პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიულ წყობილებაში უკიდურესი ზომა: ზომა, რომლის მიღებას სჭირდება უმკაცრესი სტანდარტი.
მიუხედავად იმისა, რომ – თეორიულად – პარტიების აკრძალვა სხვადასხვა ქვეყანაშია შესაძლებელი, დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში ამ ქმედების ეტალონური მაგალითი არის გერმანია. გერმანიაში ეს სტანდარტი და პარტიის აკრძალვის თეორიული შესაძებლობა შემოიღეს ლიბერალური დემოკრატიული წყობილების დასაცავად: ზუსტად ამიტომ, ცოტა კომიკურიც კი არის, როდესაც ავტორიტარული, პოპულისტური და ვითომ-კონსერვატიული ქართული ოცნება გერმანულ სტანდარტზე საუბრობს.
თუმცა, დავიწყოთ თანმიმდევრობით. ამ სტატიაში, სიმარტივისთვის, ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი, რაც შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააჟღერა, არის სიმართლე (ცხადია, უდიდესი ნაწილი არც არის: მაგრამ გონებრივი ექსპერიმენტის გულისთვის, ვივარაუდოთ, რომ არის) – და საკმარისია თუ არა ყოველივე ეს პარტიის ასაკრძალად გერმანული სტანდარტით.
გერმანული სამართლებრივი სტანდარტი – “Wehrhafte Demokratie” (მეორენაირად “Streitbare Demokratie”), ქართულად ითარგმნება, როგორც თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, ან მებრძოლი დემოკრატია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მებრძოლი დემოკრატიის იდეა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ლიბერალური დემოკრატიული წყობილების დაცვას დესტრუქციული პოპულისტებისგან, გერმანული ისტორიული მაგალით რომ გავაგრძელოთ – კოლექტიური ჰიტლერებისგან – რომლებსაც სურთ ლიბერალური დემოკრატიის ჩანაცვლება სრულიად სხვა წყობილებით (საბჭოთა მაგალითი – საბჭოებითა და იდეით, რომ „პარტია და ხალხი“ ერთია, ან ნაცისტურით – ერთი ფიურერი, ერთი რაიხი, ერთი ხალხი).
მაშასადამე, გერმანიის ძირითადი კანონის (Grundgesetz) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტია მართლაც შეიძლება აიკრძალოს – მაგრამ: ეს არის უკიდურესი ზომა, ძალიან კონკრეტული, ვიწრო, მკაფიო და მკაცრად განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.
თავად გერმანიის კონსტიტუციის ეს მუხლი ასე ჟღერს:
„პარტიები, რომლებიც თავიანთი მიზნებით, ან საკუთარი მიმდევრების ქცევით, ცდილობენ შელახონ ან გააუქმონ თავისუფალი დემოკრატიული ფუნდამენტური წესრიგი, ან საფრთხე შეუქმნან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას, არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალონ“.
როგორც ვხედავთ, თავად მუხლის ინტერპრეტირება ფართოდ და სხვადასხვანაირად შეიძლება. დემოკრატიულ წყობილებაში ასეთ მუხლებსა და კანონებს სასამართლო აკონკრეტებს და ავიწროებს (ერთ-ერთ მაგალითად სხვა კონტინენტიდან და სხვა სამართლებრივი სამყაროდან შეიძლება ამერიკული FARA-ც მოვიყვანოთ, რომელიც სასამართლომ არაერთხელ დაავიწროვა და შეკვეცა), რაც – ცხადია – გერმანიის შემთხვევაშიც მოხდა.
გერმანულმა იურისპრუდენციამ შეიმუშავა ამ მუხლის გამოყენების განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ (Bundesverfassungsgericht, BVerfG) თავისი გადაწყვეტილებებით ცხადყო, რომ დემოკრატიისადმი მხოლოდ მტრული დამოკიდებულება (ანუ პარტიის იდეოლოგია) არ არის საკმარისი პარტიის ასაკრძალად. უნდა არსებობდეს აქტიური, კონკრეტული და მიზანმიმართული ძალისხმევა, ასევე რეალური და არსებითი საფრთხე ლიბერალური დემოკრატიული ძირითადი წესრიგისთვის.
იდეოლოგია
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პარტიის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი თითქოს არის მისი იდეოლოგია, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს არსებულ ლიბერალურ დემოკრატიულ წესრიგთან. თუმცა, გერმანული სტანდარტით, მხოლოდ იდეოლოგია არ არის საკმარისი;პ არტიას შეიძლება ჰქონდეს ექსტრემისტული, თუნდაც ანტიკონსტიტუციური იდეები – მაგრამ თუ ის არ ან ვერ მოქმედებს ამ იდეების შესაბამისად ისე, რომ კონკრეტულად დაემუქროს არსებულ სახელმწიფო წყობილებას, მისი აკრძალვა დაუშვებელია.
- NPD I გადაწყვეტილება (1952) – სოციალისტური რაიხის პარტია (SRP), NSDAP-ის აშკარა ნეონაცისტური გაგრძელება, აიკრძალა.
- NPD II გადაწყვეტილება (2017) – ნაციონალ-დემოკრატიული პარტია (NPD) არ აიკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზნები ანტიკონსტიტუციური იყო, მაგრამ მას აკლდა „პოტენციალი“ (Potenzialität) – ანუ, დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის რეალისტური შანსი ან გავლენა.
- AfD – ულტრამემარჯვენე ექსტრემიტული პარტია გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის კლასიფიკაციით [ჯერ] არ არის აკრძალული. აქ მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის აუცილებელი დროც: თუ ქართულ კონტექსტში „კომისიამ“ (რომელიც თავად რამდენად ლეგიტიმური იყო სავალდებულო ოპოზიციის გარეშე, რომლის კვოტები ოცნების სატელიტით შეივსო, საკითხავია) ერთ ზაფხულში მოახერხა „საქმის მოყომარება“, გერმანიაში პირველი საუბრები AfD-ს ექსტრემისტულ ბუნებაზე დაიწყო 2019 წელს – გამოძიება 2025 წლამდე მიმდინაროებდა და მხოლოდ 6 წლის თავზე მოხდა პარტიის კლასიფიცირება ექსტრემისტულად. ამ კლასიფიკაციის შემდეგაც კი, პარტია 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით აკრძალული არ არის: ანუ, დემოკრატიულ წყობილებაში, თავისუფალი სასამართლოს პირობებში, პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელი და საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ერთ ზაფხულში უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
ამრიგად, ექსტრემიზმის არსებობა პარტიის იდეოლოგიაში, ან წარსულში ჩადენილი დარღვევებისა თუ დანაშაულების მტკიცებულება, არ არის საკმარისი საკმარისი პარტიის ასაკრძალად. იმ პარტიებიდან, რომელთა აკრძალვას ქართული ოცნების რეჟიმი აპირებს, არც-ერთის იდეოლოგია არ კლასიფიცირდება, როგორც ექსტრემისტული ან ანტიკონსტიტუციური; პირიქით, აქედან ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის ევროპულ დონეზე ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრია, ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა – კონსერვატიული ევროპის სახალხო პარტიის, ხოლო – კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა ორი შემადგენელი ასევე ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრია.
აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, თითქოსდა რომელიმე მათგანის იდეოლოგია ექსტრემისტულია, ან ანტიკონსტიტუციურია, უბრალოდ კომიკურია.
გარდა ამისა, პარტიის ასაკრძალად უნდა დადასტურდეს, რომ პარტიის საქმიანობა დღეს (და არა ოდესღაც წარსულში) წარმოადგენს კონკრეტულ, ოპერატიულ საფრთხეს.
მტკიცება
მტკიცების მკაცრი სტანდარტი – “gegenwärtige Gefahr”
საკონსტიტუციო სასამართლო ითხოვს მყარ, გადამოწმებად მტკიცებულებებს:
- ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ, რომელსაც შეუძლია ანტიდემოკრატიული მიზნების განხორციელება;
- კონკრეტული ქმედებების გეგმებისა და საშუალებების შესახებ;
- ამ მიზნების მისაღწევად საჭირო გავლენის ან პოტენციალის შესახებ.
პოტენციალი
„პოტენციალის“ (Potenzialität) კონცეფცია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია:
- პარტიას უნდა შეეძლოს თავისი ანტიკონსტიტუციური მიზნების რეალიზება.
- ამის გარეშე, ექსტრემისტული რიტორიკა ან იზოლირებული ძალადობაც კი არ არის საკმარისი.
(სხვათაშორის, ქართულ კონტექსტში თავად ირაკლი კობახიძე პროპაგანდისტული „იმედის“ ეთერში ამბობს, რომ „[…] ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ, მათ არც ხალხის მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს და არც რაიმე სხვა რესურსი, […].“
პროპორციულობა
პროცედურული მთლიანობა და პროპორციულობა
- აკრძალვა უნდა იყოს პროპორციული – ultima ratio, კონსტიტუციური სახელმწიფოს უკანასკნელი საშუალება, როდესაც სახელმწიფოს ლიბერალური დემოკრატიული წყობილების გადასარჩენად სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება.
- ის უნდა მიმდინარეობდეს საჯარო და შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, შესაბამისი პარტიისთვის სათანადო პროცესის ყველა უფლების დაცვით (კლანის მართული საკონსტიტუციო სასამართლოს პირობებში ეს პირობა არასდროს არ შესრულდება, თუმცა…)
- მაინიცირებელმა ორგანომ (ბუნდესტაგი, ბუნდესრატი ან ფედერალური მთავრობა) უნდა წარადგინოს სრულყოფილი, მრავალრიცხოვანი და იურიდიულად დამოწმებული მტკიცებულებები.
ქართული ოცნების სარჩელი
| კრიტერიუმი | გერმანული სტანდარტი | ქართული ოცნების პოზიცია | გერმანული სამართლებრივი შეფასება |
| იდეოლოგიური მტრობა მთავრობის მიმართ | არ არის საკმარისი – მთავრობის კრიტიკა ან მისი ლეგიტიმურობის უარყოფა დაცულია სიტყვის თავისუფლებით (GG-ს მე-5 მუხლი). | პარტიები უარყოფენ მთავრობის ლეგიტიმურობას, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. | ❌ არ არის აკრძალვის საფუძველი |
| ადამიანის უფლებების წარსული დარღვევები (2004–2012) | ისტორიული გადაცდომა ≠ ამჟამინდელ საფრთხეს. სასამართლო იკვლევს არსებულ რისკს. | ბრალდებების უმეტესობა 2004 -2012 წლებს ეხება. | ❌ წარსული დანაშაული არ ამართლებს ამჟამინდელ აკრძალვას. |
| საჯარო პროტესტი და „გადატრიალების მცდელობები“ | უნდა დადასტურდეს ორგანიზებული, გარდაუვალი ძალადობა, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის გაუქმებას. | მითითებები პროტესტებზე, ბოიკოტებზე, პარლამენტის შტურმის მცდელობებზე. | ❌ საჭირო იქნება პარტიის ხელმძღვანელობით სისტემატური ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობების მყარი მტკიცებულება – რაც არ არის ნაჩვენები. |
| საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, მიმართვები ევროკავშირის/უცხო სახელმწიფოებისადმი | სრულად დაცულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებით. | მოხსენიებულია, როგორც „საბოტაჟი“ ან „საგარეო ზეწოლა“. | ❌ გერმანიაში ასეთი გამოსვლა კანონიერი პოლიტიკური საქმიანობაა. |
| დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის კონკრეტული პოტენციალი | პარტიას უნდა ჰქონდეს წესრიგის დამხობისთვის საჭირო სტრუქტურული, ფინანსური და საზოგადოებრივი შესაძლებლობები. | ოპოზიციური პარტიები ამჟამად არ არიან ხელისუფლებაში, შეზღუდული ინსტიტუციური კონტროლით. | ❌ არ არსებობს პოტენციალი – შესაბამისად, არ ექვემდებარება აკრძალვას. |
| პროცედურული სამართლიანობა | მოითხოვს ნეიტრალურ, სასამართლო წესით ფაქტების დადგენას — და არა საპარლამენტო „კომისიების“ დასკვნებს. | ეყრდნობა მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ შექმნილი კომისიების დასკვნებს. | ❌ უარყოფილი იქნება, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული და პროცედურულად ხარვეზიანი. |
გერმანულ საკონსტიტუციო სტანდარტთან შესაბამისობა
ამრიგად, გერმანული საკონსტიტუციო სამართლის პერსპექტივიდან, ქართული ოცნების მიერ მომზადებული „ვაისაკონსტიტუციო სარჩელი“ Bundesverfassungsgericht-ის მიერ დასაშვებობის პირველად განხილვასაც კი ვერ გაივლიდა.
მიზეზები:
- ის აიგივებს მთავრობის კრიტიკას საკონსტიტუციო წესრიგისადმი მტრულ დამოკიდებულებასთან – რაც მიუღებელი აღრევაა ლიბერალურ დემოკრატიაში, პირიქით – პარტიისა და სახელმწიფოს ერთიანობა არის საბჭოთა ან ნაცისტური წყობილების მახასიათებელი; ქართული ოცნების მიერ საკუთარი თავისა და სახელმწიფოს გაიგივება, გარდა იმისა, რომ დემოკრატიასთან შეუსაბამოა, ასევე არის ამ სარჩელის აბსურდულობის მთავარი ილუსტრაცია.
- მას აკლია დემოკრატიული წესრიგისთვის არსებული, კონკრეტული საფრთხის მტკიცებულება.
- ის ეყრდნობა პოლიტიკურ შეფასებებს დამოუკიდებელი სასამართლო დასკვნების ნაცვლად.
- ის კოლექტიურად მიმართულია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ – რაც არღვევს პლურალიზმსა და პროპორციულობას.
- ის ასახავს კონსტიტუციური ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენებას მიზანმიმართული რეპრესიებისთვის.
გერმანული ტერმინებით, ეს ჩაითვლებოდა, „Missbrauch des Parteiverbotsinstruments zur politischen Säuberung“ – „პარტიის აკრძალვის მექანიზმის ბოროტად გამოყენება პოლიტიკური წმენდისთვის“.
და ბოლოს:
„პარტიის აკრძალვა არ არის ოპოზიციის გაჩუმების ინსტრუმენტი. ეს არის კონსტიტუციური თავდაცვის უკანასკნელი ზომა – და არა პოლიტიკური იარაღი“.

