ღია კონკურსი ხელოვანებისთვის

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აცხადებენ იდეების კონკურსს პროექტისათვის „ხელოვნება და თავისუფლება – სამოქალაქო უფლებები კრიზისის დროს“.

COVID 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა როგორც ადამიანთა ყოველდღიური ყოფა და ჩვევები, ისე გლობალური წესრიგი. ნაადრევია დასკვნების გამოტანა იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ უფლებრივი ცვლილებები უნდა მოიტანოს ამ რეალობამ, თუმცა უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ მიმდინარე გარდაქმნები მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალს.

ამ პირობებში მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები იმაზე, თუ რა ემართება მსოფლიოს, როგორ რეაგირებენ არსებულ მოვლენებზე ადამიანები, როგორც იცვლება დისკურსი სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე?

გლობალური პანდემია გვეხება თითოეულს ცალკეულად და გვეხება ყველას ერთად. ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ როგორ ცდის ვირუსი საზოგადოებების მდგრადობას, მათ ღირებულებებს და სააშკარაოზე გამოაქვს წლების განმავლობაში მიჩქმალული პრობლემები. სამყარო შეიცვლება – მაგრამ არავინ იცის როგორ. გამოსავალი ისევ იმ პრობლემებზე აქცენტის დასმა და გადაჭრის გზების ძიებაა ახალი რეალობის გათვალისწინებით.

პროექტის მიზანია შეისწავლოს გაუცხოების, იზოლირების თემები და სვამს კითხვებს: რა გავლენა აქვს პანდემიით გამოწვეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უფლებრივ კრიზისს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე? რა გავლენა მოახდინა ამ პირობების პრევალენტობამ საზოგადოებაზე და რა როლი აქვს ხელოვნებას ადამიანის თვითგამოხატვის თავისუფლებაში?
პროექტი მოიაზრება, როგორც რეაგირება, თუ რა გავლენას ახდენს პანდემია მსოფლიოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უფლებრივ თუ მენტალურ საკითხებზე და საპასუხოდ გვთავაზობს ხელოვნებას, როგორც თერაპიულ ჩარევას.
გადაადგილების შეზღუდვის და სოციალური დისტანციის, როგორც ვირუსისგან დაცვის ამჟამად არსებული ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალებების შესახებ, აქტიურმა მოწოდობამ ადამიანებს თავისუფლების შეზღუდვის განცდა გაუჩინა.

ხელოვნება კრიტიკულ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. რადგან, ჩაკეტილობისა და სოციალური დისტანცირების მიუხედავად, ხელოვნების დახმარებით ადამიანს შეუძლია შინაგანად თავისუფალი დარჩეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა არა მხოლოდ დაკვირვება – პანდემიის გამოცდილებაა, არამედ მცდელობა წინასწარ განსაზღვროს შესაძლო სცენარი და საშუალება მისცეს ადამიანებს ადაპტირდნენ ახალ რეალობაში.

კონკურსის ფარგლებში, პროექტისთვის შეირჩვევა 16 იდეა;
შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია ფინინსური მხარდაჭერა 1000 ლარის სახით (მოიცავს რეზიდენციაში მუშაობის ჰონორარს და ნამუშევრის საწარმოებელ თანხას);

კონკურსის მიმართულებები: ვიზუალური ხელოვნება (ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია-ობიექტი, ფოტოგრაფია, ვიდეო, პერფორმანსი, ციფრული ნამუშევარი), მუსიკა, ლიტერატურა (პროზა, პოეზია);

კონკურსში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლაბორაციული ნამუშევრის იდეის წარმოდგენა;

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

ყველა წარმოდგენილი პროექტი მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდეს პროექტის თემას;

ტექნიკური მახასიათებლები: არ არის შეზღუდული ნამუშევრის ზომა და მასალა. შერჩეული ნამუშევრის იდეა განვითარდება და განხორციელდება პროექტის საკურატორო ჯგუფთან თანამშრომლობით;

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 20 აგვისტო, 23:59;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 25 აგვისტოს; დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს;

  • პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • მაქსიმუმ ერთ გვერდზე ნათლად ჩამოყალიბებული ნამუშევრის იდეა;
  • არსებობის შემთხვევაში იდეის ვიზუალური პრეზენტაცია ნებისმიერი ფორმატით (ფოტო, ჩანახატი, გრაფიკული გამოსახულება, ვიდეო);
  • პორტფოლიო / CV;

პროექტი მოიცავს სარეზიდენციო პროგრამას, შერჩეული მონაწილეები 28-31 აგვისტოს გაატარებენ არტ-რეზიდენციაში. შერჩეული არტისტები რეზიდენციის მსვლელობისას კურატორებთან ერთად იმუშავებენ მათ მიერ წინასწარ წარდგენილ კონცეფციაზე. სარეზიდენციო პროგრამა მოიცავს აქტიურ დისკუსიებს, კინოჩვენებებს და შეხვედრებს საზოგადო მოღვაწეების, არტისტების, ხელოვნების მკვლევარების და კურატორების მონაწილეობით.
შერჩეული კანდიდატების ტრანსპორტირებას, რეზიდენციაში ცხოვრების აუცილებელ ხარჯებს უზრუნველყოფს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი;
შემაჯამებელი გამოფენა მოეწყობა სექტემბერში წინასწარ შერჩეულ საგამოფენო სივრცეში;

გთხოვთ, განაცხადები და კონკურსთან დაკავშირებული კითხვები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

  • art.freedom.fnf@gmail.com; მეილის სათაურში მიუთითეთ Art & Freedom;

საკონტაქტო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა დამატებითი შეკითხვებისთვის:

  • e-mail: art.freedom.fnf@gmail.com
  • mobile: +995 593 56 58 45; +995 591 94 97 86

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.