ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში: “ამ პოლიტიკით ევროკავშირში ვერ შეხვალთ”
საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, სანამ არ გაუქმდება „აგენტების კანონი“ და არ შესრულდება ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია – ეს არის გერმანიის სამთავრობო კოალიციისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა დელეგაციის მთავარი გზავნილი.
6 სექტემბერს თბილისში, გერმანიის საელჩოში, პრესკონფერენცია გამართა ოთხმა გერმანელმა პარლამენტარმა, რომლებიც გერმანიის ოთხ მთავარ პარტიას წარმოადგენენ.
წინასაარჩევნოდ ჩამოსულმა იურგენ ჰარდტმა (ქრისტიან-დემოკრატები), ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატები), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატები) და დებორა დიურინგმა (მწვანეები) საქართველოში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.
ოთხივე პოლიტიკოსი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, ამავდროულად, თითოეული მათგანი თავისი პარტიის საგარეო პოლიტიკის სპიკერია.
პირველი სიტყვა სოციალ-დემოკრატების, ბუნდესტაგის ყველაზე დიდი ფრაქციისა და კანცლერ ოლაფ შოლცის პარტიის წარმომადგენელს, ნილს შმიდს ერგო.
„საკმაოდ უნიკალური შემთხვევაა, როცა ოთხივე ჩვენგანი ერთადაა საგარეო ვიზიტზე“, – თქვა ნილს შმიდმა.
სოციალ-დემოკრატ პოლიტიკოსს მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველოში ერთობლივად ჩამოსვლა გადაწყვიტეს როგორც ამჟამინდელი მმართველი კოალიციის სამივე პარტიის, ისე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა.
გერმანელი პარლამენტარების დელეგაციას ორი მთავარი გზავნილი ჰქონდა. პირველი – ისინი ელოდებიან, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „სამართლიან და თავისუფალ“ გარემოში ჩაივლის.
მეორე – გერმანელი პარლამენტარების თანახმად, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ბუნდესტაგის დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი თქვეს, რადგან ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას ესწრებოდნენ.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით “ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა”
საპატრიარქოსგან საპირისპირო გზავნილების ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით “ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა.”
ქართული ოცნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, თუმცა 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე პატრიარქმა და სინოდის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უარყვეს.
ივანიშვილმა ასევე დაამატა, რომ ქართული ოცნება ასევე გეგმავს არჩევნების შემდეგ წარადგინოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მიზნად მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის გამყარებას ისახავს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უკვე ხაზგასმულია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული როლი.
“გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.
იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს”, – განაცხადა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილის რწმუნების მიუხედავად, 29 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს პასუხი აშკარა იყო – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, შეხვედრაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი არც განხილულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცნობილია საქართველოს პატრიარქის, ილია II-ს მოსაზრებაც, რომელიც მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააჟღერა. კერძოდ, პატრიარქი მიიჩნევს, რომ ოცნების ინიციატივა დაჩქარებულად არ უნდა იყოს განხილული.
პრემიერ კობახიძის თქმით, სენატორი შაჰინი ტყუის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სენატორი შაჰინი ტყუის, როცა ამბობს თითქოს შეხვედრისას სთხოვა, აშშ-ს შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.
„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში მედიასთან საუბარში.
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა, თქვა, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენთან მაიკ ტერნერთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, შეერთებულ შტატებს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა იმ ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ.
„ისინი ირწმუნებიან, რომ ეს გამჭირვალობისთვისაა, მათ სურთ თვალი მიადევნონ თუ რა ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე, საერთოდ ნებისმიერ განსხვავებულ აზრთან დაპირისპირებაზე.
ერთი რამ, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ჩვენ მას შევხვდით – ჩვენ ვსაუბრობდით აშშ-სთან ურთიერთობებზე და ჩვენს შეშფოთებაზე ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით და იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას – მისი ერთი თხოვნა იყო რომ, ჩვენ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შეიძლება კრიტიკულები იყვნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ.
კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო, მან თქვა: „ესა დემოკრატიის არსი“, ის განსხვავებული აზრის ჩახშობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იქნება თქვენი საქმიანობის კრიტიკა, ეს დემოკრატიის არსის ნაწილია“, – თქვა შაჰინმა ინტერვიუში.
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში იმყოფებოდნენ 9-11 აგვისტოს. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან მათთან შეხვედრაზე უარი მიიღეს.

