თავდასხმა მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე: დაკავებულია 2 პირი
მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ ორი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავარი არხის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, სოფელ სუფსაში ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა. ჟურნალისტ ლადო მენაბდეს თქმით, თავდამსხმელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იგინებოდნენ მთავარი არხის მისამართით.
“ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით, აქ ცენტრში ვიდექი ზუსტად, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება მთავარი არხის მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით, არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება, შემდეგ ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა შემაფურთხა სახეში და დამარტყა.” – თქვა მენაბდემ.
მდინარაძის თქმით, ტრამპს ომის პარტიამ ესროლა და ოცნებაზე “ტერაქტსაც” ის გეგმავს
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და კობახიძისადმი ე.წ. ფიცოს ბედის გაზიარების მუქარას შორის პარალელი გაავლო.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, ირაკლი კობახიძესა და ტრამპს საერთო მტერი – გლობალური ომის პარტია ჰყავთ, ხოლო ხელისუფლების მიერ სპეკულირებული “ტერაქტი” ქართული ოცნების წევრებსა და ბიძინა ივანიშვილზე მოჩვენებითი არაა და ამას ტრამპის და კობახიძის მაგალითებთან ერთად, რობერტ ფიცოსა და ვიქტორ ორბანის ინციდენტებიც ადასტურებენ.
„ერთადერთი [ტერაქტთან დაკავშირებული გამოძიება] მახსენდება გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტი. არ ააფეთქეს თავისიანი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეხდინათ? არ ააფეთქეს? მოგვეჩვენა გივი თარგამაძის აფეთქებაც? თუ ბოლო პერიოდში მოეჩვენა ირაკლი კობახიძეს მინიშნება მკვლელობაზე? თუ ტრამპის ყურთან ჩაწუილებული ტყვია მოგვეჩვენა, და გაკაწრული და არა გარდაცვლილი, საბედნიეროდ, ტრამპი, ესეც მოგვეჩვენა? ფიცოს მკვლელობის მცდელობა მოგვეჩვენა? არ ხდება ეს გლობალური ძალების და გლობალური ომის პარტიის მიერ, რაღაც ძალის მიერ, რომელზეც სულ სპეკულირებთ, რომ არ არსებობს თითქოს? თავისით ემთხვევა?“ – ეკითხება ჟურნალისტებს მდინარაძე.
მდინარაძის მტკიცებით, დაუჯერებელია, რომ ტრამპის, ფიცოს, ორბანის ინციდენტები და ირაკლი კობახიძისადმი “მითითებულ რაღაც” (გულისხმობს უნგრელი ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის სიტყვებს, რომლებიც ირაკლის კობახიძემ მუქარად აღიქვა) უბრალო დამთხვევა იყოს.
სუსი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს.
გუშინ, 20 ივლისს, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრმა, ნადიმ ხმალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი წერდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გამოკითხვაზე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიბარა.
ხმალაძის თქმით, სუს-ის მხრიდან გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი მისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და უკრაინის მხარეს 2 წლიანი ბრძოლაა.
„ზუსტად ვიცი საფუძველი რა არის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობისთვის და უფრო მეტი, ალბათ, უკრაინაში ჩემი ორ წლის ყოფნით და ბრძოლის გამო. ტერორისტულ ქვეყანას რომ ვებრძვი, ტერორისტი ალბათ მე ვარ. მოახლოებულია არჩევნები და მათ არ აწყობთ ჩემნაირი და ჩვენნაირი აქტიური ხალხი და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის კრემლის დაკვეთა“. – თქვა ხმალაძემ.
ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, გამოკითხვის შესახებ უწყება უკრაინაში მებრძოლმა სამმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ, ვაჟა ცეცაძემ და ლაშა ჭიღლაძემ მიიღო.
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის თქმით, ქართველ მებრძოლებზე დევნის დაწყება კრემლის დაკვეთაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული მთავრობა ერთად ასრულებს.

