არჩილ გამზარდია
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი.
თანამედროვე საქართველოს რეალობაში დიდი ხანია აღრეულია საზოგადოებრივ შრეებში სივრცული კომპეტენციების ფარგლები. თანამედროვე ცხოვრება კი გულისხმობს ადამიანის მოქალაქეობრივ უფლებას ნებისმიერ საკითხზე წვდომისა და გამოხატვისა, პრობლემა ეს არ არის, პრობლემა ისაა, როდესაც ცრუ ავტორიტეტიზმი ჩნდება. ავტორიტეტობის არსებობა ისედაც საფრთხილო თემაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოხატვის ფორმა და ოდიოზურობა აქცევს ზოგიერთ პირს აზრთა ცრუ პატრიარქებად და აზრთა ნაცვლად იმპულსურობა ხდება ტრენდული. ამას სპეციალისტები ხსნიან, როგორც საქმის ლიდერის მხრიდან მოთხოვნილებითი ლიდერებისათვის ადგილის დათმობას, რაც ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებრივ ფორმაციებს ახასიათებს ხოლმე. საქმის ლიდერი ადამიანია, რომელსაც ესმის საგანიც, რაზეც მსჯელობს და მისი დეკლარირებული აზრები და პოზიციები მის შინაგან მენტალობასა და მდგომარეობას ასახავს, ხოლო მოთხოვნილებითი ლიდერი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არც ცოდნა გააჩნია, არც ცოდნითი მსჯელობა, არც გულწრფელობა, არც სულიერ-მორალური არქიტექტურა და მისი გამოხატული პოზიციები არა თუ მის მენტალურ მდგომარეობას არა ასახავს, მისი დეკლარირება ხშირად უკუპროპორციულია მისი შინაგანი კრედოებისა და საშემსრულებლო მოცემულობისა.
საქართველოში ავტორიტეტები თითქმის არ გვყავს, ეს შეიძლებობა ყოფილიყო დადებითი მოვლენა, თუ ადამიანები საკუთარ თავში მოიძიებდნენ პასუხისმგებლობას სანამ სათქმელსა თუ ქცევას გამოხატავდნენ, მაგრამ ეს ჩვენი რალობა არაა, ჩვენთან ცრუ ავტორიტეტები ქმნიან „ახალ ამბავსა“, ქცევის მოდიფიკაციასაც და ბაძვასაც.
საბედნიეროდ, აქაც ხანდახან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სათქმელს აგებენ რაღაც შინაგან სულიერ მისიონერობაზე დაფუძნებული მოთხოვნილების სინდისსა და გულწრფელობაზე ნაზავი ქმედებით. თუმცა, როგორია ასეთ დროს პასუხი მათსავე სივრციდან და ხშირად მოდიფიცირებული საზოგადოებიდან? – ეს კითხვა რიტორიკულია, რადგან მსგავსი ადამიანების მიუღებლობა არც მხოლოდ ქართული პარადიგმაა და არც მხოლოდ თანამედროვე. ეს დისკურსი ისტორიულად უსაზღვრო პარადიგმაა. მაგრამ სწორედ მსგავსი ერთეულები ქმნიან შემდგომში წარსულით სიამაყისა და ბაძვის ფაქტორს.
ჩვენს საზოგადოებრივ რეალობაში საზოგადოებრივი შრეები არეულია, ხოლო საზოგადოებრივი ელიტები პოლიტიკური თუ ძალაუფლებითი შრეები. ამ მოცემულობაშია საქართველოს ე.წ. სასულიერო დასი, რომელიც ცალკე აღებული პოლიტიკური ელიტაა, ძირითადად საძალაუფლებო სივრცეებთან თანაკვეთით, ერთდროულად მტრობითა და პარტნიორობით სახელისუფლებო წყაროებთან. თანამედროვე ქართული ეკლესიის წარმომადგენლები ხშირად საძალაუფლებო ქვედანაყოფად ვლინდება, ეს მაშინ როდესაც საეკლესიო სტრუქტურები დასუსტებულია, გაძლიერების შემთხვევაში კი პირიქით, ხელისუფლების წარმმართველები, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მდგომარეობაშია სახელმწიფო სექტორთან მიმართებაში საეკლესიო სექტორი.
დღეს, საქართველოში, საეკლესიო სექტორი უფრო დასუსტებულია და უფრო საძალაუფლებო ქვედანაყოფია, ვიდრე მისი წარმმართველი, თუმცა აქაც ათქვეფილია სურათი დროისა და მდგომარეობის მიხედვით. ძალაუფლების ოლიგოპოლია საერო ხელისუფლებასაც და საეკლესიო ხელისუფლებასაც თანამონაწილეობას აიძულებს, რაღაც ურთიერთდაქვემდებარებითი ჰიბრიდით. საეკლესიო ეპისკოპატის ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში დუმილს ამჯობინებს, უარესში კი სახელისუფლებო დანამატს, ამიტომაც ვხედავთ ეპისკოპოსთა თუ ზოგადად სამღვდელო დასთა ნაწილს, რომელთა ქადაგებები ხშირად სახელისუფლებო ბრიფინგები და პარტიული აქტივიზმის მსგავსი უფროა, მათ ხშირად მხოლოდ სამოსი თუ განასხვავებს. ეკლესია მსუყე წყაროა ძალაუფლებისათვის, რადგანაც ყველაზე გამართული სტრუქტურული სივრცე და ორგანიზაციული არქტიტექტურა გააჩნია, რომელიც ცენტრალიზებულად იმართება და მოიცავს პრაქტიკულად ყველა კუთხეს, თემს, სოფელსაც კი. იმ დროს, როდესაც პოლიტიკურ პირებს წვდომის დეფიციტი აქვს ადამიანებთან, საეკლესიო ორგანიზაციას აქვს უნიკალური წვდომა, რომელიც სამთავრობო სტრუქტურის ტოლფარდად მოიცავს თითქმის ყველა საზოგადოებრივ შრეს და განლაგებას.
საეკლესიო პირების ნაწილის ქცევა ერთი მხრივ, მომგებიან კომუნიკაციაზეა აგებული ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ, იძულებითზე, რომელიც ჰიპოთეტურად სახელისუფლებო სტრუქტურების დაშანტაჟებისგან უნდა მოდიოდეს და წარიმართებოდეს.
საეკლესიო სივრცეში იშვიათია მოიძიო საეკლესიო პირი, რომელიც ერთი მხრიც აქტიურია და თავს საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს. საეკლესიო პირების ნაწილი ლეგიტიმურად თვლის რომ მხოლოდ სასულიერო ცხოვრების ჩარჩოებში უნდა იჯდეს და მხოლოდ ინდივიდებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, როგორც მთავარი მოძღვრები ადამიანის იმ ქვეყნიური ცხოვრებისათვის მომზადების მიზნით. სასულიერო პირების ეს კატეგორია ზოგადზე მეტად ინდივიდზეა ორიენტირებული, გულწრფელად ქმნის საკუთარ თავსაც და სულიერ შვილებსაც. ამ იშვიათ ნაწილზე კიდევ უფრო იშვიათია საეკლესიო პირების ის მეორე ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივად აქტიურია, ადამიანებს ამქვეყნიური ცხოვრების თანამხარდაჭერით უდგას გვერდით, ზოგად სახელმწიფოებრივზეც ორიენტირებულია და რაც ყველაზე მთავარია, იმ ნიშან-თვისებებს ატარებს, რაზეც ამ წერილის წინა ნაწილში მიწერია – ცოდნითაც მსჯელობს იმაზე, რაზეც ლაპარაკობს, მსჯელობაში კომპეტენციების სივრცეს არ ცდება ან თუ გადადის, საკმარისად იცნობს სამსჯელო საკითხს და ყველაზე მთავარი, მისი გამოხატული აზრები შინაგან ცხოვრებასა და მენტალობაზეა აგებული. ასეთ სასულიერო პირებსაც ვხვდებით დღეს, თუმცა ზედმეტად ფრაგმენტულად. ისინი პირველი სამიზნეები არიან როგორც საერო ძალაუფლების, ისე საეკლესიო ძალაუფლებისა.
ზაზა თევზაძე, დოროთე ყურაშვილი, შიო კვარაცხელია, თამაზ ლომიძე და კიდევ რამდენიმე, ესენი არიან ის იშვიათი საეკლესიო პირები, რომლებიც დღემდე ფრთხილად მიუყვებიან სინდისის გზას და ისე ურთიერთობენ საზოგადოებასთან, ისე გამოხატავენ საკუთარ აზრებსაც და თანამონაწილეობენ როგორც ქვეყნის, ისე სულიერი შვილების ცხოვრებაში. ამით ისინი პირველ სამიზნეებიც ხდებიან საკლესიო ელიტისა, განსაკუთრებით იმ საეკლესიო ელიტისა, რომლებიც განსაკუთრებულად არიან შეზრდილები საერო ხელისუფლებასთან. იმ დროს, როდესაც საეკლესიო ელიტები მეტად არიან შეზრდილები პირდაპირ პოლიტიკურ ცხოვრებას, დევნიან სასულიერო პირებს, რომლებიც პოლიტიკაზე მეტად სახელმწიფოს არსზე და ადამიანურ, მოქალაქეობრივ ემპათიაზე მსჯელობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით სამიზნე ბოლო ხანებში დოროთე ყურაშვილი შეირჩა, შესაძლოა იმიტომაც, რომ მასში ადამიანები ხედავენ ბუნებრივობას, დამოუკიდებლობას, ნაკლებად ცდება სასულიერო პირის ჩარჩოებს, მისი თეზისები გამართულია და ძნელია ედაოს ვინმე თეზისურ ჭეშმარიტობაზე, ის მშვიდი თქმით უკავშირდება არაერთი მოქალაქის ემოციურ მოცემულობას. ის ძლიერია იმით, რომ ერთი მხრივ მოწყვლადია, მეორე მხრივ კი მტკიცე, თან ისე, რომ არ სჭირდება არც სისასტიკე და არც სიხისტე. ამ ადამიანს და მათ, ვინც ჩამოვთვალე და არ ჩამომითვლია, საეკლესიო და სახელისუფებო ელიტები თვლიან სწორედ იმ „საშიშროებად“, რამაც შეიძლება ადამიანებში მეტი ძლიერება, რწმენა და თვითრწმენა შეიტანონ, რაც თავისუფალი ადამიანის მთავარი სამოქმედო წყაროა. ქრისტიანული ფილოსოფია ხომ სინამდვილეში თავისუფლების გამოხატულებაა, სადაც მორჩილება მონობას კი არ გულისხმობს, არამედ ქრისტიანული ფილოსოფიით გამოხატული სიბრძნის მეგობრობას, სადაც ადამიანს ღმერთისაგან აქვს მინიჭებული თავისუფლება, რომელშიც თავადაც კი არ ერევა, მხოლოდ სთავაზობს საკუთარ თავს როგორც ადამიანის განღმრთობის საშუალებას.
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ეკლესიას მხოლოდ დეკლარირებული აქვს ქრისტიანობა, მაგრამ არა ქრისტიანული ფილოსოფიის სიბრძნით, არამედ ტოტალიტარული იდეოლოგიით, რომლის პირველი მტერიც ადამიანთა ნამდვილი ქრისტიანობაა, როგორც ადამიანის ძლიერებისა და თვითდაჯერების (ღვთის თანამხედრობით მიღებული თავდაჯერების) წყარო, რომელიც ქმნის თავისუფლებას – ქრისტიანულ თავისუფლებას, რაც ტოტალიტარებს არ უყვართ ისევე, როგორც მათ არ უყვართ მოაზროვნე გულწრფელი ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვინც შეიძლება სხვა ადამიანებისათვის საზომი გახდეს, იქნებიან ესენი საერო თუ სასულიერო პირები.

