ბიძინა ივანიშვილი: აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას ოსებს ბოდიში მოვუხადოთ

“დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ღრმად სწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომი, „გარედან დავალებით“, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გააჩაღა. უკვე თვეებია, ივანიშვილი საერთოდ აღარ ახსენებს რუსეთის დანაშაულს.

„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას კრიტიკულად გამოეხმაურენ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახები.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაწამები მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „2008 წლის 9 აგვისტო… ,,ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე“. იქვე კი ჰეშტეგია – „ბოდიში გიორგი“.

„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა?… ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!“, – დაწერა ფეისბუკზე 2008 წლის შინდისის ბრძოლის გმირის ემზარ წილოსანის მეუღლემ – თეო წილოსანმა.

ივანიშვილმა ამერიკიდან ელჩის გამოწვევა გადაწყვიტა – ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულას” ყოველკვირეული გადაცემა “დროებას” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეერთებული შტატების ელჩის დაბარების და ვაშინგტონისადმი ღიად გაჟღერებული მუქარის შემდეგ, ამერიკელების მხრიდან პირადად ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ შეერთებული შტატები კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.

ტელევიზიის ცნობით, სანქცირების შემდეგი ტალღის მოლოდინში ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, მთავრობას, ვაშინგტონიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ე.წ. “თავდაუსხმელობის აქტზე” ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება. გამოცემა წერს, რომ ეს სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთის ფედერაციის და ორივე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ითვალისწინებს სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება” წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, მათივე შეფასებით, ის “სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს”.

აშშ-მა შსს-ს მაღალჩინოსნები და პრო-რუსული პარტია “ალტ-ინფოს” ლიდერები დაასანქცირა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსი “ხარება”, იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პრო-რუსული პარტია “ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

“დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ზემოთ ხსენებული პირების ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებშია ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაბლოკილია და მოხსენებულია OFAC-თან (აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური).

ასევე, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს 60-ზე მეტ ქართველ პირსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან.

“სავიზო შეზღუდვაც არის დაწესებული და რაღაც მაგნიტსკის სიაში ხარო – მე ვერ გეტყვით, რომ ეს კომფორტულია და კარგია და პრობლემა არ არის, მაგრამ ამას ეშველება, ჩვენც გვაქვს ჩვენი სიები. ანგარიშები როცა არ გექნება, კომპანიებში მოძრაობა არ იქნება, პრობლემა თავისთავად იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის იყო მოსალოდნელი.” – თქვა “ალტ-ინფოს” ლიდერმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სანქციები ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.