ნეიტრალიტეტი რუსული ოკუპაციის ჩრდილში და მისი სტრატეგიული რისკები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ნიკოლოზ ხატიაშვილი
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი.

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა ჯგუფმა და ექსპერტმა კვლავ დაიწყო საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის სტატუტის მნიშვნელობაზე ქადაგება. ეს გააქტიურება შესაძლებელია უკავშირდებოდეს სამომავლო გეგმისთვის საჭირო საინფორმაციო ფონის შექმნას — ეს არაერთხელ გვინახავს ახლო წარსულში.

საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში ნეიტრალიტეტი სხვადასხვა ფორმებით და შინაარსით გვხვდება. საქართველოს კონტექსტში ის გულისხმობს ნატოში, ევროკავშირსა და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებში გაწევრიანებაზე უარის თქმას. საყოველთაოდ ცნობილია ამ პროცესთან დაკავშირებული საფრთხეები, თუმცა მაინც, კიდევ ერთხელ, მარტივად შევეცდები ამის ახსნას.

მულტიპოლარული სამყაროს გაჩენამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ალიანსების როლი, რაც უსაფრთხოების და სტაბილურობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ისეთ მძლავრ ქვეყნებსაც, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა, ესაჭიროებათ ძლიერი ალიანსები იმ საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ, რის წინაშეც დგას დღეს მსოფლიო. მაშასადამე, ნეიტრალიტეტის მოტივით საქართველოს იზოლაციამ, საერთაშორისო პარტნიორებისგან და ალიანსებისგან დაშორებამ შესაძლოა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენოს. ასეთ მოცემულობაში ნეიტრალიტეტი ის გარემოებაა, რაც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება პატარა და განვითარებადი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, რადგან ისინი ამ სტატუსით მეტად მოწყვლადები ხდებიან. საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრისას ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი გარემოებები:

რეგიონული კონტექსტი

საქართველოს უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. შესაბამისად, ნეიტრალიტეტი არა თუ დაიცავს საქართველოს რუსეთისგან, არამედ პირიქით, რუსეთს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს მიმართ გავლენის მოსაპოვებლად როგორც სამხედრო, ასევე, არასამხედრო გზებით. თუ აქამდე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და პარტნიორების მხარდაჭერა რუსეთისთვის შემაფერხებელ ფაქტორს თამაშობდა, ნეიტრალიტეტი ამ ფაქტორის გაქრობას გამოიწვევს.

საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება

თუ სახელმწიფო სამართლებრივად აცხადებს ნეიტრალიტეტს, მაშინ ჰააგის მეხუთე კონვენციის მიხედვით მის ტერიტორიაზე არ უნდა იმყოფებოდეს უცხო ქვეყნის ჯარი. საქართველოს შემთხვევაში, ოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის ყოფნის პირობებში შეუძლებელია ნეიტრალიტეტის სამართლებრივი გამოცხადება.

ძლიერი თავდაცვით შესაძლებლობები

ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ქვეყნის ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები. ქვეყანა მზად უნდა იყოს მის წინაშე არსებული და პოტენციური საფრთხეებისგან თავდაცვისთვის. იმ პირობებში, როდესაც საქართველო ესაზღვრება მტრულად განწყობილ დიდ სახელმწიფოს, რომელიც ნებისმიერ წუთს შესაძლოა თავს დაგესხას, ხოლო შენი თავდაცვითი შესაძლებლობების რესურსი და პოტენციალი მხოლოდ რამდენიმე დღით შეაკავებს რუსეთს, ალბათ სასაცილოდაც კი ჟღერს ნეიტრალიტეტზე საუბარი.

რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს

ჩვენ არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს. კრემლი მოქმედებს გავრცელებული ფორმულით — თუ რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება ეწინააღმდეგება მის ინტერესებს, ის მას არ შეასრულებს. ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთი და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა ეს არის ოქსიმორონი.

წარსულის გამოცდილება

1918 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ, მიუხედავად ამისა, 1921 წელს რუსეთმა მაინც დაიპყრო საქართველო. ასეთი მაგალითები კიდევ გვხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიაში.

დიდი სახელმწიფოების ინტერესები

როდესაც ქვეყანა ცხადდება ნეიტრალურ სახელმწიფოდ (მაგალითად შვეიცარიის შემთხვევაში), ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სრული კონსენსუსი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. ასევე, ქვეყანა რომელიც აცხადებს ნეიტრალიტეტს, არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე დიდი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების ნაწილს. ამ მიმართულებითაც საქართველო და ნეიტრალიტეტი შეუთავსებელია, რადგან კრემლის არაერთ ოფიციალურ დოკუმენტში, აფხაზეთი და ოსეთი — საქართველოს ტერიტორიები, მოხსენიებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავება მოსკოვის სტრატეგიული ინტერესია.

საერთაშორისო მხარდაჭერა

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, რომელიც საქართველოს უხსნის წვდომას სხვადასხვა ტიპის რესურსებზე. ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ ისარგებლებს ამ სიკეთეებით და მოუწევს დამოუკიდებლად საკუთარი თავდაცვითი და უსაფრთხოების სისტემის განვითარება, მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან მიყვანა, რაც არსებული ეკონომიკური გარემოს ფარგლებში ძალიან რთული იქნება.

ევროკავშირში გაწევრიანება

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოსთვის ნიშნავს მდგრად განვითარებას, სამართლიანობას და სამართლიანი კანონის უზენაესობას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ განვითარებას, მაღალი სტანდარტების ჯანდაცვას, ყველა საფეხურზე დასავლური და თანამედროვე სტანდარტების განათლების სისტემის დანერგვას, ევროკავშირის ქვეყნებთან კონკურენტულ სოფლის მეურნეობას და ემიგრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს არის იმ სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც თან სდევს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ხოლო უშუალოდ ევროკავშირი ფინანსურად და პოლიტიკურად ეხმარება საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში. ნეიტრალიტეტის გამოცხადება გამოიწვევს ყველა ამ სიკეთეზე უარის თქმას და ევროკავშირის დახმარებების შეწყვეტას ამ მიმართულებებით, რასაც საქართველო ათწლეულების განმავლობაში ღებულობდა და მნიშნელოვან რეფორმებს ახორციელებდა.

ისტორიული კონტექსტი

ისტორიამ არაერთხელ დაგვანახა, რომ რეალური ნეიტრალიტეტის მიღწევა ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად სრულდება. შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

უკრაინაში იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს გამოცხადდა სამხედრო ნეიტრალიტეტი იმისთვის, რომ რუსეთი თავს არ დასხმოდა მათ. საბოლოოდ რუსეთი მაინც დაესხა თავს უკრაინას 2014 წელს და მოახდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია.

მეორე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ მოლდოვა. დნესტრისპირეთის დაბრუნების იმედით, 90 იანი წლების დასაწყისში მან გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა ეს მცდელობა ამაოდ დასრულდა.

ასევე, 19-ე საუკუნის ბოლოს ბელგიაც გახდა ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს მას თავს დაესხა გერმანია.

ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ნეიტრალურ ქვეყნებად ითვლებოდა შვეიცარია, ფინეთი და შვედეთი, თუმცა საბოლოო ჯამში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ევროპის ტრადიციულად ნეიტრალური შვედეთი და ფინეთი აიძულა უსაფრთხოების პოლიტიკა შეეცვლათ და ნატოში გაწევრიანებულყვნენ. საბოლოოდ, შვეიცარია დარჩა ნეიტრალურ სახელმწიფოდ, თუმცა მისი ნეიტრალიტეტი მოიცავს სამ საუკუნოვან კულტურას და განმტკიცებულია სხვადასხვა ფაქტორით (ეკონომიკა, ფინანსური ინსტიტუტები, თავდაცვა, გეოგრაფია, კულტურა და სხვა), რასთანაც საქართველოს პოტენციური ნეიტრალიტეტის შედარებაც კი ღიმილის მომგვრელია.

ნეიტრალიტეტი და რუსული ჰიბრიდული ომი

რუსეთი წლების განმავლობაში, თავისი მოსაზღვრე ქვეყნების წინააღმდეგ ნეიტრალიტეტის თემას გეოპოლიტიკურ იარაღად იყენებს. მისი ამოცანაა ამ ქვეყნებში „ნეიტრალიტეტის“ მიღწევით გაზარდოს თავისი გავლენა და შეაკავოს დასავლეთი მის საზღვრებთან. მოსკოვი პროპაგანდის, დეზინფორმაციის და პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური მანიპულაციის გზით ცდილობს მეზობელ ქვეყნებში წარმოაჩინოს ნეიტრალიტეტი როგორც სახელმწიფოსთვის პრაგმატული და სწორი არჩევანი, რომელიც მას მოუტანს მშვიდობას და თავიდან ააცილებს დიდი ქვეყნებიდან დაპირისპირებას. რეალურად, რუსეთის ამოცანაა მისი მეზობელი ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირის მიღმა დატოვება, რითიც ისინი დაუცველები და ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებულები რჩებიან. მოსკოვი ნეიტრალიტეტს წარმოაჩენს როგორც სუვერენიტეტის, მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიას, ხოლო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას თავმოყვარეობის შელახვად და დასავლეთის მონობად. ასეთი ტიპის ნარატივებს ძირითადად ავრცელებენ ე.წ კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობები, პრო-რუსული მედიები და ექსპერტები, სასულიერო პირები და კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიები. ისინი ხშირად იყენებენ ტრადიციული ღირებულებების და რელიგიის დაცვის საკითხს, როგორც ნეიტრალიტეტის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ელემენტს.

დასკვნა

აშკარაა, რომ საქართველოსთვის პრაქტიკულად მიუღწეველია რეალური ნეიტრალიტეტი. ამისთვის საქართველოს არ გააჩნია საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები, მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, იმყოფება რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და რაც მთავარია ესაზღვრება რუსეთს. ასეთ გარემოში საქართველოს ნეიტრალიტეტის ფორმალური გამოცხადება ვერ მოუტანს მას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. პირიქით, ნეიტრალიტეტი ვერ შეაჩერებს კრემლს და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცისაც ვერ მოახდენს. უფრო მეტიც, თუ აქამდე დასავლეთი წარმოადგენდა რუსეთის შეკავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს და გვეხმარებოდა არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში, ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ეს მცირე უსაფრთხოების მექანიზმიც კი გამოეცლება საქართველოს.

რეალურად ნეიტრალიტეტის საკითხი არის უსაფრთხოების ხაფანგი საქართველოსთვის — რომელიც მას წაართმევს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობას და დატოვებს მას სრულიად დაუცველს. რუსეთის მიერ ნეიტრალიტეტის პროპაგანდა წარმოადგენს იმპერიალისტურ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს თავის სამეზობლოში ‘ნაცრისფერი ზონების“ შექმნას, რომლებიც არ იქნებიან დასავლეთის უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებულები და რუსულ ზეწოლას ვერ გაუძლებენ. შესაბამისად, ნეიტრალიტეტი რუსეთის ხელში არ არის მშვიდობის გზა, ეს არის ფრთხილად და თანმიმდევრულად შემუშავებული დაქვემდებარებისა და კონტროლის მექანიზმი. მაშასადამე, საქართველოსთვის ერთადერთი გონივრული და პრაგმატული გზა არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მიღება. ამავდროულად უნდა გააქტიურდეს აზიის და ახლო აღმოსავლეთის დიდ სახელმწიფოებთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერების პროცესი.

და ბოლოს, თანამედროვე მსოფლიოში 20-მდე ქვეყანას აქვს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, თუმცა აქედან წარმატებული მხოლოდ შვეიცარია აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბერნში უკვე აქტიურად განიხილება რიგი საგარეო პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც ნეიტრალიტეტის გარკვეულ გადახედვას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.