არჩევნები 2025: “ქართულმა ოცნება” ხმების 80%-ზე მეტი მიიღო და 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” გაიმარჯვა. მმართველმა პარტიამ ხმების 81.7% მიიღო და 64 მუნიციპალიტეტს გააკონტროლებს.

თბილისში კი ოცნებამ 70% მიიღო, კახა კალაძე კი მესამე ვადით გახდა დედაქალაქის მერი ხმების 71%-ით.

თბილისის საკრებულოში 50-დან მხოლოდ 5 ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა: 2 – ძლიერი საქართველო, 2 – ლიბერტარიანული პარტია გირჩი და 1 ულტრამემარჯვენე პარტია “კონსერვატორული მოძრაობა.”

თბილისში ბარიერი ვერ გადალახაი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 41%-მა მისცა ხმა, დედაქალაქში კი – 31%. ერთიც და მეორეც ბოლო 35 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამის მიზეზი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ ბოიკოტის გამოცხადება იყო. არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს და საკუთარ ამომრჩეველსაც შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” “კოალიცია ცვლილებებისთვის,” “თავისუფლების მოედანი,” “ფედერალისტები” და ა.შ.

არჩევნებს არ დააკვირდა არცერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და მინიმალური იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რაოდენობაც.

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს პატიმრობა მიესაჯათ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, 4 ოქტომბერს ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი “მშვიდობიან რევოლუციას” აანონსებდა. ამ მიზნით, მოქალაქეებმა თბილისის ცენტრში შეკრება 16:00-ზე დაიწყეს.

18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, “ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა და თქვა, რომ “ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”.

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ – ” მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება” – თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. 

7 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ირაკლი ნადირაძეს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჯამში 4 ოქტომბრის აქციაზე მონაწილეობისთვის დაკავებულია 44 ადამიანი, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება.

ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავეს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციის ბრალდებით დაკავებულ პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით, 2025 წლის ივნისში „გლდანის ციხეში“, მის საკანში შეიყვანა „სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი“, რომლებმაც „წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს“.

იმის მიუხედავად, რომ პატიმრები 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბაჩიაშვილთან ერთად საკანში, მათი მონაცემები ე.წ. აღრიცხვის ჟურნალში არ შეუყვანიათ.

პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე 9 ოქტომბერს დააკავეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ანდა სამ წლამდე პატიმრობით.

გიორგი ქემოკლიძის დაკავებამდე ორი დღით ადრე, 7 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ავტოფარეხში იპოვეს გარდაცვლილი “გლდანის ციხის” ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

გიორგი ქემოკლიძემ და დავით გოგობერიშვილმა თანამდებობები 2025 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი თვით ადრე, გლდანის მერვე დაწესებულების საკანში შესახლებულმა პატიმარმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სცემა.

გიორგი ბაჩიაშვილის ციხის საკანში ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია 2025 წელის 11 ივლისს გავრცელდა. ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა გიორგი ბაჩიაშვილის წერილიც, სადაც ის წერდა, რომ 11 ივლისს საკანში მას ფიზიკურად გაუსწორდა მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის დაიბარა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.

2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში. ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების, წინააღმდეგაც. 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.