ჰელსინკის კომისია: „ქართული ოცნება“ შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრებიდან ეყრდნობა 

აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“ – იგივე ჰელსინკის კომისია – პლატფორმა X-ზე აქვეყნებს განცხადებას თაღლითური ქოლცენტრებიდან „ქართული ოცნების“ მიერ შავი ფულის გამოყენების შესახებ.

„ქართული ოცნება ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია“, – წერს ჰელსინკის კომისია.

კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუპირისპირდეს ამგვარ ქოლცენტრებს, “რომლებიც აფინანსებენ ‘ქართული ოცნების’ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”.

„ქართული ოცნების“ მიერ თაღლითური ქოლცენტრების გამოყენება ნახსენები იყო ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების წერილშიც, რომლითაც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

განცხადებას ქართველო პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოჰყვა.

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ „თუ ისინი ამ დანაშაულებრივი ფულით სარგებელს არ ნახულობენ, თუ ისინი ამ შავ ფულს ზონდერების მოსასყიდად არ იყენებდნენ აქციების მიმდინარეობის დროს და პენსიონერების ძარცვის პარალელურად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობისთვის ამას არ იყენებდნენ, მარტივი კითხვა მაქვს – რატომ არ იძიებენ?.. რატომ აფარებენ დამნაშავეებს ხელს, იმიტომ ხომ არა, რომ აქციების დროს ეს ქოლ-ცენტრები ოცნებამ საკუთარი ხალხის დასაშინებლად გამოიყენა?“

პარტია “ახალის” ლიდერმა ნიკა მელიამ აღნიშნა: „როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების ეს თაღლითური სქემა არის „ქართული ოცნების“ ფულის შოვნის წყარო, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან ვერ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან“.

განსხვავებული იყო მმართველი პარტიის წარმომადგენლებების შეფასებები. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი მიქანაძემ თქვა, რომ „ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა… არანაირი მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება მიღებული იმიტომ, რომ განცხადება კეთდება პირდაპირ შეიძლება ითქვას ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად.”

ალეკო ელისაშვილის პარტია კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა

12 აგვისტოს, კოალიცია ძლიერი საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები საარჩევნოდ ლელოს, ანა დოლიძის ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივ მოძრაობას, თავისუფლების მოედანს შეუერთდა.

ელისაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების დროა.

„ვიცი, რომ მტერი დავამწუხრე ჩვენი შერიგებით და ჩვენი ერთობით, ხოლო მოყვარე ძალიან გავახარეთ და პატარა ახსნაც უნდა ამას. მე და მამუკას, გახსოვთ, ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი გვქონდა ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს; შემდეგ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვიმსჯელეთ და ვუთხარით, რომ ახლა ბოდიშების დრო არ იყო, ახლა შერიგების დრო იყო. ამიტომაც, მეც და მამუკამაც, დავამარცხეთ ის წყენა იმიტომ, რომ არ გვაქვს უფლება, ჩავრჩეთ მარტო იმ ეთერში, სადაც საზიზღრობებს ვეუბნებოდით ერთმანეთს“. – თქვა ელისაშვილმა გამართულ ღონისძიებაზე.

17 ივლისს  სამმა ოპოზიციურმა ჯგუფმა –  ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტიამ ხალხისთვის და მოძრაობა “თავისუფლების მოედანმა” ოქტომბრის არჩევნების წინ ძალების გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს. 

28 ივლისს გამოქვეყნებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კოალიცია ძლიერ საქართველოს (ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი) გამოკითხულთა 12.8% უჭერს მხარს, ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეებს” – 2.2%.

ჟურნალისტური გამოძიება: ივანიშვილის ოჯახმა მოსკოვში ქონება ბოლო წლებში შეიძინა

მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის ამ ქონების ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა. ამის შესახებ საუბარია რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივად მომზადებულ სტატიაში – მასზე მუშაობდნენ „აი, ფაქტი“, OCCRP, iStories-ი (რუსეთი), GMC, „სტუდია მონიტორი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო რუსეთში უძრავი ქონების გაფართოება. ოჯახის უახლესი შენაძენი 2024 წლით თარიღდება. ოლიგარქის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, მიმდინარე წლის 19 აპრილს 4500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა. მანამდე კი, 2021 წლის 28 სექტემბერს ხვედელიძემ რუსეთში კიდევ რამდენიმე უძრავი ქონება დაირეგისტრირა“, – წერია სტატიაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ივანიშვილის ოჯახი საცხოვრებელ სახლსა და სამ მიწის ნაკვეთს ფლობს მოსკოვთან ახლოს, „პერედელკინოს“ ელიტურ აგარაკებთან – მათივე ცნობით, ამ ადგილას უძრავი ქონების საშუალო ღირებულება 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძის და შვილის, უტა ივანიშვილის სახლებს კომპანია „აკვა-სფეისი“ აქირავებს, შემოსავალი კი ერიცხებათ სანქცირებული რუსული ბანკის, „ვითიბის“ გავლით. 2023 წლის იანვრიდან რუსეთის მოქალაქე ანდრეი პერშინი ქირაში თითქმის ყოველთვიურად კომპანია „აკვა-სფეისის“ ანგარიშზე რიცხავდა 800 000 რუბლს (დაახლოებით 9000 აშშ დოლარი). თანხის გადახდა მინიმუმ 2024 წლის მაისის ჩათვლით გრძელდებოდა და ხვედელიძეს დაახლოებით 94 000 აშშ დოლარი ჩაერიცხა.

„ქართული ოცნება“ სიცრუეს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოსკოვში ქონების შეძენის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას. პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ქონება არ შეუძენია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.