რატომ აღიზიანებთ დოროთე ყურაშვილი ჩვენში, ანუ ეკლესიაში და რატომ გახდა ის მაინცადამაინც ახლა პოპულარული?!
ალექსანდრე ბიძინაშვილი
აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის
თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი
მე არქ. დოროთეს და მის სულიერ ძმა-შვილებს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ შემიმჩნევია, აქამდეც სულ ქადაგებდნენ (ამ სიტყვის რეალური გაგებით) და ცდილობდნენ ჯანსაღი პოზიცია ჰქონოდათ – მაგალითად კორონას დროს. ქრისტიანული სწავლებით, მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესია ეფუძნება გამოცხადებას, წმინდა წერილი და გარდამოცემა, ანუ საეკლესიო ტრადიცია, სხვადასხვა მეთოდია გამოცხადების ასახვისა, მისი პრეზენტაციისა. ეკლესიის მისია არის ადამიანთა ხსნა და ამას ემსახურება სამი კონკრეტული ფუნქცია: ღვთის სიტყვის ქადაგება, საკრამენტალური მსახურება და სოციალური მსახურება.
ქადაგება, ფართოდ, გულისხმობს ჭეშმარიტების მუდმივ დამოწმებას, რაზეც მიგვითითებს მისი ბერძნული სახელი „μαρτυρία.“ როგორ ხდება ეს?! სახარების კონტექსტუალიზაცია გულისხმობს არა უბრალოდ წერილის, ამა თუ იმ წიგნის ისტორიულ-კულტურულ, ჟანრობრივ და ლინგვისტურ გამოკვლევას, განმარტებისას, არამედ – მასში მთავრის, ანუ იმის, რაც წმინდად გამოცხადებას ეკუთვნის, ხსნისათვის აუცილებელია, გაგებას და ადამიანთათვის გადაცემას. ვინაიდან ეს ძირითადი იდეაა უნივერსალური და ყოველთვის აქტუალური, ამას ეფუძნება (უნდა ეფუძნებოდეს) ქრისტიანული ეთიკა და არა რომელიმე იდეოლოგიას, ხოლო ეთოსი – არა რომელიმე კონკრეტულ კულტურას, როგორც ასეთს. ეს უნდა განახორციელოს ქრისტიანმა ცხოვრებაში და მღვდლის ვალია ეს ასწავლოს, ამისკენ მოუწოდოს ადამიანებს. პლუს, სიტყვა ყველასთვის იქადაგება და არა მხოლოდ მრევლისთვის, განსხვავებით საკრამენტალური მსახურებისგან. სწორედ ამას აკეთებს მამა დოროთე.
რატომ?! დიახ, სახარებაში არსებობს რადიკალური პასუხი ძალადობაზე „ლოყის მიშვერით“, მაგრამ იქამდე, მათეს იმავე თავში, სახარებისეული ეთიკა მშვიდობისა იწყება მთაზე ქადაგებით: „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.(მთ. 5,9).“ სინოპტიკურ სახარებებში კი, იმ კონტექსტსა და საზოგადოებაში, რომელშიც ეს სახარებები წარმოიქმნა, მშვიდობას გამოხატავს ებრაული სიტყვა შალომ („שלום“), რაც კეთილდღეობას და სამართლიანობას ნიშნავს. ანუ მშვიდობა უბრალოდ ომის არყოფნა და მისი აცილება კიარაა, არამედ მისი აქტიური შექმნა და მისი დაფუძნება სამართლიანობასა და საერთო სიკეთეზე. მოკლედ, არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობაო.
ტრადიციასაც გადავხედოთ, რაც მეტწილად მამათა მემკვიდრეობით განისაზღვრება. პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა დევნა გამოწვეული იყო არა უბრალოდ იმის გამო, რომ ისინი ახალ ღმერთს აღიარებდნენ, არამედ იმიტომ, რომ გვიან ანტიკურ საზოგადოებაში რელიგია ინტეგრირებული იყო ცხოვრების ყველა დონეზე („embedded religion“). რელიგიურ კანონებს გამოსცემდა სახელმწიფო, რადგან არ იყო გამიჯნული საკრალური და პოლიტიკური სფეროები თანამედროვე გაგებით, კულტის სწორ აღსრულებაზე პასუხისმგებელი იყო ასევე სახელმწიფო, რადგან იმპერია გაიგებოდა ღმერთების საჩუქრად და მათ შეეძლოთ ასევე ამ საზოგადოების დასჯა, ქრისტიანები კი არ მონაწილეობდნენ რა მათთვის ცრუ-მსხვერპლშეწირვაში, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მინიმუმ იმპერატორ ტრაიანესა და პლინიუს უმცროსის მიმოწერიდან (დაახლ. ახ. წ. 112) კი ქრისტიანთა დევნას იურიდიული საფუძველი გაუჩნდა, უკვე არსებობდა იმპერატორის კონკრეტული დირექტივები. ვამბობ იურიდიული, მაგრამ არ იგულისხმება სამართლიანი, რადგან კანონი საშუალებაა, და არა – თვითმიზანი; მიზანი სამართლიანობაა, ეს აღიარებული ნორმაა სამართლის ფილოსოფიაში (იხ. Gustav Radbruch: „Gesetzliches Unrecht und übergesetzliches Recht;“ 1946). სწორედ უსამართლობაში, უსამართლო კანონებით დევნაში ამხელდნენ აპოლოგეტი მამები რომის ხელისუფლებას, მაგალითად იუსტინე ფილოსოფოსი, დიოგნეტესადმი წერილის უცნობი ავტორი, ათენაგორა ათენელი, ტერტულიანე. უსამართლობის მხილებას არ უშინდებოდნენ შემდეგი ქრისტიანი მამებიც, უკვე „ქრისტიანიზირებულ იმპერიაშიც,“ აჯანყების საპასუხოდ თესალონიკში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის გამო სასტიკს და უსამართლოს უწოდებდა ამბროსი მედიოლანელი იმპერატორ თეოდოსიუსს. სწორედ იმიტომ იდევნებოდა იოანე ოქროპირი, რომ იმპერატორ არკადიუსსა და დედოფალ ევდოქსიას საჯაროდ ამხელდა სიამაყესა, უსამართლობასა და განცხრომაში, ანუ ზედმეტი ფუფუნებით ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს გაბრიელ ქიქოძე გმობდა რა ბატონყმობას, თავად-აზნაურობის აგრესიას იწვევდა, თავსაც კი დაესხნენ. თავად-აზნაურობისა, რომელიც მაშინ „მართლმადიებლობას“ და „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვას ჩემულობდა, როგორც დღეს მავანი. სწორედ ქრისტიანული სიმამაცით და სამართლიანობის წყურვილით მიმართა მან პროტოკოლის გამო ტაძარში მისულ ალექსანდრე მესამეს: „შეზდექ რუსთა ხელმწიფევ!“ და ამით შეახსენა ყველას, რომ არ არსებობს ძალაუფლება, რომელსაც ადამიანმა საკუთარი ღირებულებების გათელვის საშუალება უნდა მისცეს.
ეს ყველაფერი ჩემამდე მამა ალექსანდრე გალდავამ იცოდა წესით, ვინ-ვინ, და მამა დეკანოზმა ისიც კარგად იცის, რომ მამა დოროთეს უსამართლოდ სდებენ მწვალებლობაში ბრალს, რამდენიმე წლის წინ მამა ალექსანდრეც მსგავსი უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლი იყო, მამა თეოდორე გიგნაძესთან ერთად, რომლისთვისაც, აშკარად, რომელიღაც ათონელი წინამძღვრების პომპეზურად, სამთავრობო რესურსებით მიღება უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ღირსება. მწვალებლობა კი, ანუ ერესი, მხოლოდ დოგმატური შინაარსის დარღვევა შეიძლება იყოს, ანუ ის რაც საეკლესიო სწავლებას ეხება და არა ეთიკას, ან თუნდაც საეკლესიო სამართალს.
მაშ რამ აღაშფოთა მამა ალექსანდრე გალდავა?!
კაცი რომელიც ოდესღაც ყველანაირ შიშსა და ფანატიზმს ირონიითაც კი ეკიდებოდა?! საქმე ისაა, რომ მამა დოროთე არც დღეს ქადაგებს და არც აქამდე უქადაგია კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. თუკი ის დღეს რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ხვდება, ესეც მის მიუკერძოებლობაზე მიუთითებს, რადგან როცა კაცს სასიკვდილოდ ასახიჩრებენ ქუჩაში, მღვდლისთვის უნდა არსებობდეს მხოლოდ ორი მხარე, მჩაგვრელი და ჩაგრული, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა. ამის საპირისპიროდ კი, ისინი და მათი მეხოტბენი თუ თანამოაზრენი, ვისაც დღეს მამა დოროთეს ქადაგება ყელში ამოსდის, წლების განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ამბიონს პოლიტიკისთვის, უფრო ზუსტად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის, რითიც საეკლესიო სივრცის სეკულარიზაციას ახდენდნენ, ცლიდნენ რა მას ავთენტური შინაარსისგან. დღეს კი აქტიურად გვაშინებენ ნაციონალური მოძრაობით, თუმცა მისი ხელისუფლებაში ყოფნისას ჯილდოებსაც სიამაყით იღებდნენ და მის მიერ მინიჭებული პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. საპატრიარქოს ზოგიერთი სამსახური პირდაპირ ოცნების რეტორიკაზე აწყობილ განცხადებებსაც ავრცელებდა ბოლო თვეებში, რომელსაც შემდეგ პირადად პატრიარქის სახელით გამოქვეყნებული განსხვავებული შინაარსის წერილი მოყვებოდა ხოლმე, სხვათაშორის, მამა ალექსანდე ამ სამსახურის სახელით გამოდიოდა ტელევიზიაში ხშირად (თუ არ ვცდები). იმაზე რომ აღაფერი ვთქვათ, რაც ჩვენ, ახალგაზრდა თუ ასაკოვან ღვთისმსახურთა და მრევლს შორის მოარულად ვრცელდება, როგორ ეწეოდა ელიტარული უბნის „ჩემი ტკბილი მამაო“ ოცნების პირდაპირ პროპაგანდას საარჩევნოდ სხვა სასულიერო პირთა შორის. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს ჩემზე კარგად მამა ალექსანდრე გალდავამ იცის, მას ამისთვის ჭკუაც ჰყოფნის და გამოცდილებაც და სწორედ ეს აღაშფოთებს მათ სინდისს და ასე რეაგირებენ, აგრესიით, ან პირიქით, პირქუშად აძინებენ სინდისს, მაგრამ აგრესია – მაინც რჩება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სამქადაგებლო ენის და კატეგორიების თეოლოგიური, სახარებისეული შინაარსისგან დაცლა და მისი, მაგალითად, ნაციონალიზმით, თუ სხვა სოციო-პოლიტიკური პარადიგმით შეცვლა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მეტ-ნაკლებად ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას ახასიათებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ კუთხითაც მამა დოროთე და სხვა სასულიერო პირები, რომლებიც უსამართლობაზე ქრისტიანული მსოფლმხედველობით მსჯელობენ, მასზე რეაგირებენ, გასასვლელს ხსნიან ჩაკეტილ წრეში.
და რატომ გახდა ახლა მამა დოროთე პოპულარული?
როდესაც სხვა სასულიერო პირებიც, არც თუ ისე ბევრი, მაგრამ მაინც, ქადაგებენ და უქადაგიათ უსამართლობის, სახელმწიფოსა თუ ეკლესიაში შეცდომების წინააღმდეგ? ეგებ მიზეზი ბანალურია, რომ ყველას სხვადასხვა ქარიზმა აქვს, მაგრამ ვფიქრობ შეიძლება კიდევ სხვა რამის დანახვა. ის რომ ენერგიას პოულობს პერმანენტულად საუბრისა და ამის გაბედულება? ესეც გადამწყვეტი ფაქტორია, მამა დოროთე უდაოდ დიდ სიმამაცეს ავლენს, ხელის გულზეა, ნებისმიერ დროს შეიძლება პირდაპირი ან ირიბი, სახელმწიფო ან საეკლესიო სანქციები მიიღოს, ბოლოს და ბოლოს – შეიძლება თავსაც დაესხნენ. მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მეტიც დავინახოთ: ვეტერნებზე (ბ.კობახიძე, ზაზა თევზაძე.) არაფერს ვიტყვი, მაშინ საზოგადოება სრულიად სხვა იყო. შემდეგ ზოგიერთი მხოლოდ მორალზე აკეთებდა აქცენტს, ზოგი უკიდურეს შემთხვევაში სხვების ლოგინებამდე და ჰომოფობიამდეც მიდიოდა, ეს სხვებსაც შეუძლიათ. ზოგიერთი მხოლოდ ფინანსურ ან იურიდიულ დანაშაულებებზე საუბრობდა, ამასაც შეძლებენ სხვები. ხანდახან უცხოეთის სამრევლოებიდანაც გვესმის მღვდლების სამართლიანი ხმა, მაგრამ იქ სიმართლის თქმისასაც კი მათ მეტი მოზომილობა სჭირდებათ, უმეტესად კონკრეტულ ქალაქში მხოლოდ ერთი ქართულენოვანი სამრევლოა, თანაც ის ხშირად სოციალური ადაპტაციის ადგილია. ზოგიერთი მხოლოდ ემოციურად ღაღადებდა, არც ესაა ცუდი, მაგრამ ამითი ოდესღაც ყველა იღლება. რასაც დღეს მამა დოროთე აკეთებს, სახარებისეულ შუქზე მოვლენების შეფასება, მარტივი და ცხადი სახარებისეული კონსტრუქტებით, მხოლოდ მღვდლების და თეოლოგების საქმეა, მათი პირდაპირი მოვალეობაა. თეოლოგებზე და სხვა სასულიერო პირებზე ახლა არაფერს ვიტყვი, რადგან მამა დრორთეზე იბასრეს ამჯერად.
ამის გათვალისწინებით კი უნდა გავიხსენოთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც მათთვის პიროვნულად უცნობ მამა დოროთეს იცავენ კიდეც, იმის მიუხედვად, რომ ბევრს სასულიერო პირებისადმი ნდობაც აქვს დაკარგული, გაიზარდნენ დემოკრატიის შესახებ სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მუდმივად წარმოებულ დისკურსში და ამავდროულად, იმის მიუხედავად აცნობიერებს თუ არა ყველა, მაინც პოსტმოდერნის შვილები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ესმით, სახელმწიფო და საზოგადოება ვერ მოეწყობა ქრისტიანულ კანონებსა და შეხედულებებზე ყოვლისმომცველად, მაგრამ აღიარებენ ეკლესიის ამ საზოგადოებაში ყოფნის და მისი ხმის უფლებას. ზოგიერთი – მორწმუნე მრევლია, მართლმადიდებლები, კათოლიკები, პროტესტანტები, ან მორწმუნე მუსლიმები. ზოგიერთი – არ აღიარებს რელიგიის პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე და მათთვის რელიგია და რომელიმე ეკლესიის სწავლება ერთ-ერთი მსოფლაღქმაა სხვების გვერდით, ზოგიერთს – სწამს, მაგრამ არ მისდევს რელიგიურ პრაქტიკას და ა.შ., მაგრამ ყველა ამ კატეგორიის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუკი აქაა ეკლესია, თუკი ისმის მისი ხმა, ეს იყოს ავთენტური, სახარებისეული და თეოლოგიური შინაარსის, რის საპირისპიროსაც სამწუხაროდ უფრო ხშირად ვხედავთ.
ასე რომ, ძვირფასო მამა ალექსანდრე, თქვენ ბოლო წლებში ყველაფერი ის უარყავით, რის გამოც მე და კიდევ ბევრი სხვა პატივს გცემდით; ვერაფერს ვიტყვი, ეს თქვენი არჩევანია. მაგრამ თუკი მამა დოროთე და მისი მსგავსი სასულიერო პირები დადუმდებიან და სიბნელე და უსამართლობა უფრო გაძლიერდება, ან სულაც გაიმარჯვებს, და ჟანრის კლასიკით რეაქციონისტი „მართლმადიდებელი მშობლები“, რომლებიც წლების წინ ერეტიკოსს და რამდენიმე თვის წინ მკრეხელს გიწოდებდნენ და არასდროს ივიწყებენ „ერეტიკოსს ძმებს“, თქვენც კვლავ მოგადგებიან, დაჰბერავს სუსხიანი სიო დიღმიდან, თქვენ ვინღა დაგიცავთ?!


გეთანხმები ალექსანდრე, მადლობა.