„ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანდნენ
პარტიები „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია 17 ივლისს თბილისში, ევროპის მოედანზე, გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალი თანამებრძოლები წარადგინა, პარტიის “ხალხისთვის” ლიდერს, ანა დოლიძეს და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს, ხელი ჩაჰკიდა და თქვა: “ასე ერთობით დავიწყებთ მოღვაწეობას”.
“ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია – ან ვიქნებით ჭაობში და ვიქნებით ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად, იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. ამისთვის ერთი რამაა საჭირო და ამას ჰქვია ერთობა”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას “ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი” შეუერთდება: “არა ის, რომელიც ჭორებად გესმით – ახალი სახეები, ის ხალხი, ვინც ჩაიბარებს ქვეყნის მმართველობას”.
მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მათ შორის არსებული ბევრი განსხვავების მიუხედავად, კოალიციაში აქვთ საერთო ღირებულებები ქვეყნის მომავლის შესახებ.
ოპოზიციურ ერთობას ასევე შეუერთდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილი. მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და ყველა ამბიცია გვერდზე გადადოს.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი რუსულ კანონზე წარმოებაში მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი არსობრივად და ფუნქციონალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დადგენილია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მიზანი. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ადგენს: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” – წერია სარჩელში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შეიტანა.
17 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ.
ივანიშვილის თქმით, “გლობალურ ომის პარტიას” ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება სურს
ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კვლავ ისაუბრა “გლობალურ ომის პარტიაზე” და განაცხადა, რომ მათ საქართველოს მთავრობაში “აგენტურის” დაბრუნება სურთ.
მისივე თქმით, “აგენტურა” სააკაშვილის, გვარამიას, ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გახარიას, ბოკერიასა და “სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებისგან” შედგება.
“გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ ნაციონალურ მოძრაობას – სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. ან იომებთ ან წახვალთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს.” – თქვა ივანიშვილმა.

