მოგვარებას: საშინაო, საგარეო, ტერიტორიების, პირადი, ქალაქის, მუნიციპალიტეტის…
მე ასეთი საქართველო მინდა.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
როდესაც ჩემი არჩევანი იურისტობაზე შევაჩერე, ნახევარი ჩემი სანათესაო მირჩევდა, რომ არ ამერჩია ეს პროფესია. მათი აზრით მე “”დიდებული ჟურნალისტი”” ან რაიმე მსგავსი “”საინტერესო პროფესიის”” წარმომადგენელი ვიქნებოდი. მას შემდეგ რაც ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ სამართალზე ჩავაბარე, ამის შემდეგ ყველა თავისთვის მისაღებ განხრას მირჩევდა: ადვოკატობა_””ბევრ ფულს იშოვი, თან ბევრი ლაპარაკი გიყვარს””; მოსამართლეობა_ბევრ არაიურისტს ჰგონია, რომ მოსამართლე ყველაფერია; სამოქალაქო სამართლის მიმართულების ზოგადი იურისტი_””აქაც ბევრი ფული იშოვება”” ; გამომძიებელი…
ყველაზე დიდი მტკიცებულება კი რომ მე სისხლის სამართლის მიმართულების იურისტი არ უნდა გამოვსულიყავი ის ჰქონდათ, რომ მე გოგო ვარ და ქალს სისხლში თურმე არაფერი ესაქმება.
საბოლოოდ ყველამ ისევ ხელი აიღო ჩემს გადაბირებაზე და იმასაც შეეგუვნენ, რომ მე პროკურორი გამოვალ. აუცილებლად. მე ვიქნები კანონდამცველი, ადამიანის დარღვეული უფლებებისა და დანაშაულის აღმოფხვრის, სამართლებრივი სიკეთეებისა და სამართლიანობის დამცველი იურისტი.
ქართველობა ჩემთვის არის…
მთელი ცხოვრება საქართველოში გავატარე. ბავშვობის შემდეგ, არასდროს აღარ მდომებია სხვა ქვეყანაში ცხოვრება. საქართველო ჩემი დიდი სახლია, მე ვარ საქართველოს ქართველი მოქალაქე და ვამაყობ, რომ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე პატარა ქვეყნის პატარა აგური ვარ. ჩემი ქვეყნის ყოველი ნაწილი მიყვარს, მაგრამ ამ ფაქტორს არ ვთვლი ქართველობის ჭეშმარიტ დასტურად. ქართველობა არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიულად და სისხლით ქართველს. საქართველოს ახსოვს ისეთი ქართველებიც, რომლებიც, არც ისე შორეულ წარსულში, მთელი ძალისხმეცვით ცდილობდნენ საქათველოსთვის სახელმწიფოებრიობის ჩამორთმევას და ქვეყნის განადგურებას და რაღაც დროით ეს სანუკვარი სურვილი აიხდინეს კიდეც. ასეთ ორჯონიკიძის, ჯუღაშვილისა და სხვა მრავალი წმინდა სისხლის “”ქართველს”” სამშობლოდ საქართველოს ნამდვილად არ ჩავუთვლი. თქვენი პროექტების წყალობით შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ეროვნებით ქართველები, თუმცა მათი სამშობლო საქართველოა. ისინი საქართველოში დაიბადნენ ან ცხოვრობენ და უყვართ თავიანთი სამშობლო_საქართველო. მჯერა, რომ ისინი ყოველთვის იზრუნებენ ჩვენს ქვეყანაზე და დაიცავენ მას. ქართველობა, ფრანგობა, ბულგარელობა…_ ეს მხოლოდ ეროვნება არაა, ესაა სამშობლოსადმი თვითმიკუთვნებულობა, რომ შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას შენსავე ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოში. შენი ქმედება ასახავს შენს სახელმწიფოს. შენ გამოდიხარ მისი სახელით, მსოფლიო გიყურებს და ხედავს რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეს და მისი შემყურე წარმოდგენას იქმნის ამ სახელმწიფოზე.
ქართველობა არაა მხოლოდ საქართველოში ცხოვრება. საქართველო არის მისი მოქალაქეები. ქვეყანა არაა მხოლოდ მიწა. სახელმწიფოს ქმნის ხალხი, რომელსაც მუდამ ახსოვს თავისი უდიდესი პატივი და მოვალეობა_მოქალაქეობა.