“ახალი”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” გაერთიანდნენ

სამი ოპოზიციური პარტია – “ახალი”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ ისინი ერთიან კამპანიას დაიწყებენ.

“ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ “ლელოსთან”. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის”, – თქვა ნიკა გვარამიამ, პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ.

“ჩვენ დღეს ვერთიანდებით იმიტომ, რომ გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა პარტიის თანათავმჯდომარე ნიკა მელიამ.

“მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ბარიერად ეღობება ამას, არის არსებული რუსული რეჟიმი. ამიტომ, 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი”, – განაცხადა “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანება “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის”, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

ნატოს ახალ დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები

ნატოს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ერთ მონაკვეთშია და ქვეყანა ერთხელაა მოხსენიებული.

“არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, უკანანო ანექსიას. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს მთელი თავისი უნებართვოდ მყოფი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან.” – წერია დეკლარაციაში.

შარშან ბრიუსელის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთვის გამოყოფილი იყო მთლიანი პუნქტი და გამოთქმული იყო სრული მხარდაჭერა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითისთვის, 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ორჯერ იყო ნახსენები.

“ნატოს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების დაბლოკვით, გერმანიამ და საფრანგეთმა “მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს, აგრესია განეხორციელებინა”.

11 ივლისს ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თქვა, რომ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერი “გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი, რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის”.

ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ცვლილება აჩენს რისკს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.”

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები ერთიანდება და მათ 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებებით, საპენსიო ფონდის 15 წევრიდან 2-ს საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენ წევრებს კი კომისია აარჩევს, “რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერმინისტრს”.

საფრანგეთის ელჩი: ამჟამად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამჟამად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია.

“27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”. – თქვა ელჩმა ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ჟურნალისტებთან.

10 ივლისს გერმანიის ელჩმაც თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში “ძალიან რთული მომენტი” დადგა. 

“საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში”. – აღნიშნა ფიშერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.