ივანიშვილი ოპოზიციას პოლიტიკურ შურისძიებით დაემუქრა

21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად მცხეთაში მხარდამჭერებს მიმართა. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს კამპანიის ძირითად გზავნილებზე, რომლებიც მათი პოლიტიკური საბჭოს უახლეს განცხადებაშია ჩამოყალიბებული. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში სურს კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება, რათა აკრძალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია”, შეზღუდოს ლგბტ უფლებები ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელით და საქართველოს კონსტიტუციაში შესაფერისი ცვლილებების შეტანით ნიადაგი მოამზადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

“ნაცმოძრაობის დასრულება” და “ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა” “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში თავიდანვე ნათლად იყო ჩამოყალიბებული. მათგან განსხვავებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შედარებით ახალია. აღნიშნული საკითხი ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ოდნავ უფრო განავრცო. მან განაცხადა: “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია”. ივანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია, რომელსაც იგი “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” უწოდებს, “აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება”. როგორც ივანიშვილმა თქვა, სწორედ ამის გამო სჭირდება “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობა.

“26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს”, განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ “საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ”.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა: “ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური, თუ პიროვნული იდენტობა”.

პრემიერი ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” ყველა იმ ოპოზიციური ძალის აკრძალვას გეგმავს, რომელიც მომავალ არჩევნებში მას უპირისპირდება. 

მისი თქმით, “რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური ნაცმოძრაობა. ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სამართლებრივადაც მტკიცდება. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს”.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს ოცნება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ესაა კოალიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო და ასევე “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც “განეკუთვნება – “ახალი”, “გირჩი”, “დროა” პრემიერის თქმით, “ყველა ამ ლიდერს აქვს წარსული დაკავშირებული “ნაცმოძრაობასთან” და ყველა ამ პოლიტიკოსს აწმყოც “ნაცმოძრაობასთან” აქვს დაკავშირებული”. ცნობისათვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უძღვება კოალიციას “ერთიანობა – საქართველოს გადასარჩენად”, ხოლო “ახალი” “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი მთავარი პარტიაა.

პრემიერმა ასევე განავრცო, რომ აღნიშნული მოძრაობების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, ანუ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების კანონიერი ძალაუფლების მქონე ორგანოს ხელთ არ იყოს. ნაცვლად ამისა, “გამოძიება შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს, ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც აღნიშნულს შეისწავლის”.

კობახიძემ ასევე დაადასტურა, რომ საპარლამენტო მანდატების წართმევა ამგვარი აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. “არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის წევრი”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია „ფედერალისტები“ დააფუძნეს

„ევროპული საქართველოდან“ წამოსულებმა პარტია „ფედერალისტები“ წარადგინეს. ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაცია 15 აგვისტოს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდება განმარტა:

“რატომ ფედერალისტები? ახლახანს ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა. ერთდღიანი ფეისბუქ-მოთქმა ვნახეთ და ახასიათებს სათნოების სიგნალირება სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ყველას თავისი რეცეპტი აქვს, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში – იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, გინდა ბავშვის, გინდა მოზარდის, გინდა მოხუცის, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სიცოცხლის უფლების, თავიანთი თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების რეალიზაცია, ამისთვის საჭიროა, ეს თავსმოხვეული, ცენტრალიზებული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ჩვენი პრაიმერისი, რამაც ძველ ტიკებში ახალი ღვინის ჩასხმის ეფექტი გამოიწვია.” – თქვა მან.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე სექტემბერში გააკეთებენ განცხადებას: „ვიცით, დისკომფორტიც არის თქვენთვის ჩვენ მიერ არჩევნების გამოტოვება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საჭირო არ გახდეს“.

ჩერგოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია “ფედერალისტების” დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს. მათ პარტიის შიდაპარტიული პრაიმერი წააგეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.